დროზე ადრე დახურული მწვანეყდიანი რვეული
დროზე ადრე დახურული მწვანეყდიანი რვეული
09.05.2020
ავტორი: ვ.ბ.

დღეს, ქართული საფეხბურთო საზოგადოება და სპორტული მედია 39 წლის კახა შალამბერიძეს გამოემშვიდობება. საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისა და ეროვნული ლიგის მედია მენეჯერმა, ვერაგ დაავადებასთან მხოლოდ რამდენიმე თვე იბრძოლა და ჩვენი, მისი კოლეგების, მეგობრების და ოჯახის სამწუხაროდ მაინც დანებდა.


კოლეგასთან და მეგობართან გამოსამშვიდობებელი წერილი, მისმა კოლეგამ და მეგობარმა, სპორტულმა ჟურნალისტმა და სფფ-ს თანამშრომელმა ვახტანგ ბზიკაძემ სოციალური ქსელით გაავრცელა:


სულ ცოტა, 20 წლის წინ იყო, პირველკურსელი კახა შალამბერიძე საკუთარი ჩანახატებით „სარბიელის" რედაქციას რომ ეწვია და ფეხბურთზე უნდა ვწეროო, განაცხადა.

 

კი, ეს ნამდვილად განაცხადი იყო. მის მაშინდელ ასაკში, მსგავსი ჩანაწერები, უმეტესად წაბაძვისკენაა მიდრეკილი, იმ მწვანეყდიან რვეულში კი, არა სიღრმეთა წვდომის წადილი, არამედ, პირველ რიგში, აზრების სისადავე და წესრიგი სჭრიდა თვალს.

 

ალბათ მანამდეც, და მერე კი დანამდვილებით, ერთბაშად თამამიც იყო და ზრდილიც, მიზანდასახულიც და ჟინიანიც, გამჭრიახიც და თვითნებურიც, მაგრამ ყოველთვის გამრჯე და მუყაითი. ერთი სიტყვით, რა საქმესაც ადგა, ყველაზე სინდისიერად გულდადებული.

 

ამასთანავე უმოწყალოდ თანმიმდევრული იყო, რაგინდარა წამოწყების შუა გზაზე მიტოვება თვითონ ხომ არ შეეძლო და არც სხვას დაანებებდა. სიყმაწვილესა თუ სიმწიფეში არაერთ სფეროში გამოავლინა მისი მრავალმხრივი უნარები და პრაქტიკული ჭკუა.

 

ერთხელ, ერთი გუდამშიერი რაიონის მესვეური მომავალი წლის ბიუჯეტის შედგენამდე ბავშვთა გუნდის ყოფნა-არყოფნას ჩიოდა. და ვიდრე მეტოქე გუნდები დიდსულოვნად მსჯელობდნენ, ჩვენი ხარჯებით ვუმასპინძლებთ-ხოლმეო, კახამ მორიდებით თქვა: იქნებ, ყოველი თქვენგანი თითოჯერ ესტუმროს, 6-თვიანი უქმობით ბავშვებმა ფეხბურთის გზა და კვალი სულ რომ არ დაჰკარგონო. ყველა დაითანხმა - ასე, მარტივად და გონივრულად.

 

ეს უბრალო ამბავი იმის თვალსაჩინო მაგალითია, თუ რამდენჯერ დასდებია მკვიდრ საფუძვლად მისი, თუნდ დაუწახნაგებელი, მაგრამ ცინცხალი იდეა იმ შენობას, რომელსაც თავადვე უვლიდა, ეფოფინებოდა. და თუ სადმე რაიმე ზადს შენიშნავდა, ეს გულს უსერავდა. ვერ მოისვენებდა, ვიდრე არ გამოასწორებდა.

 

მხოლოდ საქმის ერთგული კი არა, ისედაც უღალატო მეგობარი იყო, გამბედავი და მრავალ ბრძოლაში გამოცდილი. სხვასთან უმცროსიც იყო და თანატოლიც, მაგრამ არავის ეუფროსებოდა. პროფესიული ზრდა არასდროს შეუწყვეტია, ალბათ ამიტომაც მასთან ძმური გაჯიბრებით მეც ბევრი მისწავლია.

 

ასე თანდათან, ბავშვური სურვილებით მიმოქარგული ის რვეულიც ნაბიჯ-ნაბიჯ ავ-კარგიან ცხოვრების წიგნად აქცია, რომელიც ნაადრევად კი დაიხურა, მაგრამ სამაგიეროდ, მის მეგობრებს დაგვიტოვა სახელმძღვანელოდ".


კახა შალამბერიძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 2015 წლიდან მუშაობდა. ის, აქტიურად იყო ჩართული ფეხბურთის ფედერაციის ყველა პროექტში და თავდაუზოგავად შრომობდა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის.