აწმყო შობილი წარსულისაგან
აწმყო შობილი წარსულისაგან
13.05.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უკვე 39 წელია ვაღიარებთ ამას თუ არა, ქართული ფეხბურთი და განსაკუთრებით კი ასაკოვანი გულშემატკივარი, 1981 წლის 13 მაისის ჩრდილშია და წარსულზე ჩაბღაუჭებული რეალურად არ ფიქრობს, ამ ჩრდილის მიღმა, როგორ შეიძლება ცხოვრება გაგრძელდეს. 13 მაისის „გაუქმებას" ითხოვს კიდევ მეორე კატეგორია, რომელიც ალბათ, უფრო კონკრეტული კლუბის, „დინამო თბილისის" სტატუსს არ და ვერ ეგუება, განსაკუთრებით ბოლო წლებია. თუმცა, ნაკლებად ეძებს „დინამო თბილისის" სტაბილურობის რეალურ მიზეზს და არც იმ აუცილებლობის დანახვას ცდილობს, რომელიც შესაძლოა სხვა ქართულ კლუბებსაც სტაბილურებს და რენტაბელურებს გახდის. არადა, რა მარტივი, რომ უბრალოდ ვაღიაროთ ის, რაც სკოლაში ყველას გვისწავლია -  აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისაო...


„ვიდრე ეროვნულ ჩემპიონატში არ ჩაიდება დიდი ფინანსები და არ აიწევს ეროვნული ჩემპიონატის დონე, ქართული ფეხბურთს, როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბოს წარმატებაზე ზედმეტია ლაპარაკი. ვიძახი, რომ ყველა კლუბს, უნდა ჰყავდეს ისეთი ხელმძღვანელობა, რომელსაც არ დაენანება 5-6 მილიონის ჩადება ყოველწლიურად გუნდის საკეთილდღეოდ. ის თანხები, რასაც სახელმწიფო აძლევს გუნდებს არ არის საკმარისი. ალბათ, ჩვენს ჩემპიონატზე 6 გუნდამდე მაინც უნდა იყოს ფინანსურად ძლიერი და სტაბილური კლუბი, რომ ჩემპიონატის დონემაც აიწიოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაიზრდებიან ახლი ფეხბურთელები, იქნება ყურადღება გულშემატკივრის მხრიდანაც", - მითხრა თამაზ კოსტავამ, ლეგენდარული „დინამოს" ორიანმა, რომელსაც დღეს, ტრადიციულად, 13 მაისის თარიღი მისალოცად დავურეკე.




ბევრი არ გვილაპარაკია. თუმცა, იმ დღეს, როცა 1981 წლის 13 მაისის ისტორიული თარიღიდან მე-40 წლის ათვლა დაიწყო, თავს უფლებას ვერ მივცემდი, უეფას 2020-2021 წლების ევროტურნირების შესახებ თამაზ კოსტავას აზრი, რომ არ გამეგო რადგან წარსული წარსულად, მაგრამ თუ ფეხბურთის მომავალი გვაინტერესებს რეალობას ძლიან არ უნდა მოვწყდეთ.


„ახლა ყველა და ყველაფერი გაჩერებული. ის, რაც გუნდებმა სეზონის დაწყებამდე გააკეთეს, ქართული გუნდები მყავს მხედველობაში, ახლა დაიკარგა. შესაბამისად, მაშ შემდეგ, რაც ვარჯიშის უფლებას მისცემენ, მათ ერთთვიანი მოსამზადებელი პერიოდი ხელახლა ექნებათ ჩასატარებელი. ამას ცალკე რესურსი და ფინანსები სჭირდება, რაც კლუბებისთვის საკმაოდ რთული იქნება. არადა კარგ მომზადებაზე ბევრი იქნება დამოკიდებული. ერთი დადებითი რაცაა, რომ ევროპის გუნდებიც, თითქმის ყველა გაჩერებულია და მეტ-ნაკლებად ყველა ერთნაირ გარემოშია. გვაქვს თუ არა ქართულ კლუბებს ევროტურნირებზე უფრო წინ წავიწიოთ? შანსები იმაზეა დამოკიდებული, რა დონის მოწინააღმდეგეები შეგვხვდებიან.  კორონა ვირუსის გამო, საქართველოში სამწუხაროდ, მხოლოდ 2 ტური ჩატარდა. გამომდინარე აქედან, ამ ეტაპზე ქართული გუნდების შანსებზე და მზადყოფნაზე, დღეს მიჭირს ლაპარაკი",  - ამბობს თამაზ კოსტავა.




და მაინც, როდესაც 13 მაისს, 39 წლის წინანდელი მატჩის ერთ-ერთ გმირს ესაუბრები, რთულია გაუძლო ცდუნებას და ის დღე და წელი არ გაიხსენო, რომლის ჩრდილიდანაც ქართული ფეხბურთი დღესაც ვერ გამოსულა. თბილისის „დინამო" 40 წლის წინ, 1980 წელს სსრკ-ს თასის ფინალში გავიდა და დონეცკის „შახტიორთან" ის მატჩი წააგო. საინტერესოა, რომ ამ მატჩამდე უეფა-ს სსრკ-ს ფეხბურთის ფედერაციაში წერილი ჰქონია გამოგზავნილი, სადაც ითხოვდა დაეკონკრეტებინათ, რომელი კლუბი რომელ ევროტურნირზე იქნებოდა წარდგენილი. სსრ-ს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ამ მარცხის მიუხედავად, ევროპის თასების მფლობელთა თასზე „დინამო" ითამაშებდა, „შახტიორი" კი, უეფა-ს თასზე იასპარეზებდა.


„თასების მფლობელთა თასზე პირველი თამაში მოგვიწია საბერძნეთის „კასტორიასთან". ამ გუნდს, ორივე თამაშის ჯამში ვაჯობეთ და გავედით თასის 1/8 ფინალში, სადაც შევხვდით ირლანდიის „ლინფილდს". ირლანდიაში ფრედ 0-0 ვითამაშეთ, საპასუხო კი, თბილისში 4-0 მოვიგეთ.  გავედით ¼ ფინალში, სადაც ინგლისის თასის მფლობელი „ვესთ ჰემი" შეგხვდა. ინგლისში პირველი თამაში მოვიგეთ 1-4 და მეორე სახლში წავაგეთ 1-0. ½ ფინალში შეგვხვდა ჰოლანდიის „ფეიენოორდი", რომელსაც თბილისში კი მოვუგეთ 3-0, მაგრამ გასვლა წავაგეთ 2-0. ჰოლანდიაში, წაგებული თამაში მსაჯის სერიოზული შეცდომების ბრალი იყო. თუმცა, ორი შეხვედრის ჯამში ფინალში ჩვენ გავედით", - ამბობს თამაზ კოსტავა, რომელიც ამ 39 წლის მანძილზე აღნიშნული ტურნირის ამ სათამაშო ბადეს, ალბათ უკვე მერამდენედ ჰყვება.




39 წლის წინ გერმანულ „რაინშტადიონზე" 9000- მდე გულშემატკივარი შეიკრიბა. მათ შორის თბილისიდან, საგანგებოდ ჩასული ქომაგები და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველი ემიგრანტებიც იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ „დინამოს" მოწინააღმდეგე, გერმანული „კარლ ცაისი" იყო და უეფა-ს წესებით, ფინალური მატჩები ნეიტრალურ ქვეყნებში ტარდება ხოლმე, ეს მატჩი კაპიტალისტურ გერმანიაში გაიმართა, თამაშის პირდაპირი რეპორტაჟი კი, მსოფლიოს 46 ქვეყანაში, მათ შორის სსრკ-ში შემავალ საქართველოშიც გადმოიცემოდა.


„ამ გუნდს ფინალამდე მოგებული ჰქონდა თამაშები „ვალენსიასთან", „რომასთან", „ბენფიკასთან". იმ დროს,  „კარლ ცაისში" თამაშობდა მაშინდელი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებში მოთამაშე 8 ფეხბურთელი. 1980 წელს, როცა მოსკოვში ოლიმპიადა ჩატარდა მოსკოვში, გერმანიის დემოკრატიული ნაკრების გუნდმა ოლიმპიადის ½ ფინალში სსრკ-ს ნაკრები 1-0 დაამარცხა.  გამომდინარე აქედან, ჩვენს წყვილში, ფეხბურთის ყველა ექსპერტი მიიჩნევდა, რომ ფავორიტი „კარლ ცაისი" იყო. როცა დიუსელდორფში ჩავედით, ჩვენ ხელმძღვანელობას „კარლ ცაისიდან" დაუკავშირდნენ და თამაშის შემდეგ დანიშნულ ბანკეტზე მიგვიწვიეს. გერმანელები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ფინალს მოიგებდნენ.  თამაშის დაწყებისთანავე, „კარლ ცაისმა" ჩვენს ნახევარზე პრესინგი დაიწყო. ბევრი გოლის გატანა სურდათ, მაგრამ მოხდა ის რასაც არავინ არ ელოდა - ჩვენგან დიდ წინააღმდეგობას.




ძნელია გავიხსენო, რა ხდებოდა თამაშის შემდეგ მინდორსა თუ გასახდელში, დიდი ამბავი იყო... როდესაც სასტუმროში მივედით, პირველად ცხოვრებაში ნოდარ ახალკაცმა გამოაცხადა, რაც გინდათ აკეთეთ, სადაც გინდათ წადით, ოღონდ არაფერი არ გააფუჭოთო. სასტუმროს ეზოში, იყო ფაცხის ტიპის „საქეიფო" ადგილი.. სასტუმროს თანამშრომლებს ვთხოვეთ, მაგიდები ისე დაელაგებინათ, როგორც ქართულ სუფრას ჩვევია. უეფა-ს თასების მფლობელთა თასი, საქართველოდან წაღებული შამპანურებით გავავსეთ და იქიდან ვსვით. ქეიფმა შუაღამემდე გასტანა. სასმელიც კი გაგვითავდა, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებდით. ბარი დაკეტილი იყო და გახსნაც კი ვთხოვეთ. სასტუმროს დირექტორმა კი, რომელიც ქალი იყო საჩუქრად  3 ყუთი შამპანიური გამოგვიგზავნა. მოკლდე, დილამდე ვიქეიფეთ.


მეორე დღეს საუზმის შემდეგ ფრანკფურტში უნდა გავფრენილიყავით, მაგრამ ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ გაგვაღვიძეს. რა უნდა ექნათ? ნოდარ ახალკაცმა გადაწყვიტა ჩვენთვის ძილის საშუალება მოეცათ და ფრანკფურტში, მერე, ავტობუსით წავსულიყავით. „დინამოში" ყოფნის პერიოდში, ეს იყო პირველად, როცა მთელმა გუნდმა ერთად ვიქეიფეთ", - ამბობს თამაზ კოსტავა.




უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალური მატჩის პირველი ნახევარი გუნდებმა თანაბარ და დაძაბულ ბრძოლაში, გატანილი გოლების გარეშე  დაასრულეს. ანგარიში, შეხვედრის 63-ე წუთზე დინამოელთა მცველების შეცდომით გერჰარდ ჰოპემ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. თუმცა, გერმანელთა სიხარული ხანმოკლე გამოდგა და სულ რაღაც 4 წუთში, თბილისელებმა „კარლ ცაისი" კონტრშეტევაზე დაიჭირეს ანგარიში გაათანაბრეს, 1-1. გოლი, ვლადიმერ გუცაევმა გაიტანა. მატჩი დასასრულისკენ მიდიოდა და ის, საფეხბურთო ექსპერტებიც კი, რომლებიც „კარლ ცაისს" გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ ქართველების „გატეხვას" დამატებით დროში ელოდნენ, თუმცა, ვიტალი დარასელიას სოლო რეიდმა, მათი გათვლები დაამსხვრია, „დინამომ" კი, 2-1 გაიმარჯვა და ევროპული ტროფეი საქართველოში ჩამოიტანა.


იმ დღის შემდეგ, წელს იყო პირველი წელი, როდესაც 1981 წლის დინამოელებმა ერთად შეკრება, შექმნილი მდგომარეობის გამო ვერ მოახერხეს. ამ ისტორიას, კი სხვადასხვა პერსონაჟებით მომდევნო წლებშიც გავიხსენებთ, 2021 წლის 13 მაისსაც აღვნიშნავთ და 2020 წლის ბოლომდე ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის, „დინამო თბილისის" 95 წლის იუბილესაც, რადგან, ჩრდილი ჩრდილად, მაგრამ თუ შენი ისტორია არ იცი და წარსულით არ ხარ მხარგამართული, მარტო აწმყოში შიშველი სიარული, ბნელ ოთახში, შავი კატის ძებნა უფროა.