გულშემატკივრის სტადიონზე დასწრების პროტოკოლი შედგენილია
გულშემატკივრის სტადიონზე დასწრების პროტოკოლი შედგენილია
29.07.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სფფ-ს პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის მიერ 21 ივლისს გაკეთებული განცხადების შემდეგ, საფეხბურთო საზოგადოება ელის, რომ უკვე აგვისტოდან საქართველოს სტადიონებზე გულშემატკივარი თამაშებზე COVID 19-ის პროტოკოლის შესაბამისად დასწრებას შესძლებს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ შესაბამისი პროტოკოლი არ იყო გამოქვეყნებული, არც ის კონკრეტული თარიღი სახელდებოდა, როდესაც გულშემატკივრისთვის ტრიბუნებზე შესვლა ნებადართული გახდებოდა.  


რამდენიმე საათის წინ, ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ კორონა-ვირუსთან დაკავშირებული ვითარებიდან გამომდინარე, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი პროტოკოლი შეიმუშავა. როგორც მთელი რიგი საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას, საფეხბურთო სტადიონებზე გულშემატკივარი შემდეგი წესების დაცვით დაიშვება:


- ტრიბუნებზე დასაჯდომი ადგილის 33% უნდა იყოს დაკავებული;

- გულშემატკივრისთვის განკუთვნილი სკამები შესაბამისად უნდა იყოს მონიშნული;

- გულშემატკივარი ერთმანეთისგან 2-2 სკამის გამოტოვებით უნდა განთავსდეს;

- შიდა დახურულ საჯარო სივრცეებში აუცილებელია პირბადის გამოყენება;

- შეჯიბრის მონაწილეთათვის და დამსწრეთათვის სავალდებულოა ხელის ჰიგიენა;

- ხელის ჰიგიენის საშუალება არ უნდა იყოს 70%-იან სპორტის შემცველ ხსნარზე ნაკლები;

- შეჯიბრში მონაწილეებმა მინიმალურად უნდა გამოიყენონ საერთო სპორტული ინვენტარი, გარდა ბატუტისა და ბურთისა;

-  მატჩის შემდგომ უნდა ჩატარდეს დასაჯდომი ადგილების დეზინფექცია;

- უნდა იყოს გაკრული აბრები ყველასთვის, რომ არ ჩამოართვან ხელი ერთმანეთს და დაიცვან დისტანცია;

- გულშემატკივრები სტადიონზე შესვლამდე თერმო-სკრინინგს გაივლის.


აღნიშნული რეკომენდაციებით ჩატარდება შეჯიბრები სპორტის სხვა სათამაშო სახეობებშიც: კალათბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მერვე ტური 31 ივლისიდან იწყება. ამ ტურის პირველი მატჩი თელავში ჩატარდება და ადგილობრივი „თელავი" თბილისის „მერანს" უმასპინძლებს. ტურის დანარჩენი შეხვედრები უკვე, აგვისტოს პირველ რიცხვებში ჩატარდება. შესაბამისად, თუკი, გულშემატკივართა დასწრების პროტოკოლი მე-8 ტურიდან ამოქმედდება, საყვარელი გუნდის თამაშზე დასწრებას, პოსტ-კოვიდურ საქართველოში, პირველად თელაველი ქომაგი მოახერხებს.


შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის განახლების შემდეგ თამაშებზე მედიის შეზღუდული რაოდენობა დაიშვებოდა. მე-6 ტურიდან, მედიის წარმომადგენლებს უფლება დართეს თამაშების დასრულების შემდეგ კომენტარების ჩაწერაზე. მე-7 ტურიდან, კი არენაზე ფოტო-ჟურნალისტები დაუშვეს.