ბურჯანაძის 7 ქულა და გრან კანარიას პირველი გამარჯვება ესპანეთის ფინალურ ტურნირში
ბურჯანაძის 7 ქულა და გრან კანარიას პირველი გამარჯვება ესპანეთის ფინალურ ტურნირში
20.06.2020
ავტორი: ი.პ.

ესპანეთის ჩემპიონატის ფინალური ფაზის პირველი გამარჯვება მოიპოვა ბექა ბურჯანაძის "გრან კანარიამ", რომელმაც ქართველი ფორვარდის ყოფილი კლუბი "ანდორა" დაამარცხა. კუნძულელებმა ანდორელები დიდი შესვენებისთვის 15 ქულით ჩამოიტოვეს და დარჩენილ დროში ლიდერობის შენარჩუნება აღარ გასჭირვებიათ.


საბოლოოდ "გრან კანარიამ" 104:88 გაიმარჯვა, რაშიც თავისი წილი ქართველმა ფორვარდმაც დაიდო. ბურჯანაძე სათადარიგო იყო და მოედანზე 16:36 წუთით გამოჩნდა. ბექამ 1 ორქულიანი ზუსტად შეასრულა, 1 სამიანი ააცილა და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ ბურჯანაძის ანგარიშზე 7 ქულა, 3 პასი და 1 მოხსნა დაგროვდა. გამარჯვებულებს 38 წლის ომარ კუკმა ულიდერა, რომელმაც 21 ქულა და 10 პასი მიითვალა. 


"გრან კანარიას" ესპანეთის ჩემპიონატის დასკვნით, ორკვირიან გათამაშებაში თითო მოგება-წაგება აქვს, მომდევნო მატჩს კი "ბურგოსთან" 22 ივნისს გამართავს. 21-ში გიორგი შერმადინის "ტენერიფე" "ბილბაოს" დაუპირისპირდება, თორნიკე შენგელიას "ბასკონია" - "ბარსელონას".