ზივზივაძე უნგრეთის საუკეთესო ბომბარდირობას უმიზნებს
ზივზივაძე უნგრეთის საუკეთესო ბომბარდირობას უმიზნებს
10.07.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უნგრეთის ჩემპიონატში ჩატარებული 40 მატჩი, 11 გოლი და 7 საგოლე გადაცემა გახდა იმის მიზეზი, რომ ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, „მეზოკოვეშიდან" ქვეყნის ვიცე-ჩემპიონ გუნდში დაწინაურებულიყო. როგორც ზივზივაძის ახალი გუნდის „ფეჰერვარშის" (ვიდი-ს) ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება გუნდს, უნდოდა ისეთი ფეხბურთელით გაძლიერება, რომელსაც გოლების გატანა შეეძლო, იყო ზრდასრული ასაკის და ჰქონდა საერთაშორისო სათამაშო გამოცდილება. ამას გარდა, ბუდუს ახალი კლუბის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ქართველი წინა ხაზზე საგოლე სიტუაციებსაც კარგად შექმნის და ვიდი-ს გამოადგება.


„კონკურენცია რა თქმა უნდა იქნება. დიდი გუნდია და თითო პოზიციაზე 3-4 მოთამაშე მოდის. ამისთვის მზად ვარ და ჩემს შანსებს გამოვიყენებ", - ამბობს ბუდუ ზივზივაძე ჩვენთან საუბარში. უნგრული კლუბის საიტი კი ბუდუსთან ინტერვიუს იმ ფრაგმენტს აქვეყნებს, სადაც, ქართველი ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ ახალ კლუბშიც შეეცდება გააგრძელოს გოლების გატანაც და საგოლე გადაცემებიც ჩაიწეროს სათვალავში. ქართული ეროვნული ჩემპიონატის 2-გზის ბომბარდირი უნგრეთშიც ფიქრობს მსგავსი შედეგის გამეორებას.

შეგახსენებთ, რომ ქართველს ძველ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი ჰქონდა, შესაბამისად, ახალს ზივზივაძის გამოსყიდვა მოუხდა.


„ახალ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი მაქვს. გამოსასყიდი თანხა გადაუხადეს „ფეჰერვარშის". როგორც ვიცი, ეს თანხა არის 500 000. გეგმებს რაც შეეხება, ეს გუნდი, ყოველთვის იბრძვის ჩემპიონობისთვის. ასევე, თასზეც გვინდა, რომ წარმატებას მივაღწიოთ და ევროპა ლიგაზეც, სადაც გვიწევს გამოსვლა. გუნდში, ახალი სეზონისთვის ვარჯიშები დაიწყება 20 ივლისიდან. უნგრეთის ჩემპიონატი კი 15 აგვისტოს იწყება. შესაბამისად, ჩემპიონატის დაწყებამდე გვექნება 3 კვირიანი შეკრება, 25 დღე", - ამბობს ბუდუ ზივზივაძე, TSFF.GE-სთან საუბარში.


უნგრეთის ახალი ჩემპიონატის დაწყებასთან ერთად, ბუდუ ზივზივაძის ახალ გუნდს უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევს თამაში. ასპარეზობაში გუნდი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან, 27 აგვისტოდა ჩაერთვება. ასე, რომ არაა გასაკვირი, მისი გუნდი, ევროპულ საკლუბო სარბიელზე, ქართველთა რომელიმე კლუბს გადაეკვეთოს.




2019-2020 სატურნირო ცხრილი