ქართველების გამორჩეული დღე
ქართველების გამორჩეული დღე
20.01.2020
ავტორი: ი.პ.

დუდა სანაძე


საქართელოს ეროვნული ნაკრების წევრი, დუდა სანაძე პორტუგალიის თასის მფლობელია. "ოლივეირენშემ", რომელმაც ნახევარფინალში "სპორტინგს" 93:88 სძლია, ფინალურ მატჩში "ბენფიკას" 83:81 აჯობა და თასი მოიპოვა.


სანაძე ორივე შეხვედრაში გამორჩეული იყო. ნახევარფინალურ შეხვედრაში ქართველი კალათბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 35:29 წუთში 14 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. დუდამ 10-დან 4 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4-ჯერ დაუფარეს, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.


სანაძე ფინალურ მატჩში 17 ქულით ბომბარდირი გახდა. დუდამ 22:02 წუთში 6-დან 4 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, აქტივში 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრაც ჰქონდა, პასივში კი - 2 დაკარგვა და 4 პერსონალური ჯარიმა.


შეგახსენებთ, რომ "ოლივეირენშე" პორტუგალიის ბოლო 2 წლის ჩემპიონია და მიმდინარე გათამაშებაში მე-4 ადგილზე იმყოფება. სანაძის გუნდს სწორედ ის გუნდები უსწრებენ, რომლებიც თასის გათამაშებაში მონაწილეობდნენ - პორტო, ბენფიკა და სპორტინგი.


გთავაზობთ სანაძის კომენტარს, რომელიც ქართველმა კალათბურთელმა თასის მოგების შემდეგ ქართულ მედიასთან გააკეთა:

"ლისაბონურ კლუბებთან 2 რთული მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ სპორტინგთან უფრო გაგვიჭირდა, რადგანაც მატჩის მოსაგებად ორი ოვერტაიმი დაგვჭირდა. ვიცოდით, რომ ჩემპიონები იოლად ვერ გავხდებოდით. ოლივეირენშე ზედიზედ 2 წელია პორტუგალიის ჩემპიონი ხდება. ლისაბონურ კლუბებს ჯობნის, თუმცა მარტივად არაფერი მოდის. პორტუგალიის ჩემპიონატში პირველი 4 გუნდი ძალიან ძლიერია: ბენფიკა, ოლივეირენშე, პორტო და სპორტინგი. დანარჩენი კლუბები შედარებით სუსტები არიან, თუმცა ამ 4 გუნდის ხარჯზე დონე მაინც მაღალია. რა თქმა უნდა, წლევანდელი მიზანიც ჩემპიონობაა", - ამბობს დუდა სანაძე




თორნიკე შენგელია


თორნიკე შენგელიას ბასკონიამ მადრიდში რეალი 95:94 დაამარცხა, მატჩის გმირად კი ქართველი კალათბურთელი იქცა. ეს მოხდა ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის ცენტრალურ მატჩში, რომელშიც ფავორიტად მასპინძელი, სამეფო კლუბი ითვლებოდა.


შენგელიამ შეუცვლელად - 40 წუთს ითამაშა, რაც თანამედროვე კალათბურთისთვის და განსაკუთრებით ესპანეთის უძლიერესი ლიგისთვის უშვიათესი ფაქტია.


მატჩის დასრულებამდე 25 წამით ადრე ტაბლოზე ფრე (91:91) იყო დაფიქსირებული, როდესაც შენგელიამ ფარქვეშ შეჭრა მოახერხა და ლამაზი სლემ-დანქი განახორციელა, საპასუხო შეტევაში ფაკუნდო კამპაცომ ვერ ივარგა, მადრიდელები თორნიკეზე დაჯარიმდენ და მან 2-ვე ტყორცნა გამოიყენა - 91:95.


საფინალო სირენამდე ხუთიოდ წამით ადრე, რეალის ვარსკვ,ავმა სერხიო ლულმა ურთულესი სამქულიანი ჩააგდო და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, რასაც შენგელიას წინააღმდეგ კიდევ 1 პერსონალური ფოლი მოჰყვა.


ამ შემთხვევაში, ქართველმა ლეგიონერმა ვერცერთი ჯარიმა ვერ გამოიყენა, თუმცა, იმავე ლულის მიერ თავისი ნახევრიდან ნასროლი ბურთი მიზანს მიღმა გაუშვა და ბასკონიამ მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.




გიორგი შერმადინი


მეოთხედ, ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში, გიორგი შერმადინი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ევროპის ყველაზე მძლავრ და წარმომადგენლობით ეროვნულ ჩემპიონატში ქართველი ცენტრი შეუჩერებელია. ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 18 ტურიდან 5-ში საუკეთესოდ ქართველი დასახელდა. შერმადინის ტურის MVP-ის ტიტული მეოთხე გახლდათ, ერთხელაც ეს ჯილდო თორნიკე შენგელიამ დაიმსახურა.


ამჯერად შერმადინმა საპატიო ტიტული "ესტუდიანტესთან" ნაჩვენები სარგებლიანობის გამო დაიმსახურა. მე-18 ტურში ქართველი ცენტრის "ტენერიფე იბეროსტარმა" მადრიდულ გუნდს უმასპინძლა და 76:59 რომ დაამარცხა, ყველაზე მეტად შერმადინის დამსახურებაა. გიორგიმ მოედანზე 25:24 წუთი გაატარა და თავი 21 ქულას, 14 მოხსნას, 2 პასს და 1 ჩაჭრას მოუყარა. შერმადინმა 11-დან 6 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. პასივში მას 5 დაკარგვა ჰქონდა. გიორგის სარგებლიანობის ინდექსმა 31 ერთეული შეადგინა და ის ამ მაჩვენებლით მთელი ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.


შერმადინი ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში მეორეა სარგებლიანობის ინდექსით. გიორგი მატჩში საშუალოდ 24,5 ერთეულს აგროვებს და მის წინ მხოლოდ ნიკოლა მიროტიჩია (25,3). ქართველი ცენტრი საშუალოდ 27 წუთს თამაშობს, რა დროშიც 18,3 ქულას, 7,2 მოხსნას და 1,6 პასს ითვლის.


შერმადინი გასულ კვირას საქართველოს საუკეთესო ლეგიონერად დაასახელეს. ეს ჯილდო მან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე დაიმსახურა.