ნაბიჯ-ნაბიჯ მიზნისკენ...
ნაბიჯ-ნაბიჯ მიზნისკენ...
21.01.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ახალი საფეხბურთო სეზონის პირველ ამხანაგურ მატჩში, თბილისის "ლოკომოტივი" საგურამოში, მეორე დედაქალაქურ გუნდს, "სპაერს" შეხვდა.  ამ მატჩში, ლოკომოტიველთაგან, გოლები ირაკლი სიხარულიძემ და გიორგი იაკობიძემ გაიტანეს და მოწინააღმდეგე მინიმალური ანგარიშით, 2-1 დაამარცხეს. ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ლოკოს ფორვარდი, მამია გავაშელიშვილი მოედანს დაუბრუნდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ, „გავაშა" 2020 წლის პირველი ტესტ-მატჩის მეორე ტაიმში შეიყვანა.


ამ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, „ლოკომოტივის" საწვრთნელ ბაზას ერთი დღით ვესტუმრეთ და გუნდის გეგმებზეც, ლევან კორღალიძისგან შევიტყეთ. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში, მოღრუბლული იყო და დაუსრულებელი ქართული „ახალი წლების" შესაფერისად „ბუხრის ამინდი" იყო, თბილისური საფეხბურთო კლუბის „ლოკომოტივის" ბაზაზე, საგურამოში ცივი, მაგრამ მზიანი ამინდი და გუნდშიც ამინდის შესაბამისი განწყობა დაგვიხვდა.




- ახლა, როდესაც დროა გასული, ცივ გონებაზე, როგორ მიგაჩნიათ, რა დაგაკლდათ 2019 წლის სეზონზე?


- პირველ რიგში, განვლილი წელი, დადებითად შემიძლია შევაფასო. რა დაგვაკლდა? ალბათ, დრო. იმიტომ, რომ 5 თვე, არ არის საკმარისი გუნდი იმ „ფილოსოფიით" წარმართო, როგორც შენ გინდა და თვლი, რომ საჭიროა. ამითვის დროა საჭირო. გასულ სეზონში, ალბათ, მეტი საშუალება, რომ გვქონოდა ამ კუთხით, ოდნავ სხვა შედეგი იქნებოდა. მაგალითად, ახლა ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში, ბევრად მეტი დროა იმისთვის, რომ „ლოკომოტივში" დავნერგოთ რაღაც ახალი.


- ეს დრო, რომ ყოფილიყო, რას შეცვლიდით? გამომდინარე აქედან, ახლა რას აპირებთ, რომელ რგოლს გააძლიერებდით?


- გაძლიერება და ახალი სისხლი ყოველთვის საჭიროა. კონკურენციის ზრდა, ხელს უწყობს  ფეხბურთელების ინდივიდუალურ განვითარებას. ჯერ, ინდივიდუალურად ფეხბურთელები ვვითარდებით და შემდეგ, ეს გუნდის სიძლიერეზეც აისახება. როდესაც ეროვნული ლიგის 2019 წლის ანალიზი გავაკეთეთ, „ლოკომოტივის" წინსვლის მთავარი მიზეზი, სწორედ, ფეხბურთელების ინდივიდუალური განვითარება იყო. ისინი, რაღაც დონეზე ავიდნენ და შემდეგ, უკვე, გუნდი ავიდა გარკვეულ დონეზე. შევცვლიდი იმას, რომ ჩემთვის როგორც მწვრთნელისთვის ფუფუნებაა, ერთ პოზიციაზე ორი ერთნაირი მაღალი კვალიფიკაციის ფეხბურთელი მყავდეს. ასეთი შემთხვევაში, მექნება კონკურენცია და ამის ხარჯზე, გუნდის წინსვლაც ჩანს. ბოლოს და ბოლოს, კი, არის მწვრთნელი პირობები, მაგრამ საბოლოო ჯამში რეზულტატს  აკეთებს მაღალი კვალიფიკაციის ფეხბურთელი და იმიტომა არის მერე, ისიც, რომ  კრეატიული ფეხბურთელი ძვირი ღირს. მესი რატომ ღირს ძვირი, იმიტომ რომ თავის ფანტაზიით თამაშობს და მესია, საუკეთესო და მაღალი ხარისხის ფეხბურთელი. რაც არ უნდა კომპაქტურად თამაშობდე, რაც არ უნდა დისციპლინირებულად იცავდე თავს, მაინც საბოლოო ჯამში, ფეხბურთელის ხარისხი წყვეტს ბევრ რამეს.


- წელს, როგორ აპირებთ ამ თემების „დალაგებას", ვის მოყვანას გეგმავთ? ვის აკვირდებით, რა ცვლილებებია „ლოკოში" მოსალოდნელი?


- სეზონის შემდეგ, გუნდი ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა. ახლის კეთების პროცესში,  შევთანხმდით და სტაფი, იმ აზრამდე მივიდა, რომ „ლოკოში", ცვლილებების დროა. ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ფეხბურთელია კაპანაძე, რომელიც დავიმატეთ, ახალგაზრდაა. იგივე შემიძლია ვთქვა ჯინჯოლავაზე. დადებითად შემიძლია შევაფასო მათი მოსვლა კლუბში, უკვე გამართული ვარჯიშებიდან გამომდინარე. როდესაც კლუბში წლის გეგმაზე ვილაპარაკეთ, ჩვენი პოლიტიკა იყო ის, რომ ჯობია აქცენტები ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გავაკეთოდ, გავზარდოთ, მივცეთ პირველ გუნდში თავისუფლად ინტეგრირების საშუალება და ამით დავბალანსდეთ. თუმცა,  სელექცია არ დაგვიმთავრებია. შეიძლება, ლეგიონერიც ვნახოთ და ჩამოვიდეს, მაგრამ ასე, რომ ვთქვათ, დიდად ტესტ-მატჩებში ფეხბურთელების გასინჯვის მომხრე არ ვარ. მინდა, რომ კარგად ვიცოდე ფეხბურთელი, ვინ არის, რა არის და პირდაპირ მოვიყვანოთ კონტრაქტზე. თუ საჭირო იქნება, თუ არის ისეთი ლეგიონერი, რომელიც ძალიან მოგვეწონა, შემიძლია თავადაც გადავფრინდე, ვნახო ადგილზე, რადგან ნებისმიერი, თავს ყველაზე კარგად წარმოაჩენს საკუთარ კლუბში. არის მეორე ვარიანტიც, როგორ შეეწყობა გუნდს და ადგილზე ჩამოყვანით, ეს ნახო, თუმცა ამის მომხრე არ ვარ. შეიძლება ნახევარი წელი აკვირდებოდე ფეხბურთელს და მერე მოიყვანო, რადგან დარწმუნებული იყო, მართლა კარგი მოთამაშეა. ჩემი აზრით, ჯობია ქართველ ფეხბურთელს, განსაკუთრებით შენი აკადემიის აღზრდილს მისცე თავის გამოჩენის საშუალება, ვიდრე ჩამოიყვანო, იმავე დონის ლეგიონერი და მისცე მას პრიორიტეტი.




- ანუ,  „ლოკო" აკადემიის ხარჯზე გაძლიერდება? მხედველობაში მაქვს, ეროვნული ჩემპიონატი და შემდეგ, ევროტურნირებისთვის უკვე ლეგიონერებითაც გაძლიერდება?


- ჩვენ, ძირითადი ბირთვი შევინარჩუნეთ, დაგვემატნენ არა ჩვენი აკადემიიდან კაპანაძე და ჯინჯოლავა. აკადემიიდან, ვარჯიშებზე რა თქმა უნდა არის 2-3 ფეხბურთელი, რომლებსაც ვაკვირდებით და მათ აქვთ დიდი შანსი, რომ იყვნენ პირველი გუნდის სრულფასოვანი წევრები, მაგრამ ეს პროცესია, რომლსაც დრო სჭირდება. თუმცა, იმის თქმა, რომ მთლიანად აკადემიის ფეხბურთელებზე ვართ გადართულები არ შეიძლება. ასეთი რესურსი არ გვაქვს, რომ 6-7 ფეხბურთელი გაუშვა და ამდენივე მოიყვანო აკადემიიდან, თან მათ უმაღლესი ლიგის დონეზე რეზულტატი მოგვიტანონ. რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა, რომ უფრო კარგი წელი იყოს, ვიდრე 2019.


- რა არის „ლოკომოტივის" გეგმა მინიმუმი და მაქსიმუმი 2020 წელს?


- ცოტა ამბიციური ადამიანი ვარ. ეს, არ მინდა ცუდად იყოს გაგებული. მინდა, რომ „ლოკომოტივი" გახდეს კონკურენტუნარიანი გუნდი. ჩვენს ეს, ვაჩვენეთ 2019 წლის სეზონზე. „ლოკომოტივი" არის მებრძოლი სულისკვეთების და კმაყოფილი ვარ ამით. მიზანი არის, გუნდი გახდეს უკეთესი. ითამაშოს კარგად და ისე, როგორც საქართველოს ჩემპიონატში შეეფერება „ლოკომოტივს" და  ევროტურნირებზეც არ შევირცხვინოთ თავი, მაგრამ პირველივე წელს, ევროპა ლიგის ჯგუფში შევალთ და მსგავსი პირობების დადებას არ ვაპირებთ... კი, მინდა ძალიან, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან დიდი რესურსი. ასე, უცბად ეს, არ ხდება. თან, ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი... ჩვენ გვინდა, იყოს მზარდი გუნდი და ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდეს. როდესაც ჯგუფში შეხვალ, ამისთვის მზად უნდა იყო. შეხვიდე იქ და მერე 9-0-ები წააგო, შესაძლოა პირიქით, ცუდიც იყოს და უარყოფითად იმოქმედოს გუნდზეც და მთლიანად საქართველოზეც. ამიტომ, ამბიცია და მოლოდინი არ უნდა გაჩნდეს. უნდა ვიყოთ რეალისტები და მივყვეთ გეგმას. ჩვენი გეგმები, არის ის რომ ვიხედებით წინ. ილუზია არ მაქვს, რომ ჩენთან მესი და რონალდო იქნებიან, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ვიცი „ლოკოს" ბიჭები, ვიცი მათი ხარისხი, მათი მჯერა.




- შეკრება როგორ მიდის? ყველა ჯანმრთელად არის?


- შეკრება საგურამოში რამდენიმე დღეა დავიწყეთ. ყველა საბედნიეროდ ჯანმრთელად არის. ერთი გვაკლია, ნიკა ჭანტურია, რომელსაც ბატონები აქვს და 10 დღე არ იქნება ჩვენს გვერდით, თუმცა, ჩვენი ექიმების დაკვირვების ქვეშ მკურნალობს. გახსოვთ, კირკიტაძემ ფეხი მოიტეხა თასის ფინალში და ალბათ, მარტის ბოლოს დაგვიბრუნდება. შეკრებაზე მივდივართ 7 თებერვალიდან. 10, 13, 16 და 19 თებერვალს, დაგეგმილი გვაქვს 4 თამაში. სამი გუნდის ვინაობა ვიცი, აქედან 2 დანიის გუნდია, და ერთიც მარიოპოლის და მეოთხეს პასუხ ველოდებით. განწყობა კარგია, ოპტიმისტური. მინდა, რომ 2020 წელს, კარგი და კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავდეს. ამის სურვილი, რომ არის, ჩვენ დავამტკიცეთ, რადგან „დინამო თბილისისთვის" და ბათუმის „დინამოსთვის" ერთ სეზონში 2 თამაში არავის მოუგია. თან, „დინამო თბილისს" მოვუგეთ „დინამო არენაზე". თავად ვიყავი ფეხბურთელი და ვიცი, რა დატვირთვა აქვს, როდესაც „დინამოს" გვირაბიდან გადიხარ. ამას გარდა, ითამაშო თასის ფინალი, არც ეს არის იოლო ამბავი. რა თქმა უნდა, „საბურთალო" ძლიერი გუნდია, თუმცა იღბალი ჩვენს მხარეს რომ ყოფილიყო, შეიძლება სხვანაირადაც დამთავრებულიყო. ვნახოთ შევეცდები, რომ გასულ სეზონთან შედარებით, ბევრად უკეთესები ვიყოთ და სწორი ფეხბურთი ვითამაშოთ. ამას ვცდილობთ. ხან გამოგვდის, ხან არა... თუმცა, გასულ ჩემპიონატში, უფრო მეტჯერ გამოვიდა. ასე, რომ სწორ გზას ვადგავართ და ვეცდებით, არ გადავუხვიოთ.



მთელი ინტერვიუს მანძილზე ვეცადე ახლაგაზრდა მწვრთნელისგან ვინმეს გვარი „ამომექაჩა", მაგალითად ვისაც უფრო ენდობა, მაგრამ ლევან კორღალიძისგან მხოლოდ ერთ პასუხს ვისმენდი, ჩვენ ვართ გუნდი და არ მიყვარს კონკრეტულად გვარების გამოყოფაო.