საქართველოში ფეხბურთი ეტაპობრივად დაბრუნებას იწყებს
საქართველოში ფეხბურთი ეტაპობრივად დაბრუნებას იწყებს
27.05.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


საქართველოში, საფეხბურთო სეზონი სავარაუდოდ ივლისიდან განახლდება. საფეხბურთო წრეებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2020 წლის სეზონი, შეზღუდული მასშტაბებით, მაგრამ მაინც ჩატარდება. მაგალითად, ქალთა ლიგა, რომელიც წელს მეხუთედ უნდა გამართულიყო, მის ჩასატარებლად ფედერაცია განახლებული ფორმით ემზადებოდა, ხოლო ათვლის წერტილი 2020 წლის 30 მარტი იყო, კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებით გამო, ფორმას კიდევ ერთხელ იცვლის. თუმცა, ქალთა ლიგის ჩატარებას ჩაშლის საფრთხე არ ემუქრება.




ჩვენი გვერდისთვის ხდება ცნობილი ინფორმაცია, რომ ქალთა ლიგაში მონაწილეობის სურვილი ე.წ. კარანტინამდე, 14 გუნდს ჰქონდა გამოთქმული. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სეზონში, მხოლოდ 10 გუნდი მონაწილეობდა და გათამაშება 2 წრედ ჩატარდა. ახალი, რიგით მე-5 ჩემპიონატი კი, ერთ წრედ, შესაბამისად 13 ტურად ჩატარდება და დიდი ალბათობით, 2020 წლის აგვისტოს მეორე დეკადიდან დაიწყება. თუმცა, აქაც ერთი მომენტია გასათვალისწინებელი, რომელიც უეფა-ს გადაწყვეტილებასთან არის პირდაპირ კავშირში. იმ შემთხვევაში, თუკი უეფა, ქალთა შორის ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის გათამაშების შესახებ ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდება, არაა გამორიცხული, რომ საქართველოს ქალთა ჩემპიონატი ცოტათი ადრეც დაიწყოს. საქმე ისაა, რომ ქალთა შორის საქართველოს მოქმედ ჩემპიონს „ლანჩხუთს" უეფა-ს ამ პრესტიჟულ ქალთა ტურნირზე უწევს ასპარეზობა.  შესაბამისად, თუკი საკვალიფიკაციო ჯგუფური ტურნირის საქართველოში „წამოღება" ვერ მოხერხდა, მაშინ ქართულ კლუბს უცხოეთში მოუწევს გამგზავრება. აქვე, შეგახსენებთ, რომ შარშანვე გათამაშდა საქართველოს თასი ქალთა შორის, რომლის გამარჯვებულიც ასევე, „ლანჩხუთი" გახდა.



რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ წვრთნის პროცესი რამდენიმე ქართულმა გუნდმა განაახლა. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის „დინამო თბილისის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა ცნობა, რომ დინამოელებმა დიღმის ბაზაზე, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად დაიწყეს ვარჯიში.


ასევე ცნობილი გახდა, რომ სავარჯიშო პროცესი განაახლეს, კიდევ ერთმა თბილისურმა კლუბმა „ლოკომოტივმა" და ბათუმის „დინამომ". შეგახსენებთ, რომ თბილისის „საბურთალოსთან" ერთად, სწორედ, ზემოთხსენებულ სამ კლუბს, 2020-2021 წლების უეფა-ს ევროტურნირებზე მოუწევს თამაში, რომელიც ამ ფორმატი, წელს ბოლოჯერ გაიმართება.


მიმდინარე კვირის დასაწყისში, ეროვნული ლიგის შესახებ ისაუბრა სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმაც. მისი თქმით, ამ ეტაპზე ფედერაციისთვის პრიორიტეტი „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" განახლებაა, რათა, ევროტურნირებამდე გუნდებმა,  რაც შეიძლება მეტი ოფიციალური მატჩის ჩატარება მოახერხონ.


„დღევანდელი, პოზიტიური გათვლით ვფიქრობთ, რომ თუ სრულფასოვანი საწვრთნელი პროცესის აღდგენა მალე მოხდება, ივნისის ბოლოს, ივლისის პირველ კვირაში, მაშინ, როდესაც ევროტურნირები უნდა დაწყებულიყო, ტურნირის განახლება შესაძლებელი იქნება. გუნდები უკვე ვარჯიშობენ, თუმცა შეზღუდვებით. რაღაც პერიოდის მანძილზე სამწუხაროდ, ვარჯიში ასე მოუწევთ. ამ და სხვა საკითხებზე ყველა კლუბთან ოთხშაბათს ვისაუბრებთ" - აღნიშნა დავით მუჯირმა ერთ-ერთი ქარულ ტელე-არხის გადაცემაში.




ეროვნული ჩემპიონატის განახლებაზე ისაუბრა, კიდევ ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმაც.


„სამწუხაროდ, ტურნირის ფორმატის ცვლილება მოგვიწევს. სავარაუდოდ, დღევანდელი მოცემულობით, ეროვნული ლიგა ორ წრედ ჩატარდება. პრობლემა არის ის, რომ კვირში ორ მატჩსაც ვერ ჩავატარებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ევროთასებმა გადაიწია და აგვისტოდან იწყება. ყველა კვირის შუა დღეები, უეფას ეკუთვნის. ეს ნიშნავს, რომ კალენდარი ფიზიკურად ვერ დგება. ამას ემატება სანაკრებო პაუზებიც. შესაბამისად, თამაშების რაოდენობა ვერ გაიზრდება", - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.


ეროვნული ლიგის „განახევრების" პარალელურად, საფეხბურთო წრეებში იმაზეც საუბრობენ, რომ 2020 წელს, სამწუხაროდ, ვერ ჩატარდება ლიგა 3 და ლიგა 4, ასევე ჭაბუკთა ლიგის გათამაშებები. რაც შეეხება დანარჩენებს, აქ ისევ, სატელევიზიო გამოსვლიდან ფრაგმენტს მოვიშველიებთ, კობიაშვილმა განაცხადა, რომ ფედერაციას ყოველკვირეულ რეჟიმში კავშირზეა კლუბებთან, აწვდის მათ შესაბამის ინფორმაციას. პარალელურად, ქართული ფეხბურთის მთავარი ოფისი, ხაზზეა შესაბამის სამინისტროსთან და ქვეყნის მთავრობასთან, რაც საშუალებას აძლევს მათ, რომ შესაბამისი პროტოკოლის (რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა) მიღების შემდეგ, ყველა ნიუანსის დაცვით, საქართველოში, საფეხბურთო სეზონის განახლება გახდება შესაძლებელი.




„თითოეული ფეხბურთელის ტესტირებას ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. დარწმუნებული რომ ვიყოთ და ყველაფერი თავიდანვე გამოვრიცხოთ. ამასთან ერთად, ფეხბურთის ფედერაცია  ეროვნული ლიგის ყველა გუნდს ასევე უზრუნველყოფს საკარანტინო ბაზებით, ამის რესურსი გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ გუნდი ჩაიკეტება ბაზაზე, ტერიტორიას არავინ  დატოვებს,  გამოყოფილი იქნება ინდივიდუალური ოთახებიც. მოედნები, სწორედ საკარანტინო ბაზებთან არსებობს. 2 კვირის განმავლობაში ასეთი რეჟიმში ვიქნებით, შემდეგ ტესტირება იქნება და როდესაც დავრწმუნდებით, რომ ყველაფერი კარგადაა, გუნდური ვარჯიშებიც შედგება", - ამბობს კობიაშვილი.


ყოველივე ამის პარალელურად, საფეხბურთო წრეებში საუბრობენ, რომ თავდაპირველად და სავარაუდოდ იმ პროტოკოლის შესაბამისად, რომელზე სფფ-ს პრეზიდენტიც საუბრობდა, თამაშები მაყურებლის გარეშე, სავარაუდოდ ივლისის პირველი რიცხვებიდან ჩატარდება.


სტატიაში გამოყენებულია სფფ-ს ფოტოები