ქართულმა გუნდებმა ლიცენზიები მიიღეს
ქართულმა გუნდებმა ლიცენზიები მიიღეს
16.05.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მამაკაცთა ოთხმა და ქალთა ერთმა საფეხბურთო კლუბმა უეფა-ს 2020-2021 წლების საფეხბურთო სეზონის ლიცენზიები მიიღო. კორონა ვირუსის პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თითქმის ორი თვის მანძილზე უეფა-ს ლიცენზირების კომიტეტსა და ქართულ მხარეს (კლუბებისა და ფედერაციის წარმომადგენლები) შორის სამუშაო პროცესი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.


სფფ-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, 2020-2021 წლების სეზონზე ევროტურნირებში მონაწილეობისთვის საჭირო ლიცენზია მიიღო ოთხივე ქართულმა კლუბმა: „დინამო თბილისმა", ბათუმის „დინამომ", თბილისის „საბურთალომ" და თბილისის „ლოკომოტივმა".


აღსანიშნავია, რომ ბათუმურმა კლუბმა, ევროპა ლიგის თამაშების მასპინძელ სტადიონად ბათუმის ახალი სტადიონი მიუთითა.  მიუხედავად იმისა, რომ ახალ სტადიონზე ამ მომენტშიც მიმდინარეობს მთელი რიგი შიდა სამუშაოები, უეფა-ს საკლუბო ტურნირის ახალი სეზონისთვის, ის სრულ მზადყოფნაში იქნება.


2020-2021 წლების უეფა-ს საკლუბო ტურნირების სეზონზე, ერთდროულად 3 თბილისურ კლუბს, „დინამო თბილისს", „საბურთალოსა" და „ლოკომოტივს" უწევს ასპარეზობა. ტრადიციულად ყოველგვარი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მასპინძელი სტადიონის საკითხი. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე დინამოელები სახლში, „დინამო არენაზე" ითამაშებენ.


რაც შეეხება „საბურთალოს" და „ლოკომოტივს", ორივე სტადიონს მთავარ საასპარეზო არენად მ. მესხის სახელობის სტადიონი აქვს დასახელებული,  სათადარიგოდ - „დინამო არენა". უეფა-ს ევროპის საკლუბო ტურნირების საერთო რეგულაციიდან გამომდინარე კი, ერთ სტადიონზე დაგეგმილ თამაშებს შორის 48 საათი უნდა იყოს სხვაობა. შესაბამისად, თუ წილისყრით დედაქალაქის სამივე გუნდს თამაშების მასპინძლობა ერთსა და იმავე დროს მოუწია, აქ უეფა-ს საშეჯიბრო განყოფილება ალგორითმების დახმარებით დაარეგულირებს თამაშების განრიგს.


და ბოლოს, სფფ-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, წელს პირველად, უეფა-მ ქალთა შორის ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე საფეხბურთო კლუბების ლიცენზირება ჩაატარა, რომელიც ქსკ „ლანჩხუთმა" წარმატებით გაიარა. შეგახსენებთ, რომ „ლანჩხუთმა", 2019 წლის სეზონზე დუბლი შეასრულა და მოიგო, როგორც ქვეყნის ჩემპიონატი, ასევე თასის გათამაშება.