COVID 19 უეფა-ს ახალ „რეგულაციებს“ ავალდებულებს
COVID 19 უეფა-ს ახალ „რეგულაციებს“ ავალდებულებს
01.04.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს წევრი 55 ფედერაცია, დღეს,  ვიდეო-კონფერენციაზე კვლავ შეიკრიბა. შეხვედრა, რომელსაც ყველა წევრი ასოციაციის გენერალური მდივნი მონაწილეობდა, კორონა ვირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უეფა-ს სამუშაო ჯგუფების მიერ შეთავაზებული ვარიანტების, მატჩების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით, განხილვას ემსახურებოდა.


უეფა-ს დღევანდელი გადაწყვეტილებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ივნისის სანაკრებო პაუზა გაუქმდა და ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფის ყველა მატჩი გადაიდო. შესაბამისად, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის დაგეგმილი ევროპირველობის ფლეი-ოფის მატჩი, კიდევ ერთხელ გადაიდო.




„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელსაც ელოდება გულშემატკივარი ბელარუსის წინააღმდეგ და სხვა ფლეი-ოფის შეხვედრები გადაიწია საშემოდგომოდ. ჯერჯერობით უცნობია და არ არის დაზუსტებული თარიღები. იქიდან გამომდინარე, რომ შემოდგომაზე ეროვნულ ნაკრებს ისედაც 6 ოფიციალური შეხვედრა აქვს ერთა ლიგის ახალი გათამაშების ფარგლებში, შესაბამისად, დაემატა შემოდგომას კიდევ ორი თამაში. აქედან გამომდინარე, უეფამ, შემდგომში უნდა იმსჯელოს, როგორ მოხდება 8 თამაშის ამ 3 ფანჯარაზე გადანაწილება. დღეს, რაც შეგვიძლია ვთქვათ, დანამდვილებით, რომ ივნისში შეხვედრა აღარ იქნება. ივნისის სანაკრებო პაუზა გაუქმდა", - ამბობს დავით მუჯირი, სფფ-ს გენერალური მდივანი.


ეროვნული ნაკრების მსგავსად, უკეთეს შემთხვევაში გადაიდო, სხვაში კი გაუქმდა ზაფხულის სანაკრებო პაუზის პერიოდში მატჩები საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებისთვისაც.  გაუქმდა 2020 წლის 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატი და შესაბამისად, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 19-წლამდე და 21-წლამდე ნაკრებთა მატჩები კი, ეროვნულის მსგავსად სავარაუდოდ შემოდგომისთვის გადაიდო.


„ერთი სამწუხარო ინფორმაცია ისაა, რომ წელს საქართველო მასპინძელი იყო 19-წლამდე გოგონათა შორის, უეფა-ს ევრო 2020-ის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის. არ ხერხდება ამ შეჯიბრის ჩატარებაც და აქედან გამომდინარე, რომ არ ხერხდება ამ ტურნირის ჩატარება, ჩვენ გვქონდა უეფა-სთან კომუნიკაცია და მომდევნო თავისუფალი თარიღი, როდესაც, შესაძლებელი იქნება, მსგავს შეჯიბრს საქართველომ უმასპინძლოს, ჩვენ გამოვთქვით მზად ყოფნა, რომ ავიღოთ ეს თავისუფალი თარიღი და რომელიმე ასაკობრივ ჯგუფში, გოგონათა ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ", - ამბობს დავით მუჯირი.




საინტერესო იყო კიდევ ერთი თემა, რომელიც დღეს, ვიდეო-კონფერენციის დროს განიხილეს, საკლუბო ფეხბურთი იყო. უეფა-მ კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კლუბების ლიცენზირების და ფინანსური „ფეირპლეის" საკითხი. კორონა ვირუსის გამო შექმნილი განსაკუთრებული გარემოებების ფონზე კი, ეროვნულ ასოციაციების დასახმარებლად, რათა მათ სრულფასოვნად შეძლონ ფუნქციონირება, რიგი ღონისძიებების გატარებას გეგმავს.


აღმასკომის გადაწყვეტილებით, უეფა-ს წევრ ასოციაციებს მიეცათ დამატებითი დრო კლუბების ლიცენზირებისთვის, ვიდრე ხელახლა არ დამტკიცდება უეფა-ს მომავალი სეზონისთვის, ევრო ტურნირებში მონაწილე გუნდების შერჩევის პრინციპი.  უეფა-მ ვითარების შეცვლამდე „გაყინა" კლუბების ფინანსური ლიცენზირების შესახებ საკითხები, რომლებიც კონკრეტულად უეფა-ს 2020-2021 წლების ევრო ტურნირების სეზონში მონაწილე კლუბებს ეხება.




„დღეს შევეხეთ საკლუბო ევროტურნირებს მომავალი სეზონისთვის. დღევანდელი მოცემულობით, ჩვენი კლუბებისთვის ახალი არის ის, რომ 2020-21 წლების სეზონის ევროტურნირები ნაცვლად ივლისისა, სავარაუდოდ სტარტს აიღებს აგვისტოდან. შესაბამისად, შეიცვალა, ლიცენზირებისა და განაცხადის წარდგენის ვადები" - ამბობს დავით მუჯირი.


უეფა-ს ამ გადაწყვეტილებების შესაბამისად, შეიცვალა ლიცენზირების და განაცხადის წარდგენის ვადები. აღნიშნული შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების მონაწილეობით პარასკევს ვიდეო-კონფერენციას გამართავს.


ფოტოები:

©Getty Images

©tsff.ge