გიორგი პაპუნაშვილი გულშემატკივრებს ერთობისკენ მოუწოდებს
გიორგი პაპუნაშვილი გულშემატკივრებს ერთობისკენ მოუწოდებს
21.03.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, არა როგორც ფეხბურთელი, არამედ ერთი რიგითი ქართველი, რომელიც სამშობლოდან შორს ვარ, მოგმართავთ თხოვნით ყველას, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც - დავიცვათ ყველა ის მოთხოვნა, რასაც WHO და ადგილობრივი მთავრობა მოგვიწოდეს. ეს დაგვიცავს ყველას. ასეთ, დროს ყველამ უნდა ვიფიქროთ ერთმანეთზე და მათზეც, ვიცნ ახლა გასაჭირშია, ან უცხოეთში, ჩემს მსგავსად, მარტო არის, იზოლაციაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ახლა, მთელ პლანეტაზე იბძრვიან COVID 19-ის დასამარცხებლად


#დარჩისახლში #შორსმაგრამერთად #ყველაფერიკარგადიქნება


ეს არის ის მოწოდება, რომელიც ესპანური „რასინგის" ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი პაპუნაშვილმა საკუთარ ინსტაგრამგვერდზე გამოაქვეყნა. გიორგის გუნდმა, რამდენიმე დღის წინ, ესპანეთის მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ფეხბურთელები 2-კვირიან შვებულებაში გაუშვა. თუმცა, ესპანეთში მოვლენების განვითარებით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა „რასინგის" საგანგებო მდგომარეობა კიდევ უფრო გაგრძელდეს.


ჩვენი გვერდი, სისტემატურად კავშირზეა ქართველ ლეგიონერებთან და მათ შორის გიორგი პაპუნაშვილთანაც.


- „პაპუნ", რა მდგომარეობაა ესპანეთში?

- ქალაქში თითქმის არავინ მოძრაობს. გამომდინარე იქიდან, რომ „რასინგმა" ორი კვირით დაგვითხოვა, მეც იძულებული ვარ სახლში ვიყო. ქალაქში, მხოლოდ საკვების საყიდლად გავდივარ. ამ ოთხი დღის მანძილზე, რაც მოგვიწოდეს, რომ სახლებში დავრჩენილიყავით, მე ერთხელ ვიყავი გასული მარკეტში. იქ, ასეთ ადგილებში 5 კაცზე მეტს არ უშვებენ. შესაბამისად მეც, სხვა ხალხთან ერთად, დისტანციის დაცვით გარეთ დგომა მომიხდა. შესვლისას, ერთჯერადი ხელთათმანები გამიკეთეს და ისე შემიშვეს.


- მაშინ, როცა კლუბმა მიიღო აღნიშნული მდგომარეობის გამო, ფეხბურთელების დათხოვნის 2 კვირიანი გადაწყვეტილება, დაგირიგდათ თუ არა რამე რეკომენდაციები?

- კი, რა თქმა უნდა. ყველას დაგვირიგდა ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოვმზადებულიყავით ამ ორი კვირის განმავლობაში. ვცდილობ, ყველა ეს დავალება შევასრულო, თუმცა, რთულია. დატვირთვების გაკეთება მიჭირს. მინდა გავიდე სარბენად, მაგრამ ამ დროს გამოცხადებულია, რომ სახლიდან არ გავიდეთ. რასაც ვახერხებ, ამ ეტაპზე მხოლოდ ფიზიკური ვარჯიშია, რომელიც დიდ ტექნიკურ რესურს არ მოითხოვს. თავიდან, კი გვითხრეს, 2 კვირა იქნება ასეთი მდგომარეობაო, თუმცა, რა იქნება სამომავლოდ, არ ვიცით ჯერ.




- შენ როგორ გრძნობ თავს? ამ პერდიოდში სახლში დაბრუნებაზე არ გიფიქრია?

- კი, რაღაც პერიოდში ვიფიქრე, ხომ არ დავბრუნებულიყავი თბილისში. წარმოიდგინე, ვარ ქვეყანაში, რომელშიც იტალიის შემდეგ, ევროპაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია დაინფიცირებულების და გარდაცვლილების და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. თუმცა, მერე ვიფიქრე, რომ ასე, შესაძლოა ჩემი მდგომარეობა უფრო გამერთულებინა. ერთი, რომ მგზავრობის დროს, შესაძლოა რამე ამეკიდებინა. შემდეგ, იზოლაციის პერიოდი. თან, აქ, რომ ვარჯიშზე გამოგვიძახონ, რაც ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მაინც, პრობლემა შეიძლება შემქმნოდა. ეს კი დროს დამაკარგვინებდა.


- ვარჯიშის გარდა როგორ ახერხებ ამ 2-კვირიანი იზოლაციის გადატანას?

- ყოველდღიურად ონლაინ ვეკონტაკტები ოჯახს და მეგობრებს თბილისში. ვუყურებ ფილმებს და სერიალებს. ვთამაშობ ფლეისთეიშენს. წარმოიდგინეთ, ამხელა ქვეყანაში, ვარ აბსოლუტურად მარტო და ეს, საკმაოდ რთულია ისედაც და ახლა განსაკუთრებით.

მინდა ვუთხრა ყველას, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს! გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს! ვიყოთ სახლში! ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამ ცხოვრებაში, ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ახლა, დამერწმუნეთ, ჩემზე მაგრად არავის უჭირს. ვარ, უცხო ქვეყანაში, სადაც, როგორც წეღან ვთქვი, ინფიცირებულთა რიცხვი მატულობს. ვარ ოჯახისგან და მეგობრებისგან შორს. დარჩით სახლში და მოუსმინეთ რასაც გვირჩევენ. ცოტა ხნით, მოგვიწევს რაღაცეებზე უარის თქმა. მთავარია, ახლა ეს ვირუსი გადავაგოროთ და მერე, ყველაფერი დალაგდება.


***

ჩვენის მხრივ, ვუერთდებით ქართველი ფეხბურთელის მოწოდებას #დარჩისახლში და გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ჯანმრთელობას შენსას, ისევე, როგორც სხვისას. გიორგის კი, სამშობლოდან საკმაოდ შორს, ეპიდემიის მხრივ ერთ-ერთ სახიფათო ზონაში, ჯანმრთელობას ვუსურვებთ.