19 მარტს ბერძნები ოლიმპიურ ჩირაღდანს იაპონელებს გადასცემენ
19 მარტს ბერძნები ოლიმპიურ ჩირაღდანს იაპონელებს გადასცემენ
17.03.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ცეცხლი გადაცემის ცერემონია, 2020 წლის 19 მარტს გაიმართება. ცერემონია, რომელიც თითქმის საუკუნეს ითვლის 11:30 წუთზე ადგილობრივი დროით, განსხვავებული განაწესით გაიმართება, რაც COVID 19 -ის გავრცელებით არის ნაკარნახები და რომლის შესრულებასაც, თვალს საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტიც მიადევნებს.


ცეცხლის გადაცემის ცერემონია მაყურებლისთვის დახურულ კარს მიღმა გაიმართება და მასზე მხოლოდ, საბერძნეთის და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრებიან.


ქურუმი ქალების ტრადიციულ ცეკვას, ნაცვლად 11 მოცეკვავისა, 10 მონაწილე შეასრულებს. ესტაფეტაში კი მონაწილეობას მხოლოდ 2 ბერძენი და 2 იაპონელი ათლეტი მიიღებს. ღონისძიების გაშუქების უფლება, მხოლოდ იმ მაუწყებლებს მიეცათ, რომლებსაც ზუსტად 130 დღეში, ოლიმპიური თამაშების მსოფლიოსადმი სიგნალის მიწოდება მოუწევთ. აღნიშნული ღონისძიების შესახებ, ფოტო-მასალას კი, სააგენტო ფრანს-პრესი გადაიღებს და გაავრცელებს.


ანტიკურ ოლიმპიაში 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ცეცხლის დანთების ცერემონია 12 მარტს გაიმართა. ოლიმპიური თამაშები 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიმართოს და ბოლო ინფორმაციით COVID19-ის გამო, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მის გადადებას ამ ეტაპზე, არ აპირებს.


თუმცა, ოლიმპიურმა კომიტეტმა პანდემიის გამოცხადებამდე, გაავრცელა ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ თუკი, რომელიმე სახეობაში კორონა ვირუსი სპორტსმენებს ლიცენზიის მიღებაში ხელს შეუშლის, კონკრეტულ ფედერაციასთან ერთად სოკ-ი ოლიმპიურ თამაშებზე, კონკრეტულ სახეობებში კვოტების გაზრდაზე იფიქრებს.


ამასობაში, დღეს კრივში, ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელმაც სტარტი 14 მარტს აიღო და 24 მარტამდე უნდა გაგრძელებულიყო, დღევანდელი საღამოს „სესიის" შემდეგ შეჩერდა. მიზეზი, ქვეყნებს შორის (დაახლოებით 60 ქვეყანაზეა ლაპარაკი) საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა სახელდება. BTF გააგრძელებს დაკვირვებას და იმისდა მიხედვით თუ, როგორ განვითარდება მოვლენები, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების დარჩენილი ლიცენზიების საკითხს მაისისა და ივნისის თვეებისთვის გადადებს.


შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის საქართველოდან, ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია 5 ქართველ სპორტსმენს აქვს მოპოვებული.



IOC ფოტო