26 მარტის თამაში გადაიდო
26 მარტის თამაში გადაიდო
17.03.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

როგორც მოსალოდნელი იყო საქართველო - ბელარუსის საფეხბურთო მატჩი გადაიდო. გადაწყვეტილება დღეს, უეფა-ს შტაბ-ბინაში, ვიდეო-კონფერენციის დროს მიიღეს. ონლაინ-შეხვედრაში უეფა-ს წევრი 55-ვე ქვეყნის, ასევე ECA-ს, ევროპული ლიგებისა და FIFPro-ოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


„დღევანდელი ვიდეო-კონფერენციის მთავარი განსახილველი თემა ევრო 2020 გახლდათ. ამ ეტაპზე ყველაფერი დამოკიდებულია თუ როგორ და როდის განახლდება ეროვნული ჩემპიონატები. მოგეხსენებათ, რომ საქართველოსთან ერთად ბევრ სხვა ქვეყანაში შიდა ჩემპიონატი შეჩერებულია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე გაურკვეველია თუ რომელი გუნდები იასპარეზებენ მომავალ სეზონში ევრო ტურნირებზე. ყველაფრის გათვალისწინებით უეფამ დღეს წარმოადგინა სამოქმედო გეგმა, რომელიც დასამტკიცებლად აღმასკომს გადაეცემა.

 

დიდი ალბათობით აღნიშნული პროექტი დამტკიცდება, რადგან არც ერთ ასოციაციას საწინააღმდეგო აზრი არ გამოუთქვამს. ევროპის ჩემპიონატი დიდი ალბათობით გადაიდება მომავალი წლისთვის და 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩაითვლით გაიმართება. ასევე შეიცვლება ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მატჩების დღეები. ცვლილება, რა თქმა უნდა, შეეხო ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებს, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი მოცემულობით მარტში ბელარუსის წინააღმდეგ გასამართი მატჩი ივნისში ჩატარდება.

 

ყველა ეს ცვლილება გათვლილია იმაზე, რომ მსოფლიოში არსებული მგდომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. არსებობს ჩემპიონატების განახლების რამდენიმე ვარიანტი. მოგეხსენებათ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გათამაშება აქვს დასასრულებელი. იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი მდგომარეობით ჩემპიონატების განახლების კონკრეტული თარიღი უცნობია, არსებობს რამდენიმე ვარიანტი, როდესაც ევროპაში შიდა ჩემპიონატები განახლდება. განახლების თარიღზეა დამოკიდებული ევრო ტურნირების ფორმატიც. ამ მდგომარეობით ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამართვის თარიღად 27 ივნისი სახელდება.

 

მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მატჩი ბელარუსის წინააღმდეგ ივნისის დასაწყისში გაიმართება. თუმცა მანამდე უნდა განახლდეს ის ჩემპიონატები სადაც ჩვენი ლეგიონერები ასპარეზობენ და ქვეყნებს შორის გადაადგილება უნდა გახდეს უსაფრთხო. ამასთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ", - აღნიშნა სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავთ მუჯირმა ვიდეო-კონფერენციის დასრულების შემდეგ.


უეფა-ს გადაწყვეტილებით, COVID-19 ის გავრცელების გამო ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის შეხვედრები, მათ შორის, 26 მარტს გასამართი საქართველო - ბელარუსის მატჩი გადაიდო და სავარაუდოდ ივნისში გაიმართება. უეფა საბოლოო გადაწყვეტილებას, პლეი ოფის  თარიღებთან დაკავშირებით და ევროტურნირების როგორც მიმდინარე, ისე მომავალ სეზონთან დაკავშირებით მოგვიანებით გამოაცხადებს.


მოგვიანებით, სფფ-მ გაავრცელა კიდევ ერთი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ 26 მარტის მატჩზე დასასწრები ბილეთების მქონე ადამიანებს, შეუძლიათ შეინარჩუნონ ბილეთები და კონკრეტული თარიღის დანიშვნის შემდეგ, არსებული ბილეთით დაესწრონ მატჩს. ბილეთების უკან დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ TKT.GE-ს თანხის ასანაზღაურებლად. საქართველო-ბელარუსის მატჩი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება. 


სფფ-ს ფოტო