ახალი საფეხბურთო კომპლექსი თბილისში
ახალი საფეხბურთო კომპლექსი თბილისში
24.10.2020
ავტორი: თ.ჯ.

კიდევ ერთი საფეხბურთო სივრცე, 24 ოქტომბერს, ოფიციალურად შეემატა თბილისს. გლდანში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონია გაიმართა .კომპლექსი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფას პროგრამა "ფორვარდის" დაფინანსებით აშენდა. გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონია, ალბათ გახსოვთ, რომ  2019 წლის ნოემბერში გაიმართა. დღეს, კი ახალ კომპლექსში, პირველი ამხანაგური მატჩიც ჩატარდა.  


„ეს საფეხბურთო ცენტრი გლდანში არსებულ საფეხბურთო სკოლებს საშუალებას მისცემს მოწესრიგებული და გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლონ. ადგილზე გვაქვს სტანდარტული მოედანი, ადმინისტრაციული შენობითა და გასახდელებით, განათებით, ტრიბუნითა და მინი მოედნით", - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა, სფფ-ს პრეზიდენტმა.


პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყო ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული და მინი მოედნები განათებით, ტრიბუნითა და ადმინისტრაციული შენობით. გლდანის საფეხბურთო ცენტრის გამოყენებას ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად, ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები სრულიად უფასოდ შეძლებენ.


ალბათ აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ ბოლო წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რეგიონებსა და დედაქალაქშიც რამდენიმე მსგავსი პროექტი დაასრულა. ლევან კობიაშვილის ინფორმაციით ახლო მომავალში, ვაკის საფეხბურთო ცენტრის გახსნა. პარალელურად კი, ახალი პროექტები იწყება დიდ დიღომში და ნუცუბიძის პლატოზე.


დედაქალაქში, ასეთი სპორტული ინფრასტრუქტურის არსებობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობამ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობა, რომელიც ქართველებს თანდაყოლილი გვაქვს, გამოავლინოს და განავითაროს. ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანია მათი ხელშეწყობა, მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა. მართალია, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი ვერ გამოვა, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა აუცილებელია", - ამბობს კახა კალაძე, თბილისის მერი.


შეგახსენებთ, რომ სწორედ, მსგავსმა კომპლექსმა 2020 წელს ქალთა ლიგის 2020 წლის გათამაშების თბილისურ მატჩებს უმასპინძლა. შესაბამისად, ახალი კომპლექსი, აღნიშნული გათამაშების ნაწილს უმასპინძლებს. თუმცა, ისევე, როგორც სფფ-ს ეგიდით მიმდინარე სხვადასხვა ლიგის თბილისურ მატჩებს. გლდანის კომპლექსის გახსნის ცერემონიის შემდეგ, კი, ამ მოედანზე ვეტერანთა და გლდანის რაიონის საფეხბურთო გუნდების ამხანაგური მატჩი გაიმართა.