შერმო, აღარ ხუმრობს!
შერმო, აღარ ხუმრობს!
08.12.2019
ავტორი: ი.პ.

გიორგი შერმადინი შეუჩერებალია. "ტენერიფე იბეროსტარის" ქართველი ცენტრი ფანტასტიკურ სეზონს ატარებს. ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში ტენერიფელებმა "მურსიას" უმასპინძლეს და შერმადინის დომინანტური თამაშის წყალობით 85:78 გაიმარჯვეს. 


ქართველმა ცენტრმა მარგი ქმედების რეკორდული ოდენობა მოაგროვა - 38. ძნელად სავარაუდოა, დღეს დაწყებულ მე-11 ტურში ეს შედეგი ვინმემ გადაფაროს, რაც იმას ნიშნავს, რომ შერმადინი ტურის საუკეთესო კალათბურთელი (MVP) გახდება.


შერმადინმა, ცხადია, სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 30:16 წუთში 25 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თითქოს ისეთი ციფრები არაა, რომ სარგებლიანობის ინდექსი 38-ამდე ასულიყო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ქართველმა ცენტრმა ძალიან აკურატულად ისროლა, 25 ქულა ისე მოაგროვა, მთლიანობაში მხოლოდ 2 ბურთი ააცილა - 1 საჯარიმოდან და 1 - თამაშიდან. ასევე, გიორგიმ უჯარიმოდ ითამაშა, მასზე კი მეურვეები 7-ჯერ დაჯარიმდნენ.


შერმადინმა 9-დან 8 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. ის ფაქტობრივად შეუჩერებელი გახლდათ და ტენერიფელთა გამარჯვებაშიც უდიდესი წილი სწორედ მას ეკუთვნის. 13 ქულით გიორგის ხელი დანი დიესმა წააშველა, 11 ქულით კი - მარსელინიო უერტასმა. 


აქვე აღვნიშნოთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატში შერმადინის რეკორდი 29 ქულაა, რომელიც მან 2016 წლის 3 იანვარს, "ანდორაში" თამაშისას, "მონბუსის" წინააღმდეგ ჩააგდო. თუმცა იმ მატჩში შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 34 ერთეული შეადგინა.


6 მოგებითა და 5 წაგებით "ტენერიფე" ცხრილში 6-8 ადგილებს ბექა ბურჯანაძის "გრან კანარიასა" და შერმადინის ყოფილ კლუბ "ანდორასთან" იყოფს. ჩვენ კი დაველოდოთ ამ ტურის დასრულებას და დიდი ალბათობით - შერმადინის MVP-ის ტიტულს.