თომას ბახი ცეცხლზე ნავთის დასხმას არ აპირებს
თომას ბახი ცეცხლზე ნავთის დასხმას არ აპირებს
05.03.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელი პერიოდი, წინასწარი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ამ ეტაპზე, თამაშების ჩაშლის ან გადატანის შესახებ, ოფიციალურად არავინ საუბრობს.


ყოველ შემთხვევაში, ლოზანაში გამართული მორიგო სამუშაო შეხვედროს დროს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, თომას ბახი, მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად გავრცელებული „კორონა" ვირუსით გამოწვეული ფორს-მაჟორული გადაწყვეტილებების ფერხულში, ამ ეტაპზე, არ გაერია.


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა ორგანომ, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არა თუ „ჩაშლა", ოლიმპიურ კომიტეტში „გადავადების" თემაზეც კი არ მიდის საუბარი. უფრო მეტიც, სოკ-ში იმედოვნებენ, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ყველაზე წარმატებული იქნება და ის, როგორც იგეგმებოდა 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.


ოლიმპიურ კომიტეტში, როგორც ჩანს, ამის მტკიცება მას შემდეგ დასჭირდათ, რაც იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის მინისტრმა, თამაშების შესაძლო გადატანაზე გააკეთა აქცენტები. თებერვლის შუა რიცხვებში, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და უშუალოდ ტოკიოს თამაშების საორგანიზაციო ჯგუფმა, საგანგებო  სტრუქტურაც კი შექმნეს, იაპონიის მთავრობასთან ერთად, რომელიც „კორონა" ვირუსთან დაკავშირებულ მიმდინარე მოვლენებს დააკვირდება. პარალელურად, სოკ-ს მუდმივი კავშირი აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და მსოფლიოში მიმდინარე ვითარება, ბოლოს პარასკევს გამართული შეხვედრის დროსაც, კიდევ ერთხელ განიხილეს.


„ჩვენ ვესაუბრებით ექსპერტებს. ჩვენ ვართ სპორტული ორგანიზაცია და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევებს ვითვალისწინებთ. მე ცეცხლზე ნავთს არ დავასხამ და არანაირად არ წამოვეგები, ამ მოვლენების გარშემო სპეკულაციებს. ეს არის რთული გამოწვევა. თუმცა, ამავდროულად, ამაყი ვარ ოლიმპიური მოძრაობის, რომელიც პრობლემის მოსაგვარებლად საკმაოდ სოლიდარულია", - აღნიშნა ბახმა


თუმცა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავკაცი, არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა იყო გამონაკლისებიც. მაგალითად, „კვოტების" თემასთან დაკავშირებით.  თუკი, რომელიმე საერთაშორისო ფედერაცია იტყვის, რომ მისი სახეობა მეტნაკლებად უფრო დაზიანდა „კორონა" ვირუსის გამო, რიგი ქვეყნების სპორტსმენებმა ვერ მოახერხეს სარეიტინგო ტურნირებში ქულების დაგროვება.


„ასეთ შემთხვევაში, ჩვენს შესაბამის საერთაშორისო ფედერაციებთან გვექნება კონსულტაციები. რაც ნიშნავს, რომ ჩვენ შეთანხმების საფუძველზე გავზრდით კვოტას ამ ფედერაციებისთვის სპორტსმენთან გარკვეული რაოდენობისთვის, რომლებსაც საერთაშორისო ფედერაციების აზრით, რომ არა აღნიშნული ვითარება, ექნებოდათ ლიცენზიის აღების შანსი", - აღნიშნა ბახმა.


შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის ლიცენზიები ოფიციალურად 5 ქართველ სპორტსმენს აქვს მოპოვებული. ქართველთაგან, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება ნინო სალუქვაძემ, ქართველმა მსროლელმა ქალმა მოიპოვა. მის გარდა, ტოკიოს საგზურები უკვე აქვთ ქართველ მოჭიდავეებს გიორგი მელია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი სტილით ჭიდაობა) და ელიზბარ ოდიკაძე )თავისუფალი სტილით ჭიდაობა).


მოგვიანებით, ქართველ ლიცენზირებულ ოლიმპიელებს ყველაზე ცოტა უნდა დაემატონ ძალოსნები, ძიუდოისტები, ბატუტზე მხტომელი ლიუბა გოლოვინა და ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ოლიმპიური თამაშებისთვის ქულების აღებას, თბილისში დაგეგმილი დევისის თასის გათამაშების დროსაც შეეცდება.


მასალა მომზადებულია AIPS-ის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით