ქართული საკალათბურთო ლეგიონი შერმო და მიშა
ქართული საკალათბურთო ლეგიონი შერმო და მიშა
23.01.2020
ავტორი: ი.პ.

გიორგი შერმადინი


საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მატჩი მოიგო გიორგი შერმადინის "ტენერიფემ". ამჯერად ესპანური გუნდი თურქეთს ესტუმრა და "გაზიანთეფი" 88:65 დაამარცხა.


გიორგის წინამძღოლობით ტენერიფელებმა პირველივე პერიოდში მოიპოვეს ხელჩასაჭიდი უპირატესობა, 20:14 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც ანგარიშში სხვაობას მხოლოდ ზრდიდნენ.


ვინაიდან, ესპანელთა გამარჯვებას საფრთხე არ დამუქრებია, მწვრთნელმა გიორგი შერმადინი საკმარისად დაასვენა - 21 წუთი ათამაშა. ამ დროში ქართველმა ცენტრმა მაინც მოასწრო და მატჩის საუკეთესო გახდა: 20 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა, მარგი ქმედების კოეფიციენტი - 27. გიომ 10-დან 8 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.


ტენერიფელთა გამთამაშებელმა მარსელინიო უერტასმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა - 17 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.


ესპანეურ კლუბს 10 მოგება, 2 წაგება აქვს და თავის ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებს მაიკლ დიქსონის "ნიმბურკთან" იყოფს. მომდევნო მატჩს 28 იანვარს შინ, ლატვიურ "ვეფ რიგასთან" გამართავს.



მიშა ბერიშვილი


ყატარულმა ალ შამალმა, რომლის ღირსებასაც მიხეილ ბერიშვილი და გიორგი ცინცაძე იცავენ, მორიგი მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს.


ალ სადთან დიდ ბრძოლაში მოგებულ (73:72) შეხვედრაში ცინცაძეს მონაწილეობა არ მიუღია, ბერიშვილმა კი, რომელმაც წინა ტურში 40 წუთში 42 ქულა მოაგროვა, ამჯერად, შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 2 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო და 19 ქულას 8 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა წაამატა.


მიხეილმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. ბერიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა შორის მხოლოდ ემირ მუიკიჩს (22 ქულა, 14 მოხსნა) ჩამორჩა.


ალ შამალს 10 მოგებითა და 3 მარცხით პირველი ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 23 იანვარს, სტუმრად, ყატარ სპორტსთან ჩაატარებს