საქართველოს ფუტსალის ლიგის 2019-2020 წლების სეზონი 6 დეკემბერს იწყება
საქართველოს ფუტსალის ლიგის 2019-2020 წლების სეზონი 6 დეკემბერს იწყება
04.12.2019
ავტორი: თ.ჯ.

საქართველოს ფუტსალის ლიგა, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 6 დეკემბერს აიღებს სტარტს. 2019-2020 წლების სეზონთან დაკავშირებით, „ილიაუნის" წიგნის სახლში „ლიგამუსი", ფუტსალის ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ის ახალი სეზონის წილისყრა გაიმართა.


ფუტსალის ლიგის წლევანდელ გათამაშებაში 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ერთმანეთს სამ წრედ დაუპირისპირდებიან. ამის შემდეგ, საუკეთესო ოთხეული პლეი-ოფში განაგრძობს ასპარეზობას. 1/2 ფინალში, გუნდები სამ მოგებამდე ითამაშებენ. ორ მოგებამდე გაგრძელდება „ბრინჯაოს ფინალი".


„შარშან თსუ-ს ორივე გუნდს წარმატებული სეზონი ჰქონდა - სადებიუტო ჩემპიონატში მესამე ადგილი, საქართველოს თასი და ლიგა 2-ის ტიტული. სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო, ფეხბურთელების შენარჩუნება ვერ შევძელით. ორივე გუნდში თითქმის სრული შემადგენლობის განახლება მოგვიწია. ჩვენზე ძლიერ გუნდებს, როგორიცაა თელასი და ილიაუნი, ვეცდებით მაქსიმალური წინააღმდეგობა გავუწიოთ და ეს სეზონი სამომავლო პერსპექტივებისთვის გამოვიყენოთ. ორივე ლიგაში, ჩვენი მთავარი მიზანი, პლეი-ოფში გასვლა იქნება", - ამბობს დავით ბობოხიძე, თსუ-ს მთავარი მწვრთნელი.


ზედა ლიგის მსგავსად, 6 გუნდი იქნება წარმოდგენილი ლიგა 2-ში. სამი წრის შემდეგ, უმაღლესი ლიგის საგზურისთვის საუკეთესო ოთხეული განაგრძობს ბრძოლას. 1/2 ფინალური და ფინალური შეხვედრები ორ მოგებამდე გაგრძელდება.


„პროფესიონალურ ლიგაში უკვე ერთწლიანი გამოცდილება გვაქვს. ის შეცდომები, რაც შარშან დავუშვით, შევეცდებით არ გავიმეოროთ. პირველი თამაშისთვის, როგორც ყველა, მობილიზებულები ვიქნებით. სეზონის გამარჯვებით დაწყება მეტოქის სურვილიცაა, თუმცა პსპ-ს შემადგენლობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სასურველ შედეგს მივაღწევთ. ჩემპიონატში ახალი გუნდების გამოჩენა სასიხარულოა, განსაკუთრებით უნივერსიტეტების სახით. უნდა აღვნიშნო, რომ გაზაფხულზე თასის გათამაშებას განსაკუთრებით ველით", -ამბობს კონსტანტინე ჯავახიშვილი, პსპ-ს მენეჯერი.


წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ, გუნდები პარალელურად ფუტსალის ლიგის თასის გათამაშებაში ჩაერთვებიან. სადაც ჯამში, წრიული ეტაპის შედეგების მიხედვით, საუკეთესო 8 გუნდი იასპარეზებს. ფინალისტი და თასის მფლობელი სპეციალური ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან.


ფუტსალის ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ის პარტნიორი კვლავ საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდი იქნება, რომლის თანადაფინანსებით ტარდება აღნიშნული ჩემპიონატი. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, ფუტსალის ორივე ლიგის გუნდები მატერიალურ ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საბაზისო დაფინანსებას მიიღებენ.


6 დეკემბერი

 ფუტსალის ლიგა 2-ში

13:00 თსუ 2 - ევროპის უნივერსიტეტი

15:00 საქართველოს უნივერსიტეტი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

21:00 პსპ - გორი

ფუტსალის ლიგა

17:00 თსუ-სა - თბილისი

19:00 თელასი - ილიაუნი


7 დეკემბერს  / ქუთაისის სპორტის სასახლე

14:00  მართვე - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი