ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ინტერესების გამო სასამართლო პროცესამდე განცხადებას არ აკეთებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ინტერესების გამო სასამართლო პროცესამდე განცხადებას არ აკეთებს
24.05.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


რამდენიმე წუთის წინ, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა:


„ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ.

 

რაც შეეხება, 22 მაისს, განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე, ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემ შვილთან, განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ" - წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის  ოფიციალურმა ფეისბუქ-გვერდმა, დღეს, დღის ბოლოს, ჩოგბურთელის ოჯახის განცხადება გამოაქვეყნა:


„გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ ბრალდებებს, რომლებიც დღეს ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით გაჟღერდა.

 

პირველ რიგში, გვინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ იმ ცრუ ბრალდებების გამო, რაც ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით ისმის.

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა, ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი განქორწინებაში იმყოფებიან. ნელი დოროყაშვილი, განქორწინებაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად განქორწინება სასამართლოს გზით, გარიგების საფუძველზე მოხდა. ნიკოლოზს ყოფილ მეუღლესთან არანაირი კონტაქტი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არ ჰქონია გარდა ბავშვის მეურვეობისა.

 

ნელი დოროყაშვილმა, განქორწინების შემდგომ, ასევე უსაფუძვლოდ, ბავშვზე ძალადობის ბრალდებით უჩიოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას. საჩივარი სასამრთლომ განიხილა, და ბასილაშვილის დედა გაამართლა.

 

რაც შეეხება 21 მაისის შემთხვევას, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას. მიუხედავად ამისა, მის მიმართ არანაირი ძალადობის არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა. საბედნიეროდ, ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს და მას სასამართლო 2020 წლის 16 ივლისს განიხილავს.

 

სასამართლო პროცესი გრძელდება. გვჯერა, რომ ნიკოლოზი უდანაშაულობას სამართლებრივი გზით ძალიან მალე დაამტკიცებს".


ნიკოლოზ ბასილაშვილი, ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ, ჩოგბურთელს, ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.


მოგვიანებით, სასამართლომ ბასილაშვილს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. წინა სასამართლო სხდომა საქმეზე 16 ივლისს ჩაინიშნა.