ვიდრე მსოფლიო კორონას ებრძვის...
ვიდრე მსოფლიო კორონას ებრძვის...
22.03.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„ამ უცნაურ დროს გეიქბაირიდან (თურქეთი) ვაკვირდები" - ასე იწყებს ქართველი მეკლდეური ანნა დულარიძე, სტატუს სოციალურ ქსელში, სადაც მოგვიანებით, იტყობინება, რომ  ახალი სირთულის მარშრუტი გაიარა.


„აქაც იგრძნობა მსოფლიო ქაოსი, კანტი-კუნტად შემორჩენილი მცოცავები, ჩაკეტილი კემპინგები, გეიქბაირის კარი დაიხურა ყველა მცოცავისთვის, ვინც ჩამოსვლას გეგმავდა. ვინც აქ ვიყავით, ისინი დავრჩით. ბევრი უკან წავიდა კიდეც. ახლებს აღარავის იღებენ და აქაც, ვერავინ ჩამოვა აწი", - ამბობს ანნა დულარიძე TSFF.GE-სთან საუბარში.


8-იანის სირთულის პირველი მარშრუტი ანნამ 2016 წელს იარა. ეს იყო 8ა კატეგორიის მარშრუტი და „პირველი ქართული", როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა შორის. მას შემდეგ, ქართველმა მეკლდეურმა  ერთ რვიანს კიდევ ახალი 8-ანები მიამატა, გასულს კვირას კი 8ა-ს კატეგორიის მარშრუტებს „+" დაამატა.


„მაგის მერე კიდევ ბევრი 8ა გავიარე, არავის არ ქონდა გაუმჯობესებული ან გათანაბრებული ეს მიღწევა.  ერთი კვირის წინ თემო სამსონაძემ გაიარა პირველი 8ა, ანუ პირველი ქართველი კაცი მცოცავია, რომელმაც მსგავსი მარშრუტი იარა. გასულ კვირას კი, მე,  8ა + სირთულის მარშრუტი გავიარე და ეს სირთულე პირველია საქართველოსთვის, როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვის", - ამბობს ანნა დულარიძე.


ანნამ იცის, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მისი სპორტული შედეგით ვერავინ გაიკვირვებს, თუმცა, ის, რომ ფაქტი დასაფიქსირებელია, სპორტსმენიც და ჩვენც, სპორტული მედია ვთანხმდებით.


„აქ, ასეც და ისეც, იზოლაციაში ვართ. დასახლებულ პუნქტში არ გავდივართ , მხოლოდ კლდეებზე საცოცად გავდივართ ბანაკიდან და ამ დროს, დასახლების, ან სხვა კემპინგის გავლა არ გვიწევს, ამიტომაც უსაფრთხოა, კონტაქტი არ გვაქვს სხვა ხალხთან. თუ რამე გვჭირდება ვაბარებთ და ისე მოაქვთ. ბანაკში, სამედიცინო პუნქტი არაა, თუმცა, თუ საჭირო გახდა, ანთალიიდან ამომა სასწრაფო დახმარების მანქანა", - ამბობს ანნა დულარიძე.


პატარა თურქული დასახლება გეიქბაირი, ანთალიიდან ავტომობილით 40 წუთის სავალშია. ანნა დულარიძემ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არ იცის როდის ან, როგორ მოახერხებს სამშობლოში დაბრუნებას. თუმცა, ამ ეტაპზე ჯანმრთელადაა და თავს უსაფრთხოდ გრძნობს.  


ქართველი მეკლდეური მხარდაჭერისთვის საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებულ ფედერაციას და სამშენებლო კომპანია "დანი ქონსთრაქშენს" თურქეთში მგზავრობის დაფინანსებისთვის.


ფოტო: Ben Neilson -"Ikarus" 8a / Matteo Sanna - "come as you are" 8a