„დინამო თბილისი“ ლივერპულის გავლით ჩესტერში დაბინავდა
„დინამო თბილისი“ ლივერპულის გავლით ჩესტერში დაბინავდა
15.09.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ჩემპიონი, უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის სათამაშოდ დიდ ბრიტანეთში 20 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრა.


საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი", ჩვენი დროით 22 საათზე, ლივერპულში, ჯონ ლენონის აეროპორტში, ავიაკომპანია „მაივეის" ჩარტერული რეისით ჩაფრინდა. ბრიტანეთი ქართულ კლუბს, რომელიც ზუსტად 41 წლის შემდეგ ამ ქალაქში დაბრუნდა, წვიმით დაგვიხვდა. თუმცა, „დინამო თბილისმა", ამჯერად ლივერპულის აეროპორტიდან გზა ჩესტერში გააგრძელა და სასტუმრო „ქარდენ პარკში" დაბინავდა.


მსოფლიოში კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო და უშუალოდ ბრიტანეთში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, დინამოელები, უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდისთვისაც ამ წესების შესაბამისად მოემზადებიან.  ჩვენ შევეცდებით, ხვალინდელი დღის პერიპეტიებზე პერმანენტულად მოგაწოდოთ ინფორმაცია.


შეგახსენებთ, რომ მატჩი, უელსის კლუბ „ქონას ქეი ნომედსა" და „დინამო თბილისს" შორის 17 სექტემბერს,  ქალაქ რექსემში,  იმ სასტუმროდან სადაც დინამოელები დაბინავდნენ 10 მილის მოშორებით, უნიკალურ „რეისკურს გრაუნდზე" შედგება, თუმცა, უეფა-ს რეგულაციების შესაბამისად, მატჩზე გულშემატკივარს არ დაუშვებენ. თამაში, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.