თბილისში, ახალი საკალათბურთო არენის მშენებლობა არ შეჩერებულა
თბილისში, ახალი საკალათბურთო არენის მშენებლობა არ შეჩერებულა
29.03.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

არის დრო ქვების გროვების და არის დრო ქვების სროლის... გვინდა თუ არ გვინდა, 2020 წლის იანვრის ბოლოდან, მსოფლიო, ახალი რეალობის წინაშე დადგა. აზროვნებ, თუ ვერ აზროვნებ, ალბათ, ნებისმიერი ადამიანის წინაშე დგება, მომენტი, როდესაც გადასარჩენად ხელი მტერსაც უნდა გაუწოდო - თუ, გინდა, რომ მოდგმა გადარჩეს. ეს, ინსტიქტის დონეზე მაინც ხდება და დასანანია, როცა ასეთ დროს, არის კატეგორია, ვისაც ინსტიქტიც კი, ღალატობს ხოლმე...


თუმცა, ახლა ლირიკას შევეშვები და რეალობას დავუბრუნდები, რეალობას, რომელიც CODID 19 - მა ძირფესვიანად შეცვალა. შეიცვალა მსოფლიოს განაწესი და შესაბამისად, ყველა დარგმა დროსთან და ვითარებასთან მიმართებაში დაიწყო გადაწყობა. მაგალითად, სპორტში დაწესდა შეზღუდვები ტურნირების ჩატარებისას, შემდეგ შეჩერდა 2020 წლის სეზონის ჩემპიონატები, გადაიდო მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები... ოლიმპიადების ისტორიაში, პირველად გადაიდო ზაფხულის ოლიმპიური თამაშები და ამით, თამაშების ქარტია დაირღვა...


მიუხედავად ამისა, მსოფლიოშიც და საქართველოშიც არის მთელი რიგი სფეროები, რომლებიც საგანგებო ვითარების მიუხედავადაც კი, აგრძელებენ ფუნქციონირებას.  საქათველოს მთავრობამაც არაერთხელ გამოაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, სტრატეგიული ობიექტების მშენებლობა არ შეჩერდებოდა. შესაბამისად, არ შეჩერებულა არც კალათბურთში ევრო 2021-ისთვის დაწყებული ახალი საკალათბურთო არენის მშენებლობა.




საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, სამშენებლო მოედანზე სპეციალური სამედიცინო პუნქტია მოწყობილი, სადაც მშენებლობაზე დასაქმებულები სისტემატურად მოწმდებიან.  ახალი სივრცის მშენებლობაც გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.


„დარბაზის მშენებლობა წამით არ ჩერდება. ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი. აქ, მშენებლები, 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. ასეთი თავდადებით, როგორც დაგეგმილია, 2021 წელს, სექტემბერში ევრობასკეტს  ვუმასპინძლებთ. არის მთელი რიგი საფინანსო ვალდებულებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას, ფიბას წინაშე აქვს და რომელსაც ეტაპობრივად ასრულებს. წესით, უნდა ჩამოსულიყო მონიტორინგის ჯგუფი, თუმცა, ეს დროებით გადაიდო და მომავალში, პირველივე შესაძლებელ შემთხვევაში, ისინი აუცილებლად ჩამოვლენ, თან არაერთხელ და შეგვამოწმებენ.  თუმცა, ახლაც ოლიმპიური სასახლის კედელზე დამონტაჟებულია ვიდეო-თვალი, რომლის დახმარებითაც ფიბა-ს, ონლაინ რეჟიმში აქვს შესაძლებლობა თვალი ადევნოს დარბაზის მშენებლობას", - ამბობს პაატა გურასპაული საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.




ონლაინ-რეჟიმზე გადავიდა ფიბა ევროპაც. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატამდე დიდი დროა დარჩენილი, აღნიშნული მოსამზადებელი სამუშაოები დისტანციურ ფორმატში გადავიდა. შესაბამისად, 2-3 მარტს მილანში დაგეგმილი ასეთი სამუშაო შეხვედრამ, რომელიც იტალიაში შექმნილი ვითარების გამო, ჯერ ქალაქი შეიცვალა, თუმცა, საბოლოოდ 26 მარტს, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.


ამ მომენტისთვის ევრობასკეტი 2021-ის გადატანის თემა, არ დგას დღის წესრიგში. თუმცა, ისევე, როგორც იმის საშიშროება, რომ თბილისი, ევრობასკეტი 2021-ის ჯგუფურ ეტაპს არ უმასპინძლებს. ბუნებრივია, ჟურნალისტებმა კითხვები უნდა დავსვათ, თუმცა, ამ კითხვის პასუხის სწორად გავრცელებაზეც პასუხი უნდა ვაგოთ... ახლა, ნამდვილად არაა ქვების სროლის დრო, ნებისმიერი განზრახვით...



კალათბურთის ფედერაციის ფოტოები