„ლოკომოტივში“ მთავარი მწვრთნელის ცვლილებაა
„ლოკომოტივში“ მთავარი მწვრთნელის ცვლილებაა
30.03.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისის „ლოკომოტივის" უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძე დღეს, გუნდიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია ჩვენს გვერდს დაუდასტურა. ახალგაზრდა მწვრთნელმა უარყო ის ფაქტი, რომ მომავალი შესაძლოა „საბურთალოს" დაუკავშიროს. მწვრთნელი, რომელსაც თბილისურ კლუბთან კონტრაქტი დეკემბერში ეწურებოდა, ამ ეტაპზე, ვერ აკონკრეტებს სამომავლო გეგმებს, იცის, რომ „გარეთ, ცუდი სიტუაციაა", მაგრამ მაშინაც კი, „მშიერი, რომ კვდებოდნენ ჩემი შვილები" ყველაფერზე წამსვლელი არაა.


„მინდა გითხრა, რომ არ ვაპირებ და არც „საბურთალოდან" დამკავშირებია არავინ. თუმცა, ალბათ,  ყველა გუნდშიც სამუშაოდ არ წავალ. ასეთი, საქართველოში, „ლოკოს" გარდა, კიდევ ერთი შეიძლება იყოს... თავად იცი, „ლოკომოტივში" მოსვლის შემდეგ, რამხელა შრომა ჩავდე. თუმცა, მაქვს ღირებულებები, პრინციპები, რომელსაც არასდროს გადავალ, მაშინაც კი, 10 წელი, რომ უმუშევარი დავრჩე. მთავარია, ადამიანობა და ის, რომ ჩემს ფეხბურთელებს, გვერდში დავუდექი ბოლომდე. მინდოდა, რომ ისინი კარგად ყოფილიყვნენ და არ გამომივიდა. ეს იყო, ერთად-ერთი გზა და მე ყალბი ვერ ვიქნებოდი. ავდექი და წამოვედი. იმისა მიუხედავად, რომ ყველა დათმობაზე წავედი.




კი, მიზეზი ნამდვილად ხელფასების შემცირების თემა იყო. ჩვენს გუნდში, არ იყო ისედაც მაღალი ხელფასები და ჩემი პოზიცია იყო, რომ ბიჭებს, ვისაც შესაძლოა ჰქონოდა კრედიტი პრობლემა არ შექმნოდათ. კი, რამდენიმე თვე, ბანკი არავის არაფერს ეუბნება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ პროცესი დეკემბრამდე უნდა გაგრძელებულიყო, ცოტა წარმოუდგენელი ხდებოდა.


ჩემი წინადადება იყო, რომ ეს შემცირება ივლისამდე ყოფილიყო. ამასთან თანახმა ვიყავით, ფეხბურთელებიც და მეც, რომ ვთქვათ, მარტში უფრო მეტი ხელფასი ჩამოგვჭროდა და შემდეგ თვეებში, ნაკლები ბიჭებს და მე, დეკემბრამდე მზად ვიყავი, ყველა წინადადება მიმეღო. ლაპარაკი და ჩემი თხოვნა იყო, ცვლილება ყოფილიყო ივლისის თვემდე და თუ, ამის შემდეგაც ვერ შესძლებდნენ ძველი სახელფასო პირობის აღდგენას მაშინ, ორმხრივი შეთანხმებით ბიჭებისთვის სხვა გუნდებში გადასვლის უფლება მიეცათ", - ამბობს ლევან კორღალიძე.




შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა სპეციალისტმა გუნდი, 2019 წლის აპრილში ჩაიბარა და მოახერხა, რომ „ლოკომოტივმა" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა. ამას გარდა, "ლოკომოტივი" საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალშიც ითამაშა. ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონში კი, ჩატარებული 2 ტურის შემდგე, მისი აწ უკვე ყოფილი გუნდი ქულების მაქსიმუმით და ყველაზე მეტი გატანილი გოლი სატურნირო ცხრილში ლიდერია.


ახლა, კორღალიძის საქმის გაგრძელება, გამოცდილ ქართველ მწვრთნელს სოსო ფრუიძეს მოუწევს. ახალი მწვრთნელის შესახებ, დღეს, „ლოკომოტივმა" ოფიციალურად განაცხადა.




საჩხერის „ჩიხურადან", რომელმაც გასულ სეზონზე ევროთასების საგზურის მოპოვება ვერ მოახერხა, წამოსვლის შემდეგ, ფრუიძეს, საერთაშორისო  სარბიელზე, ამჯერად, „ლოკომოტივს" გაყვანა მოუწევს. თუმცა, ამისთვის ჯერ მსოფლიოში კორონა ვირუსის პანდემია უნდა წავიდეს კლებისკენ მაინც. იმ დროისთვის კი არც ისაა, გამორიცხული ლევან კორღალიძე საქართველოში არა, მაგრამ სადმე, რომელიმე უცხოური ქვეყნის კლუბში, ანდა ნაკრებში, ანდა სულაც ეროვნულ ნაკრებში აღმოჩნდეს მთავარი მწვრთნელის ამპლუაში.


ამ ეტაპზე კი, თბილისურმა კლუბმა, მხოლოდ მთავარი მწვრთნელის ცვლილების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. თუმცა, მიზეზების დასახელების თაობაზე, ჯერ ოფიციალურად, არაფერი უთქვამს.