გაჭიანურებული „სამაშველო“ ოპერაცია ქუთაისში
გაჭიანურებული „სამაშველო“ ოპერაცია ქუთაისში
27.07.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ერთი კვირის წინ, ორშაბათს, 20 ივლისს, ქუთაისის „ტორპედოში" სჯეროდათ, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე იტალიელი ინვესტორისადმი კლუბის გადაცემის საკითხი დადებითად გადაიჭრებოდა. ეს, კრიზისში შესულ იმერეთის ყველაზე ტიტულოვან საფეხბურთო კლუბს იმედის რეალურ საფუძველს მისცემდა. თუმცა, თემა, კვლავ გადაიდო და ტორპედოელებიც მორიგ „წრეზე" წავიდნენ.


ქუთაისის „ტორპედოს" გენერალური დირექტორის, თემურ ჩეჩელაშვილის განცხადებით, რომელსაც ქუთაისური კლუბის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს, ჯერ კიდევ გაურკვეველია ქალაქის ტერიტორიაზე 50000 კვადრატული მეტრის გამოყოფის და იტალიელი ინვესტორისთვის ფაბიო მანინოსთვის გადაცემის საკითხი, სადაც იტალიელი 50 000 000 ლარზე მეტი ინვესტიციის ჩადებას გეგმავს და სადაც, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, სამედიცინო ცენტრი, ასევე ორი საფეხბურთო მოედანი აკადემიისთვის და დიდი აუზის აშენება იგეგმება. ამ ყველაფერს კი, „ტორპედოს" სახელი დაერქმევა. თუმცა, ეს გეგმა, გეგმად რჩება დაახლოებით 2020 წლის ზამთრიდან მოყოლებული და როგორც ჩანს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ჩაურევლად, ქუთაისის ხელისუფლება პრობლემის გადამჭრელი არაა.


„იყო მოლაპარაკება, მაგრამ ჯერ არაა გადაწყვეტილი, რომ ქუთაისში გამოიყოს ტერიტორია (50 000 m²), რომელსაც ფაბიო მანინოს სიმბოლურ ფასად გადასცემენ. საკითხს ქალაქის მერია ვერ წყვეტს - საბოლოო სიტყვა ეკონომიკის სამინისტროზეა. არაა აუცილებელი ეს ქალაქის ცენტრში იყოს: რამდენიმე ადგილი მოძიებულია და ნანახიც აქვს", - ამბობს თემურ ჩეჩელაშვილი.  


„ტორპედოს" ხელმძღვანელობის ოფიციალური ვერსიით, პირველი და უმთავრესი პრობლემა, რის გამოც კლუბი დღემდე არ გადაეცა იტალიელ ინვესტორს, კორონა ვირუსია - „ამის გამო ფრენები აიკრძალა, მაგრამ არის სხვა პრობლემებიც". მათივე ინფორმაციით, პროცესებში ჩართულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სხვათა შორის TSFF.GE-საგან დავამატებთ, რომ სფფ-მ დაკისრებული მისია, შეეცვალა იმ მოედნის საფარი სადაც „ტორპედო" საშინაო თამაშებს ატარებს, შესრულებულია და გუნდი, ერთწლიანი შესვენების შემდეგ, საშინაო თამაშებს მინდვრის ჩინებულ საფარზე ატარებს. სხვა თემაა, სტადიონის ინფრასტრუქტურის იმ ნაწილის კვლავ არასახარბიელო მდგომარეობა, რომლის გამოსწორებაც ადგილობრივ მერიას უნდა ეთავა და რომლის თაობაზეც ჩვენ არაერთხელ დაგვიწერია), ფეხბურთის განვითარების ფონდი, ქალაქის მერი, ასევე გუბერნატორიც (კვლავ ჩვენი გვერდის მცირე კომენტარი - ბოლო ორ სტრუქტურასთან დაკავშირებით, ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს).


როგორც ირკვევა ქართული და იტალიური მხარეები შუალედურ შეთანხმებამდე მივიდნენ და ორშაბათიდან, კვირის ბოლომდე, ყველა ის ვალდებულება უნდა შესრულდეს, რომელიც ქართულმა მხარემ აიღო. ამის შემდგომ შემდეგ „ტორპედო" იტალიურ მხარეს გადაეცემა. არაა გამორიცხული, რომ ეს პროცესი დისტანციურადაც კი განხორციელდეს.


ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც ქართულმა მხარემ უნდა შესრულოს, კლუბის წარმომადგენელთა მიმართ არსებული დავალიანებებია. მათ შორის არის „ტორპედოს" ყოფილი თავდამსხმელის რიჩარდ ლუკას საჩივარი, რომელიც ფეხბურთელმა ფიფა-ს სადისციპლინო კომიტეტში იჩივლა და ფიფა-მაც ქართულ გუნდს სატრანსფერო ბანი დაადო, რომელიც მხოლოდ, დავალიანების გასტუმრების შემდეგ გაბათილდება.


ამასობაში, „ტორპედო" სატურნირო ცხრილში, მისთვის უჩვეულო, ბოლოდან მეორე ადგილზეა და „დინამო თბილისთან" ფრეს შემდეგ, ორი ტურია დიდი ანგარიშით აგებს. ამჯერად, ქუთათურებმა, „საბურთალოსთან" 0-4 წააგეს.  


„საბურთალოსთან" მატჩამდე ბევრი რამ მოხდა: ტრავმა მიიღო ირაკლი ძარიამ, იჯარის წესით გვყავს ცოტნე ნადარაია და მას „საბურთალოსთან" თამაშის უფლება არ ჰქონდა. სატრანსფერო ბანის გამო ვერ დავარეგისტრირეთ სამი ახალწვეული. თორნიკე გრიგალაშვილს კი, დისკვალიფიკაცია ჰქონდა. ნახევარი გუნდი არ იყო, რამაც პრობლემები გამოიწვია. მაგალითად, მცველად შემტევმა ნახევარმცველმა ითამაშა. წესით, შემდეგი მატჩისთვის ოლეგ მამასახლისის, ბექა ტუღუშისა და ლუკა ქაფიანიძის დარეგისტრირებას შევძლებთ. დაბრუნდება გრიგალაშვილიც. ერთადერთი ძარია გვრჩება ტრავმირებული",  - ამბობს თემურ ჩეჩელაშვილი.


მომდევნო ტურში, „ტორპედო" თბილისში, „ლოკომოტივის" წინააღმდეგ ითამაშებს. შესაბამისად, თუ ქუთაისური კლუბის ხელმღვანელობის გამოუსწორებლად ოპტიმისტურ განწყობას დავუჯერებთ, სწორედ, ამ კვირაში უნდა დაიწყოს, ტორპედოელთა პრობლემების მოგვარებებისთვის აუცილებელი პირველი ნაბიჯები.



სკ "ტორპედოს" ფოტო