თამაშებს იგებენ და აგებენ მწვრთნელები - ზუროსმა კოკოშკოვს მოუგო
თამაშებს იგებენ და აგებენ მწვრთნელები - ზუროსმა კოკოშკოვს მოუგო
23.02.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მიუხედავად იმისა, რომ ბელგრადში გამართული მატჩის შემდეგ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა და ახლა, უკვე სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა, საკუთარი გუნდის მარცხში, შეუთამაშებლობა და დაულაგებელი სათამაშო სისტემა მოიმიზეზა, ამით, საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრების წარმატებას ვერაფერი დააკლო. თუკი, სერბეთს, ევრობასკეტ 2021-ის ამ საკვალიფიკაციო მატჩში, წამყვანი მოთამაშეები აკლდა, არც საქართველოს ნაკრები იყო ბელგრადში ჩასული სრული შემადგენლობით. ქართვლთა სასტარტო ხუთეული კი, ბელგრადში შემდეგი იყო: ბექა ბურჯანაძე, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, მერაბ ბოქოლიშვილი.


„პირველ რიგში მინდა მივულოცო ჩემს ყველა მოთამაშეს, სტაფს. ძნელია, ასეთ ფანჯარაში თამაში. მოსამზადებლად, მხოლოდ 3 დღე გვქონდა, თუმცა, ასე იყო ორივე გუნდისთვის. ამიტომ ამაში წარმოუდგენელი არაფერია. ჩვენ კარგი თამაშ ჩავატარეთ. პირველი წუთებში, მოედანზე, ცოტა დავიკარგეთ, მაგრამ მერე ვიპოვეთ რიტმი, კარგად დავიწყეთ თამაში დაცვაში და გადაწყვეტილებებიც.  ბოლოს კი, ის შედეგი ვაჩვენეთ, რაც საბოლოოდ დაფიქსირდა. ვიცით, რომ სერბეთი ჯგუფში საუკეთესო გუნდია და ჰყავს საუკეთესო მწვრთნელი. თუმცა, იგორმა სავარაუდოდ, ვერ განაწყო გუნდი დღევანდელი თამაშისთვის", - ამბობს ილიას ზუროსი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერეციაზე.



კოკოშკოვმა, როგორც ჩანს, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს ძველ და ახალ ნაკრებებს შორის სხვაობა მთელი თაობაა. თაობა, რომელიც ალბათ, ცოტათი უფრო მოტივირებული და მიზანზე ორიენტირებულია. სამწვრთნელო შტაბში, „შეცდომებიდან" დასკვნები გამოაქვთ. ბელგრადის მატჩამდე, რამდენიმე დღით ადრე, თბილისში, გაფლანგული 21 ქულა კი, სერბეთში, აღარ განმეორდებოდა.


„ამ თამაშისთვის ისე მოვემზადეთ, თითქოს ფინეთს ვეთამაშებოდით. მეტი ყურადღებით დაცვაში და კარგი შეტევით. დასაწყისიდან არ გვქონდა ის ენერგია. ის, ენერგია, რამაც მოგვცა საშუალება შეგვევიწროვებინა ფინეთი, არ გამოგვადგა საქართველოს წინააღმდეგ. საქართველომ კარგად ითამაშა, მინდა მათ მივულოცო. ჩვენ ვიცოდით, რომ მათ ესპანეთის საკალათბურთო ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელი და მოთამაშე, გიორგი შერმადინი ჰყავდათ. მასთან დაცვაში, ბევრი შეცდომა დავუშვით", - ამბობს, ალექსა ავრამოვიჩი, სერბეთის ნაკრების მოთამაშე.



„ალექსანდერ ნიკოლიჩ ჰოლში", ფინეთის წინააღმდეგ გამოყენებულმა ტაქტიკამ ზუროსის გუნდთან არ გაამართლა. სერბებმა, 20 თებერვალს ფინეთს გასვლაზე  58-80 მოუგეს. ქართველებმა კი, ბელგრადში, მხოლოდ 4 პერიოდიდან, პირველი დათმეს. თანაც, საკმაოდ სოლიდური 10-ქულიანი სხვაობით, 28-18 და თუ გავითვალისწინებდით იმ გარემოებას, რომ 3 დღით ადრე, საკუთარ კედლებში, სრულიად უწყინარ ვითარებაში, 21 ქულა გავფლანგეთ და თამაში ოვერ-ტაიმში გადავიყვანეთ, გასვლაზე 10-ქულიანი სხვაობის „დაქაჩვას" და შემდეგ, თამაშის მოგებას, ბევრი არ ელოდა.  


შეხვედრის მეორე მეოთხედი ქართველმა კალათბურთელებმა 20-23 მოიგეს და პირველი ტაიმის შემდეგ, დიდ შესვენებაზე, 7-ქულიანი უპირატესობით, 48-41 გავიდნენ.



„გვქონდა კარგი თამაში, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ვიცით, რომ სერბეთი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ევროპაში. მათ საკმაოდ დიდ პატივს ვცემთ. ბოლო მომენტში, ცოტა უკეთ ვითამაშეთ და იმდენი ქულა ავიღეთ, რამდენიც გვჭირდებოდა. მინდა, თანაგუნდელებს მივულოცო, მათ დიდი სამუშაო გასწიეს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ თამაშს, საქართველო უყურებდა და ისინი, ჩვენი შედეგით ამაყები არიან. მადლობა ყველას"- ამბობს გიორგი შერმადინი, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.


მიუხედავად იმისა, რომ სერბები დღეს, სწორედ გიორგი შერმადინს მეურვეობდნენ განსაკუთრებულად, ქართველმა ცენტრმა მაინც მოახეხა 23 ქულის დაგროვებაც და ორმაგი დუბლის შესრულებაც. საქართველოს ნაკრებიდან და მთლიანად შეხვედრაში კი, ყველაზე შედეგიანი თედი მაკფადენი იყო. კალათბურთელმა, პარკეტზე 36:17 წუთი დაჰყო და 33 ქულა დააგროვა - ის გახდა მატჩის MVP. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტი 29, მაკფადენის კი 31 იყო.



„ერთი რამ, რაზეც მინდა ყურადღების გამახვილება ისაა, რომ ჩვენთვის, გამარჯვებაზე მეტად მნიშვნელოვანია, ის რომ დავიწყეთ, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება. დავიწყეთ, ახალგაზრდა მოთამაშეების „გამოყენება". დღეს, სწორედ, მათ, 3 ახალგაზრდა კალათბურთელს მივეცით მეტი სათამაშო დრო და მეტი დატვირთვა. მათ ბევრად უკეთ ითამაშეს. მათი თამაშით კმაყოფილი ვარ.  მათ ამ მოგებაში წვლილი შეიტანეს. ჰქონდათ, შეცდომები, მაგრამ ახლა ვაკვირდებით და გავქვს ექსპერიმენტი. ჩვენ, არ გვყავს ბევრი მოთამაშე, ჩვენ ახალი თაობის ჩამოყალიბება გვაქვს დაწყებული. გუნდში ახალი სისხლი გვინდა. სწორედ, ამის გამო მიხარია ბიჭების დღევანდელი თამაში და არა მხოლოდ მათი, რადგან კალათბურთი გუნდური თამაშია და წარმატებისთვის, ყველას გარკვეული წვლილი შეაქვს", - ამბობს ილიას ზუროსი.


განსხვავებით თბილისში ჩატარებული სადებიუტო მატჩისგან, დღეს სტაბილურად გამოიყურებოდა ჩვენი ნაკრების ახალბედა მოთამაშე გიორგი ტურძილაძე. მიუხედავად იმისა, რომ მას მოედანზე, საერთო ჯამში მხოლოდ 9 წუთის გატარება მოუხდა და მხოლოდ 4 ქულა მოუტანა გუნდს, შვეიცარიასთან გამართული მატჩისგან განსხვავებით, უფრო თავდაჯერებული იყო. თამაშიდან თამაშამდე გუნდის ლიდერად ყალიბდება ბექა ბურჯანაძეც.



შეხვედრაში, ალბათ გარდამტეხი მომენტი მესამე პერიოდის დასრულებამდე, სამიოდე წუთით ადრე დადგა, როდესაც, საქართველოს ნარებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, მოგვიანებით კი, ეს პერიოდიც მოიგო 19-24 და დასკვნითი მეოთხედის წინ, მატჩის მოსაგებად, სერიოზული განაცხადი გააკეთა. შეხვედრის ბოლო მონაკვეთის დაწყებამდე ანგარიში 67-65 იყო მასპინძლების სასარგებლოდ. მეოთხე პერიოდში, ქართველთა გუნდმა პირველად მოახერხა დაწინაურება.


ამ მატჩის კულმინაციური მომენტი ბოლო წუთებზე მოდის. დღევანდელი მატჩის გმირი კი, ქართველთა ამერიკელი ლეგიონერი გახდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაკფადენის ანგარიშზე 33 ქულა, 7 გადაცემა დააგროვა, გადამწყვეტ მომენტში, საკუთარ თავზე აიღო თამაში. მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვანი 3-ქულიანი ჩააგდო და საქართველოს ნაკრები დააწინაურა, ბოლო წამებზე 2 ზუსტი საჯარიმოც მიუმატა. საქართველოს ნაკრებმა კი, ბელგრადში 4-ქულიანი სხვაობით მოიგო, 90-94 (მატჩის სტატისტიკა) და პატარა სენსაცია მოახდინა. მითუმეტეს, ბელგრადში გამართული წინა შეხვედრისგან განსხვავებით, რომლის მიხედვითაც, სერბებმა დღევანდელ დღეზეც გააკეთეს ნებსით თუ უნებლიედ გათვლები.



„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად, თუმცა, ზოგჯერ კალათბურთი ისეთი თამაშია, რომ ყველაფერი ისე, არ მიდის, როგორც გინდა. ამავდროულად, მინდა მივულოცო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. როდესაც აკვირდები თუ როგორ მიდის თამაში და გრძნობ, რა განვითარება შეიძლება მოჰყვეს. ნაკრებს ჰყავს მწვრთნელი, რომელიც 5 წელია გუნდის სათავეშია. მას აქვს სისტემა, რომელიც კომფორტულია. რაც შეეხება თამაშს, ჩვენ გვქონდა შანსები. იყო მონდომებაც და ენერგიან. მე მჯერა, რომ თამაშებს იგებე და აგებენ მწვრთნელები. როდესაც აგებ თამაშს, როგორც მწვრთნელი ეკითხები თავს, რით უნდა დაეხმარო გუნდს თამაშის მოსაგებად. იყო იმდენი შეცდომა, იმდენი რამის დალაგება გვიხდება, ზონური თამაში, სივრცეების გამოყენება... ახალი გუნდია, მოთამაშეები კი ყველა სხვადასხვა კლუბებიდან მოდიან, სადაც თამაში დალაგებულია", - ამბობს იგორ კოკოშკოვი.



მოგვიანებით, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, ილიას ზურისი იტყვის: „სერბეთი, არის საკალათბურთო ქვეყანა. იგორს და სერბეთს, ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ დარჩენილ კვალიფიკაციაში". ახლა, სერბეთს, ჯგუფური კვალიფიკაციის დასრულებამდე, ფინალურ ეტაპზე გასასვლელად ბრძოლის გარდა, ლიდერების გარეშე, იმ ხარვეზების დალაგებაც უწევს, რაზეც მატჩის შემდგომ იგორ კოკოშკოვმაც ისაუბრა.  


ასეა თუ ისე, ამ საკალათბურთო „ფანჯარაში" საქართველოს ნაკრებმა ორი ურთულესი მატჩი ჩაატარა და ორი გამარჯვებით, ახლა ჯგუფს ლიდერობს. ამ მოგებული თამაშების მიუხედავად, გულხელდაკრეფილი და არხეინი ყოფა არც ილიას ზუროსს მოუწევს, რომელმაც მიმდინარე საკვალიფიკაციო, „ევრობასკეტი 2021" მოსამზადებელ ეტაპად უნდა მაქსიმალურად გამოიყენოს.




FIBA.COM ფოტოები