რასინგი COVID 19-თან ბრძოლაში ჩაება
რასინგი COVID 19-თან ბრძოლაში ჩაება
20.03.2020
ავტორი: თ.ა.

ესპანეთში, COVID 19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე მატულობს. 12 მარტიდან შეჩერებულია ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატები ყველა ლიგაში. სპორტსმენებს კი, ორკვირიანი შესვენება აქვთ.


TSFF.GE  გიორგი პაპუნაშვილს დაუკავშირდა და შეეცადა გაეგო როგორ იყო. რასინგის ქართველი ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს, არის სახლში და ასრულებს კლუბის მიერ მიცემულ მითითებებს.

 

ამასობაში, კლუბები, გულშემატკივარს, რთული პერიოდის დასაძლევად, საკუთარი სოციალური ქსელის გვერდებით სხვადასხვა სახის ინფორმაციას სთავაზობენ. გამონაკლისი არც რასინგია. კლუბის ისტორიის შეხსენების გარდა კი, მიმდინარე მოვლენებსაც ეხმაურებიან.

 

მაგალითად, კლუბის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ რეალ რასინგმა და „ალდო ენერხიამ" - კლუბის მთავარმა სპონსორმა 2016 წლიდან - კანტაბრიის მთავრობას 970 წყალგაუმტარი ლაბადა გადასცეს ავტონომიური ოლქის იმ სანიტარული პერსონალის დასაცავად, რომელიც COVID-19-ით დაავადებულ პაციეტებს უვლის და ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მუშაობს. თეთრმწვანე გუნდი და ენერგოკომპანია ამითი პასუხობს აღმასრულებელი მთავრობის საჯარო მოწოდებას ხელთათმანებით, ხალათებით, წინსაფრებითა  თუ წყალგაუმტარი ლაბადებით  მომარაგების თაობაზე. ამით მათ თავისი მცირე წვლილი შეაქვთ იმ ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელმაც ქვეყნის სანიტარულ სისტემაში მწვავე კრიზისი გამოიწვია და გასული კვირის ბოლოს ესპანეთის მთავრობას „საგანგაშო მდგომარეობის" გამოცხადება აიძულა.

 

ხსენებული ერთჯერადი გამოყენების წყალგაუმტარი ლაბადების (საქმე ეხება სარეკლამო პროდუქციას, რომელიც ენერგეტიკულ კომპანიას შენახული ჰქონდა) გადაცემის გარდა, როგორც რასინგი, ასევე „ალდო" („პიტმას" ჯგუფის წევრი კომპანია და თეთრმწვანე კლუბის მთავარი აქციონერი) შეუერთდნენ  ცნობიერების ამაღლების კამპანიას, რომელიც COVID-19-ისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით მოქალაქეებს პასუხისმგებლობითი საქციელისაკენ მოუწოდებს. პასუხისმგებლობითი მოქცევა ძირითადად სახლში საიზოლაციო რეჟიმისა და ჰიგიენის სწორი ჩვევების დაცვას გულისხმობს.

ორივე ორგანიზაციამ სოციალური ქსელების ოფიციალურ გვერდებზე გამოაქვეყნა სხვადასხვა მოწოდება ჰაშტაგებით: #QuédateEnCasa (სახლშიდარჩი), #YoMeQuedoEnCasa (მესახლშივრჩები) და #EsteVirusLoParamosUnidos (ამ ვირუსსერთადშევაჩერებთ)