სპორტის დღე ონლაინ
სპორტის დღე ონლაინ
06.04.2020
ავტორი: თ.ჯ.

სოციალურ ქსელში დღეს ქართველი და უცხოელი სპორტსმენები ფოტოებს ავრცელებენ, სადაც მათ თეთრი ფურცლები უჭირავთ. ამით, ისინი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე, „თეთრი ბარათების" აქციას უერთდებიან. „თეთრი ბარათების" აქცია კი, ტრადიციულად 6 აპრილს, სპორტის საერთაშორისო დღეს აღინიშნება.


სამწუხაროდ, 2020 წელს, კორონა ვირუსის პანდემიის გამო, დღემ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე აქტიური სპორტული ღონისძიებებით აღინიშნებოდა, დროებით ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. საერთაშორისო ორგანიზაციის - „მშვიდობა და სპორტის" გადაწყვეტილებით, წელს, ამ ღონისძიებების მთავარი გზავნილი მსოფლიოს მასშტაბით იქნება „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ".




აღნიშნული გზავნილის ქვეშ დღეს ქართველი ფეხბურთელები და ოლიმპიელები გაერთიანდნენ.  ,,თეთრი ბარათების" კამპანიას შეუერთდნენ ფეხბურთელები ოთარ კიტეიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ნინო პასიკაშვილი, საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი", საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი შვილებთან ერთად, ოლიმპიური ჩემპიონები - სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ლაშა ტალახაძე, მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორები - ლუბა გოლოვინა და სახილ ალახვერდოვი, ბრინჯაოს პრიზიორი გოგიტა არქანია, 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების მონაწილე ცოტნე მაჭავარიანი.




აღსანიშნავია, რომ  გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღედ  2013 წელს გამოაცხადა. მიღებული დადგენილების თანახმად, 2014 წლიდან, ყოველი წლის 6 აპრილს, საქართველო მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს ამ თარიღს. ამ დღის ისტორიას თუ უფრო ჩავუღრმავდებით აღსანიშნავია, რომ 6 აპრილი, შემთხვევით არ იყო შერჩეული, რადგან 1896 წლის 6 აპრილს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ოფიციალურად გაიხსნა თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები. წლების შემდგე კი, ეს დღე, ოლიმპიადის აღორძინებას დაუკავშირეს.


 „თეთრი ბარათის" კამპანიაში კი, რომელიც 6 აპრილს იმართება, საქართველო და ქართველი სპორტსმენები უკვე მეორე წელია მონაწილეობენ.




#StopCov

#სპორტისდღე2020

#PeaceAndSport

#დარჩისახლში

#WhiteCard