ოლიმპიადის გადადებით სოკ-ს თავსატეხი მოემატა
ოლიმპიადის გადადებით სოკ-ს თავსატეხი მოემატა
04.04.2020
ავტორი: თ.ჯ.

მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიოს ზაფხულის თამაშების გადავადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ის აქტიურად აგრძელებს მუშაობას სხვადასხვა ფედერაციებთან, რათა ოპტიმალურად გაიწეროს კალენდარი, რომელიც სპორტსმენებს, სხვადასხვა სახეობაში თამაშების ლიცენზიების მოპოვებაში დაეხმარება.


შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თამაშების გადატანის შესახებ, რაც კორონა ვირუსის უპრეცედენტო გავრცელების გამო მიიღეს, გადაწყვეტილება 24 მარტს გამოაცხადა. თამაშების გადადების შესახებ, იაპონიის ხელისუფლებამ მას შემდეგ დაიწყო ლაპარაკი, რაც COVID 19 ჩინეთს გასცდა. თუმცა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ერთი წლით გადავადებამდე, ელინთა მიწაზე ცეცხლის დანთების, შეზღუდული, თუმცა მაინც გამართა ცერემონია. სწორედ, 24 მარტიდან, ოლიმპიურ ცეცხლს, მოგზაურობა იაპონიაში უნდა დაწყო.


ასეა თუ ისე, 30 მარტს სოკ-მა, ტოკიოს და იაპონიის მთავრობებმა XXXII ოლიმპიური თამაშების ახალი თარიღები გამოაცხადეს. ახალ თარიღებად კი 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს პერიოდი დასახელდა. ამავდროულად, სოკ-მა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს აცნობა, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ასპარეზობები დასრულდება 2021 წლის 29 ივნისამდე.


ერთ საინტერესო დეტალი, რომელიც ბუნებრივია ყველას აინტერესებს - რამდენად მოახერხებს სოკ-ი ერთი თვის ვადაში საკვალიფიკაციო შეჯიბრების კალენდრის შედგენას. თუმცა, კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ჯერ ბევრ თემაზე ლაპარაკი ნაადრევია.


სოკ-ის პრეზიდენტის თომას ბახის თქმით, ყველა იმ სპორტსმენი, რომელმაც ტოკიოს თამაშების საგზური უკვე მოიპოვა, ლიცენზიას შეინარჩუნებს. ბოლო ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია 11 ათასი ოლიმპიელიდან 57 %-ს აქვს მოპოვებული. ქართველებიდან COVID 19-ის გამო არეულ რეალობამდე, ლიცენზია 5 სპორტსმენს ჰქონდა მოპოვებული.


სოკ-ში იმედს გამოთქვამენ, რომ ერთი თვის ვადაში ჩამოაყალიბებენ საკვალიფიკაციო შეჯიბრებათა კალენდარს. ამასთან აღნიშნულია, რომ ტურნირების ჩატარების თარიღებზე და ადგილებზე სრული ინფორმაცია გამოქვეყნდება კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ.


ერთი რამ ცხადია, რომ სოკ-ს კორონა ვირუსით გამოწვეული აურზაურის გამო, კარანტინის პირობებშიც და შემდეგ 2021 წელსაც გაორმაგებულად მუშაობა უწევს. საქმე ისაა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, აქცენტებს, მხოლოდ ტოკიოს 2020 წლის თამაშებთან დაკავშირებულ საკითებზე ვერ გააკეთებს და მას, პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სამზადისიც დღის წესრიგში ექნება, თანაც შემჭიდროვებულ ვადებში. კორონა ვირუსის გამო, ზაფხულის და ზამთრის ოლიმპიადებს შორის, მხოლოდ 6-თვიანი ვადაა. ამას გარდა, 2022 წელს, სოკ-ს დაკარის ახალგაზრდული ოლიმპიადაც ჩასატარებელი აქვს.



სტატია მომზადებულია სოკ-ისა და სეოკ-ის სტატიების მიხედვით