BLEIB ZUHAUSE!
BLEIB ZUHAUSE!
23.03.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

არის კარგიც, ცუდიც, გამგებიც და არაადეკვატურიც - თაკო ქველიძის, ქართველი ფეხბურთელი ქალის აზრით, რომელიც გერმანიაში, ქალთა საფეხბურთო კლუბში „კიტი"-ში თამაშობს, COVID 19-ის გამო შექმნილ გარემო, ისეთივეა, როგორც მთლიანად მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში.  


„ყველას მოვუწოდებდი და ვთხოვდი, რომ #დარჩითსახლში, იბანეთ ხელები ხშირად საპნით. დაიცავით ჰიგიენა და სვით ბევრი წყალი. მოერიდეთ სოციალურ კონტაქტებს. ვიცი, ეს ძალიან რთულია. ადამიანი, ამ დროს ჩაკეტილად გრძნობს თავს, მარტოდ და ა.შ. მაგრამ არსებობს ამ დროის შევსების ბევრი საშუალება. რამდენი წიგნია, რომელთა წაკითხვაც დიდი ხანია გვინდა და ვერ ვახერხებთ. ახლა, გვაქვს ყველას დრო. დავჯდეთ და ვიკითხოთ. გისურვებთ ჯანმრთელობას და სიმშვიდეს", - ეს იყო თაკო ქველიძესთან ინტერვიუს ბოლო შეკითხვაზე პასუხი. თუმცა, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ის თავში გადმოვიტანეთ.


თუმცა, ქართველ ფეხბურთელ ქალს, მხოლოდ იმისთვის არ დავუკავშირდით, რომ კორონა ვირუსის გამო გერმანიაში არსებული მდგომარეობა გაგვერკვია. საქმე ისაა, რომ „ქველო" გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში საოპერაციო ექთნად მუშაობს და საფეხბურთო ცხოვრების პარალელურად ნევროლოგიური, სისხლძარღვების, ტრავმატოლოგიური და მუცლის ღრუს ოპერაციების დროს საოპერაციოში უწევს მუშაობა.




„მე ვმუშაობ საოპერაციოში, შესაბამისად კორონა ვირუსთან შეხება ჯერ არ მქონია, მაგრამ, თანამშრომლები, რომლებიც დადიოდნენ რისკის-შემცველი ქალაქებიდან, 2-კვირიან კარანტინს დაექვემდებარნენ და სამსახურში მოსვლა აეკრძალათ. თანამშრომლები, რომელთა მეუღლე, შვილი ან ვინმე ახლობელი იყო, კონტაქტში დაინფიცირებულთან მათაც კარანტინი ეხებათ. თანამშრომლები, რომლებსაც შვილები სკოლამდელი ან სკოლის ასაკის ჰყავთ, სამწუხაროდ, სამსახურებში ვერ ცხადდებიან, რადგან ბავშვებს ვერ ტოვებენ. შესაბამისად, შეიქმნა პერსონალის პრობლემა, რადგან ეს, მხოლოდ საოპერაციოში არ ხდება.


ასეთი ვითარებაა, სხვა დანარჩენ განყოფილებებშიც. ბევრმა სხვადასხვა პროფილის განყოფილებამ, იმ მიზეზით, რომ მოხდეს ძალების მობილიზება და აქცენტი COVID 19-ით დაინფიცირებული პაციენტებზე ზრუნვას მოხმარდეს, განთავისუფლდეს საწოლი-ადგილები. ზოგადად გერმანიაში პანდემიის პიკს მომავალი კვირიდან ვარაუდობენ. იმიტომ, რომ გერმანია 2-3 კვირით ჩამორჩებოდა იტალიას, კორონა ვირუსის განვითარების მხრივ. რომ ვთქვა, რომ ყველანაირად მზად ვართ-თქო, გადაჭარბებული გამომივა, რადგან, არავინ იცის რა მასშტაბების იქნება კრიზისი. ჩვენ ვცდილობთ, ყველაფერს, ვცდილობთ, რომ ბევრი ინტენსიური ადგილები გავათავისუფლოთ, თუმცა, კორონა ვირუსით დაინფიცირებულთა გარდა, საკმაოდ ბევრი პაციენტი გვყავს", - ამბობს თაკო ქველიძე.


მაშინ, როდესაც საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის ჯგუფური ეტაპის მორიგი მატჩის გასამართად, მალტიდან ისრაელში უნდა გადაფრენილიყო, გაირკვა, რომ თამარ ქველიძეს დიდი ალბათობით, ისრაელში არ შეუშვებდნენ.




„იმ დღეს, როდესაც ყველა ერთად უნდა გავფრენილიყავით ისრაელში, როგორც მოსალოდნელი იყო და გაირკვა, რომ ისრაელი, რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს და მათ, ვინც ბოლო პერიოდში ამ ჩამონათვალ ქვეყნებში იმყოფებოდა, საკუთარ ტერიტორიაზე არ უშვება. ამ ჩამონათვალში იყო გერმანია და ესპანეთი. შესაბამისად, მე და ტატა მატვეევა. გამომდინარე აქედან, იყო საშიშროება, რომ მთელს გუნდს შექმნოდა პრობლემა და არ შეეშვათ, ამიტომ იმავე დღეს, ჩვენ აგვიღეს ბილეთები და შუადღით სასტუმროდან წამოვედით, ტატა თბილისში და მე - გერმანიაში.  ისედაც, ისრაელიდან პირდაპირ გერმანიაში უნდა დავბრუნებულიყავი", - ამბობს, „ქველო".


გერმანია, იმ ევროპული ქვეყნების ჩამონათვალში, იყო, სადაც კორონა ვირუსი იტალიის შემდგომ დაფიქსირდა, თუმცა, ქვეყნის ფედერალური მოწყობის გამო, საგანგებო ზომების მიღების პროცედურა ონდავ დროში გაიწელა.  დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით დაინფიცირების 29056 შემთხვევაა დაფიქსირებული და 123 ადამიანია გარდაცვლილი.


„გერმანიაში იმაზე ადრე მომიხდა ჩასვლა ვიდრე დაგეგმილი იყო, კვირა დილით. საღამოს კი, ჩემი კლუბის მწვრთნელისგან მოვიღე შეტყობინება, რომ მომდევნო ერთი კვირის მანძილზე თამაშები და ვარჯიშები არ ჩატარდებოდა, კორონას პრევენციის მიზნით. თუმცა, მას შემდეგ, რაც პირველი სამი ვარჯიში გაგვიცდა, გერმანიაში ისედაც მიიღეს გადაწყვეტილება, დაეწესებინათ შეზღუდვები ყველა სფეროში, გარდა იმ სამსახურებისა, რომლებიც ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ეხებოდა. იმის შემდეგ, ვარჯიშების გამართვის ოფიციალური უფლება არავის აქვს, ყველა ვარჯიშობს ინდივიდუალურად. გასულ კვირას დაკეტეს ყველა ფიტნეს-კლუბი, რაც არის ჩემს ქალაქში.





მე ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ გერმანიაში აწყობილია ყველაფერი. რა თქმა უნდა უკეთესად არის ვიდრე საქართველოში, მაგრამ ადეკვატური და არაადეკვატური აქაც, ძალიან ბევრია. ძალიან ბევრი რამ, უკვე შეიძლება მაღაზიაში ვეღარ იყიდო. ჰიგიენური ნივთები აღარ იყიდება. მართლა, მაკარონის, ბრინჯის, ზეთის და კარაქის დეფიციტია უკვე ბევრგან. ხალხი, შეიძლება ითქვას დაყოფილია - ძალიან ცოტას ესმის, თუ რა მდგომარეობაა გერმანიაში, ზოგადად ევროპასა და მსოფლიოში. ითვალისწინებს ყველა იმ წესს, რომელიც ამ ბოლო დროს ამოქმედდა საზოგადობაში მოქმედების ნორმად.  არის მეორე კატეგორია ხალის, რომელიც ნაკლებად ითვალისწინებს, ან, მე ვიტყოდი, ნაკლებად აღიქვამენ საშიშროებას და ნაკლებად ემორჩილებიან დადგენილ წესებს. არის კიდევ ხალხი, რომელიც სიამოვნებით დარჩებოდა სახლში, მაგრამ უნდა იმუშაონ - ჩვენ, პოლიციელები, საკვები პროდუქტების გამყიდველები,


მე ვფიქრობ, რომ გერმანიაში კრიზისი ჯერ არ დამდგარა. ამ კრიზისისთვის ემზადება სამედიცინო სფეროც და საზოგადოებაც. კორონა ვირუსის გარდა, მგონია, რომ ბევრი სხვა დაავადება და მასთან დაკავშირებული პრობლემა გამოიჩენს თავს და შესაბამისად, საზოგადოების ყველა ფენა, რეალურ საფრთხეს, ერთნაირად ვერ აღიქვამს", - ამბობს თაკო ქველიძე.


თაკო, საქართველოს მოქალაქეთა და სპორტსმენთა იმ რიცხვს განეკუთვნება, რომელიც მსოფლიო პანდემიის მიუხედავად სამშობლოში დაბრუნებაზე არ ფიქრობს და ემორჩილება ყველა იმ წესს, რომელიც ამ შემთხვევაში, გერმანიის ხელისუფლებამ დააწესა.


„მე მაგალითად, ყოველ დღე მიწევს მუშაობა. გუშინაც, ღამის ცვლაში ვიმუშავე და დილით მოვედი სახლში. ჯანმრთელად ვარ, კარგად ვარ, თავს კარგად ვგრძნობ. მადლობა ღმერთს. თუ დრო მაქვს, სკაიპით ვეხმიანები ჩემს მშობლებს, ჩემს დებს. ერთი ბადენ-ბადენშია, მეორე ჰაიდელბერგში, მაგრამ ერთმანეთის ნახვისგან თავს ვიკავებთ, რადგან უკვე არავინ არ არის დაცული ვინ, სად, როდის და როგორ შეიძლება დაინფიცირდეს, ვინ ვის შეხვდა და ვინ ჰყავდა „კონტაქტ-პერსონი", აქედან გამომდინარე სატელეფონო და ინტერნეტ-კავშირით შემოვიფარგლებით. ვვარჯიშობ მარტო, დავრბივარ, ვაკეთებ ფიტნეს-დავალებებს. ვზივარ ჩემთვის სახლში და მშვენივრად ვიყენებ სახლში, თავისუფალ დროს", - ამბობს ქართველი ფეხბურთელი ქალი.  


ბოლო ინფორმაციით გერმანიის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ზომები გაამკაცრა და ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ორზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა,