„დინამო თბილისი" პირველ ვარჯიშს ბრიტანული დროით 18:00 გამართავს
„დინამო თბილისი" პირველ ვარჯიშს ბრიტანული დროით 18:00 გამართავს
16.09.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დილა, ჩესტერულ „ქარდენ პარკში" სასიამოვნო სიგრლითა და ნისლით დაიწყო. „დინამო თბილისი" ოფიციალურ ვარჯიშს, ხვალიდნელი მატჩის წინ, ადგილობრივი, ბრიტანული დროით, 18:00 საათზე გამართავს.


ამავე დროს, უეფა-ს წარმომადგენელთა გადაწყვეტილებით დაიწყება 17 სექტემბრის მატჩიც, რომელიც თავდაპირველად ბრიტანული დროით 19:00 საათზე იყო ჩანიშნული. თუმცა, მატჩის დაწყების დრომ, ერთ საათით წინ გადმოიწია.


დინამოელთა ხვალინდელი მეტოქის, „ქონას ქი ნომედსის" ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება უეფა-ს წარმომადგენლებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც მასპინძელი სტადიონის განათებამ, ვერ დააკმაყოფილა ევროპული ფეხბურთის მოთხოვნილებები. თუმცა, გაერთიანებულ სამეფოსი, ასეც და ისეც, ამ დროს უკვე გვარიანი სიბნელეა.


ამავე გვერდის ინფორმაციით, 17 სექტემბრის დაპირისპირების სტრიმს Tagg Media განახორციელებს და მისი ხილვა, სოციალური ქსელებით იქნება შესაძლებელი. TSFF.Ge-სთვის არსებული ინფორმაციით, სტრიმის ბმული საქართველოს ჩემპიონის გვერდზეც განთავსდება და ფეხბურთის ქართველ მაყურებელს უელსულ-ქართული, რიგით მესამე დაპირისპირების ხილვა შეეძლება.


შეგახსნებთ, რომ „დინამო თბილისი" უელსურ გუნდს, უეფა-ს ევროთასებზე მესამედ შეხვდება. თბილისელთა მდიდარ საევროთასო ისტორიაში ჩვენი გუნდი უელსელებს პირველად 1976 წელს უეფას თასების მფლობელთა თასის 1/16 ფინალში შეხვდა. 15 სექტემბერს „კარდიფ სიტიმ",  ადრიან ალსტონის გოლით 1-0 მოუგო დინამოს. საპასუხო შეხვედრაში კი, 29 სექტემბერს რეკონსტრუირებულ და განახლებულ დინამო არენაზე 100 000 გულშემატკივრის თანდასწრებით დინამოელებმა 3-0 დაჯაბნეს მეტოქე. გოლები ვლადიმერ გუცაევმა, დავით ყიფიანმა და ფირუზ კანთელაძემ (პენ) გაიტანეს.


ვალიელებთან გზა მეორედ 2011 წელს გადაიკვეთა. უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში „დინამო",  „ლანელის" შეხვდა. 14 ივლისს პარკ ი სკარლეთსის სტადიონზე, მასპინძლები ჯორდან ფოლოუსის გოლებით დაწინაურდნენ, თუმცა დავით ოდიკაძემ ზუსტი თერთმეტმეტრიანი დარტყმით, ერთი გოლი გაქვითა 2-1. საპასუხო მატჩში, საკუთარ კედლებში, „დინამო თბილისმა", 21 ივლისს ითამაშა. იმ დღეს, თბილისელებმა მეტოქეს 5-0 აჯობეს. აღსანიშნავია, რომ „დინამოს" ფორმით თავისი სადებიუტო გოლები ჩისკო მუნიოსმა გაიტანა. „ლანელის" კარი ასევე ალბერტ იაგუემ, რობერტინიომ და კარლეს კოტომ აიღეს.


უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩი ქონას ქი ნომედსის წინააღმდეგ 17 სექტემბერს რექსემში შედგება. მატჩი რეისქურს გრაუნდზე თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.


საქართველოს ჩემპიონი უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის სათამაშოდ, გაერთიანებულ სამეფოში, გუშინ, 15 სექტემბერს, თბილისის დროით, 22:00 საათზე, ავიაკომპანია "მაივეის" ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა.