საკალათბურთო სუპერლიგის მე-12 ტური დაიწყო
საკალათბურთო სუპერლიგის მე-12 ტური დაიწყო
07.02.2020
ავტორი: კალათბურთის ფედერაციის ინფორმაცია


გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ბათუმმა დღეს დაწყებული მე-12 ტურის მატჩში "დინამოს" უმასპინძლა და უშუალო კონკურენტი დამაჯერებელი სხვაობით - 98:85 (სტატისტიკა) დაამარცხა. ზღვისპირელები პირველივე წამებზე რომ დაწინაურდნენ, დარჩენილ დროში ლიდერობა აღარ დაუთმიათ. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი დინამო, რომელიც პირველი წრის შემდეგ მეორე ადგილზე იყო და ბოლო 2 მტჩის წაგებით მეოთხემდე დაქვეითდა, ეროვნული ნაკრების წევრ გიორგი ცინცაძითა და კიდევ 2 ამერიკელი ლეგიონერით გაძლიერდა. თუმცა ცინცაძე ტრავმირებულია, ემილ ჩუკაკას გათავისუფლების ფურცელი არ მიუღია, ხოლო მესამე ახალწვეულმა ტაირელ ჯონსონმა დღევანდელ მატჩში 15 წუთში 10 ქულა ჩააგდო.


ბათუმელებმა პირველ პერიოდში 25:17 აჯობეს დინამოელებს, თუმცა სტუმრებმა მეორე ათწუთეულის მოგებით დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს და წარმატების იმედი მიეცათ. ნათქვამია, ვინც იგებს მე-3 პერიოდს, ის იგებს მატჩსო და ეს აზრი ამ შეხვედრაშიც გამართლდა. აღნიშნული მეოთხედი ბათუმელებმა 27:16 მოიგეს, 16-ქულიან ლიდერობას მიაღწიეს და შეხვედრის ბედიც გადაწყვიტეს. დარჩენილ დროში მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილმა დინამოელებმა მხოლოდ იმას მიაღწიეს, რომ დასრულებამდე 7 წუთით ადრე მეტოქეს 9 ქულით მიუახლოვდნენ. ეს იყო მათი მაქსიმუმი.


მასპინძელთა გამარჯვება ლოგიკური იყო, რადგან გუნდის წამყვან პოზიციებზე გამწესებულმა კალათბურთელებმა - გამთამაშებელმა ნიკოლაოს დიპლაროსმა და ცენტრმა იკოლა ვუიოვიჩმა - უბადლოდ ითამაშეს. ამას დაუმატეთ ფრთის პოზიციაზე მყოფი კოლინ მალკოლმის ჩაგდებული 27 ქულა და ბათუმელთა გამარჯვება გაუსაჩივრებელი იქნება. 


ბათუმელებს სოლიდური პროგრესი აქვთ და მეორე წრეში მოპოვებული 2 გამარჯვების შემდეგ დამსახურებულად არიან პირველ ადგილზე. სუპერლიგის მე-12 ტურის მორიგი 2 შეხვედრა შაბათს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, ტურის დარჩენულ ორ მატჩს კი რუსთავი და ქუთაისი კვირას უმასპინძლებენ.