„დინამომ“, „ქუთაისი“ დაამარცხა თუმცა, ჯერ მხოლოდ მესამეა
„დინამომ“, „ქუთაისი“ დაამარცხა თუმცა, ჯერ მხოლოდ მესამეა
01.12.2019
ავტორი: კალათბურთის ფედერაციის ინფორმაცია

„დინამო" - „ქუთაისი" 84-83


სუპერლიგის მე-8 ტურის ჯერჯერობით ყველაზე დაძაბული და საინტერესო მატჩი "დინამოსა" და "ქუთაისს" შორის დაპირისპირებაა. ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მატჩში გამარჯვებულის ბედი საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე გადაწყდა. ქუთაისელთა სერბმა ცენტრმა, მილოშ პაიოვიჩმა დასრულებამდე 2 წამით ადრე 1 საჯარიმო ჩააგდო, მეორე კი ააცილა და ხელები თავზე შემოირტყა. აცილება წაგებას ნიშნავდა, რადგან "დინამო" 84:83 იგებდა და პაიოვიჩის აცილებული ლუკა ბულაშვილმა რომ მოხსნა, დროც დამთავრდა. "დინამომ" 1 ქულით გაიმარჯვა, არადა, მეორე პერიოდში 17 ქულით - 46:29 იგებდა და თითქოს არაფერი ემუქრებოდა.


დიდ შესვენებაზე ქუთაისელებმა თამაში კარგად გააანალიზეს და მესამე პერიოდიდან ინიციატივას დაეპატრონნენ. იმერულმა კლუბმა თამაში სერბ ლეგიონერ მილოშ პაიოვიჩზე ააწყო, რომელიც სამწამიანში გამაგრდა და მას პასებით შედეგიანად ამარაგებდნენ ჯეიმზ მილიკენი, შონ რაუნდთრი და მეორე მეფარე ბექა ბექაური. როცა პაიოვიჩის ფარქვეშა ორქულიანებს პერიმეტრიდან მილიკენის სამიანებიც დაემატა, ქუთაისელებმა ჯერ ჩამორჩენა გააბათილეს (63:64 მესამე პერიოდის შემდეგ), ბოლო მეოთხედის ახალდაწყებულზე კი დაწინაურდნენ კიდეც.


გადამწყვეტ ათწუთეულში თანაბარი თამაში გაჩაღდა. ბოლოსწინა წუთზე კევინ ობრაიანისა და ტაილერ უილიამსის შედეგიანი შეტევების შემდეგ დინამოელები 7 ქულით - 82:75 დაწინაურდნენ. დასრულებამდე 75 წამი რჩებოდა და თამაშის ბედიც გადაწყვეტილი ჩანდა, თუმცა მილიკენის სამქულიანითა და ტაქტიკური ჯარიმებით ქუთაისელებმა იმდენს მიაღწიეს, რომ ბოლოსწინა წამზე ანგარიშის გათანაბრების რეალური შესაძლებლობა მიიღეს. როგორც აღვნიშნეთ, პაიოვიჩმა 2-დან მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო და გამარჯვება დინამოელებს დარჩათ.


თბილისურ გუნდს 20 ქულით კევინ ობრაიანმა ულიდერა. 17 ქულა და 7 მოხსნა ტაილერ უილიამსმა, ხოლო 12 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი ლუკა ბულაშვილმა მოაგროვა. ქუთაისელთაგან 28 ქულით ჯეიმზ მილიკენი გამოირჩა. 26 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მილოშ პაიოვიჩმა მოაგროვა. 11-11 ქულა შონ რაუნდთრიმ და ბექა ბექაურმა მიითვალეს.




„კაკტუსი" - „ვერა" 81-72

მე-8 ტური "კაკტუსისა" და "ვერას" მატჩით დასრულდა. ცხრილის შუაწელში მყოფი გუნდების მატჩი სწრაფ ტემპში წარიმართა და ვერელების გამარჯვებით - 81:72 დასრულდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა 3-მატჩიანი წარუმატებელი სერია გაწყვიტა და მიმდინარე სუპერლიგაში მე-4 გამარჯვება მოიპოვა. ვერელებმა წარმატებას გუნდური თამაშის წყალობით მიაღწიეს და თავიდან აქტიური "კაკტუსი" მე-3 პერიოდში გატეხეს.


არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა "კაკტუსმა" შეხვედრა შედეგიანად დაიწყო და როგორც სწრაფი გარღვევეით, ისე შორი სროლებით მოპოვებული ქულების წყალობით პირველი პერიოდი 30:21 მოიგო. თამაშის მიმდინარე სცენარი ვერელებს კარგს არაფერს უქადდა და ამიტომ მეორე პერიოდიდან ირაკლი ხოშტარიამ ტაქტიკა შეცვალა. ფეხმარდ კაკტუსელებს სისწრაფეში არ აჰყვა და დაცვა გაამაგრა, რითაც მეტოქეს სწრაფი შეტევების განხორციელების საშუალება მოუსპო, ხოლო მჭიდრო, პერსონალური მეურვეობით კაკტუსის მოთამაშეებს სროლების ზუსტად შესრულების შანსი შეუმცირა.


შედეგმაც არ დააყოვნა. მეორე პერიოდი "ვერამ" 15:8 მოიგო, ხოლო როცა თამაშის ტემპი შენელდა, საქმეში ვერელთა მეფარეებიც ჩაერთნენ. ვახტანგ ქადარიამ და ვენდელ ლუისმა სამწამიან ზონაში კონტროლი დაამყარეს, მათი შეჩერება "კაკტუსის" წინახაზელებს არ შეეძლოთ და ეს მომენტი ხოშტარიას გუნდმა მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენა. პლუს ამას, პერიმეტრიდან პერიოდულად ვერელთა უკანახაზელებიც ზუსტად გაისროდნენ ხოლმე და მესამე პერიოდიც მათი დამაჯერებელი გამარჯვებით - 27:16 დასრულდა.


შედეგად, ბოლო პერიოდის წინ ხოშტარიას გუნდის უპირატესობამ 9 ქულა შეადგინა და "კაკტუსს" მატჩის მოგების ამბიცია თუ ჰქონდა, თამაშში კარდინალური ცვლილებები უნდა შეეტანა. არჩილ ჟღენტის გუნდმა ეს ვერ მოახერხა. თამაში თანაბრად გაგრძელდა, "ვერა" მეტოქეს მიახლოვების შანსს არ აძლევდა და შეხვედრაც ისე დასრულდა, ვითარება არ დაძაბულა.


საბოლოოდ "ვერამ" 9 ქულის სხვაობით იმარჯვა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე 27 ქულისა და 10 მოხსნის მიმთვლელი ვახტანგ ქადარია გახდა. 17 ქულითა და 11 მოხსნით გამოირჩა ვერელთა მეორე მეფარე ვენდელ ლუისი. 15 ქულა ჩააგდო 18 წლის ირაკლი სულხანიშვილმა, ხოლო გივი ბაქრაძის ანგარიშზე 10 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი დაგროვდა. "კაკტუსში" 23 ქულით საუკეთესო იყო ჯასტინ ევერეტი. 18 ქულა ბრაიან უილიამსმა, ხოლო 13 - მიხეილ ჭოჭუამ მოაგროვა.




„ბათუმი" - „ცხუმ-აფხაზეთი" 108-90


სუპერლიგის მე-8 ტური დღეს ბათუმში დაიწყო. გია კაზანჯიანის გაზვრთნილმა "ბათუმმა" "ცხუმ-აფხაზეთს" უმასპინძლა და 18 ქულის სხვაობით - 108:90 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ზღვისპირელები სუპერლიგის ცხრილში გალიდერდნენ, თუმცა ხვალ თამაშობს აქამდელი ლიდერი თსუ და "ოლიმპი", რომელთა გამარჯვების შემთხვევაშიც ცხრილის სათავეში სტატუს-კვო აღდგება.


დღევანდელი მატჩი ერთგვარად ისტორიული გამოდგა. ბათუმელთა ამერიკელმა ლეგიონერმა, კოლინ მალკოლმმა ერთ პერიოდში 22 ქულა ჩააგდო, რითაც ბოლო ათწლეულის რეკორდი დაამყარა. ამაზე მეტი სუპერლიგაში მხოლოდ გიორგი მარკოიშვილს მოუგროვებია, რომელმაც 2009 წლის 15 მარტს, თსუ-ში თამაშისას "ბათუმს" 75 ქულა ჩაუგდო. ის მატჩი თსუ-ს სასარგებლოდ, 162:81 (სტატისტიკა) დასრულდა.


დავუბრუნდეთ დღევანდელ მატჩს და აღვნიშნოთ, რომ მალკოლმის 22 ქულით შემართულმა ბათუმელებმა პირველი პერიოდი 34:19 მოუგეს "ცხუმ-აფხაზეთს" და გამარჯვებაზე ხმამაღალი განაცხადი გააკეთეს. ზღვისპირელებს აკლდათ უკანახაზელი ჯუნიუს პროველი, რომელმაც გუნდი დატოვა და ამერიკაში გაემგზავრა. მისი არყოფნა ბათუმელებს არ შეტყობიათ და თუ არ ჩავთვლით მცირე ჩავარდნას მეორე მეოთხედში, დღევანდელ შეხვედრაში არ გასჭირვებიათ.


მალკოლმმა საბოლოოდ 37 ქულა ჩააგდო და 1 ქულით გააუმჯობესა მიმდინარე სეზონში ცხუმელთა უკანახაზელის, კვან ვოლერის რეკორდი. ბათუმელთაგან უბადლოდ გაისარჯა სერბი ცენტრი ნიკოლა ვუიოვიჩი, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა - 23 ქულა, 14 მოხსნა, 9 პასი. ვუიოვიჩმა 12-დან 11 ორქულიანი ჩააგდო. 13 ქულა ჰქონდა ლევან მასხულიას, ხოლო 12 - ლევან ბაბილოძეს. "ცხუმ-აფხაზეთში" 22 ქულით საუკეთესო იყო ობრი მაკალპინი.


"ბათუმს" 5 მოგება და 3 მარცხი აქვს და სადღეისოდ ლიდერია, "ცხუმ-აფხაზეთს" კი 3 მოგების წილ 4 მარცხი გააჩნია და მე-6 ადგილზე იმყოფება.




თსუ - „რუსთავი" 79-64


გუშინ ბათუმში დაწყებული სუპერლიგის მე-8 ტური დღეს თბილისში გრძელდება. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველი დასრულდა. ერთმანეთს ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი თსუ და ცხრილის შუაში მყოფი, თუმცა დიდი ამბიციის მქონე "რუსთავი" შეხვდნენ. ქვემოქართლელთა ამბიცია იმაში მდგომარეობს, რომ გუნდს საბერძნეთიდან საგანგებოდ მოწვეული სპეციალისტი, გეორგიოს კეცელიდისი წვრთნის, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების საქართველოში მოთამაშე კალათბურთელები შემოიკრიბა, თუმცა...


რუსთაველებმა წინა ტურში ლიდერთა შორის მყოფი "ბათუმი" დაამარცხეს და დღეს სუპერლიგის მოწინავე თსუ-ს ძლევასაც გეგმავდნენ, რაც არ გამოუვიდათ. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა ქვემოქართლელებს შანსი არ დაუტოვეს. თუ არ ჩავთვლით მესამე პერიოდში რუსთაველთა გააქტიურებას და ჩამორჩნის 4 ქულამდე შემცირებას, სხვა დანარჩენ ეპიზოდებში თსუ მეტოქეს ყველაფერში ჯაბნიდა.


დასაწყისში თბილისელები 10:0 დაწინაურდნენ, პირველი პერიოდი კი 23:10 მოიგეს. თსუ-ელები გუნდურად და დაბალანსებულად თამაშობდნენ. როგორც პერიმეტრიდან, ისე ფარქვეშიდან, მასპინძლებს ქულების მოგროვება არ უჭირდათ, თუმცა ყველაზე საიმედო იარაღი სწრაფი შეტევები იყო. რუსთაველები მეტოქეს ტემპში ვერ აჰყვნენ და იმ ეპიზოდშიც, როცა ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს (47:51), ფონს ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გადიოდნენ.


თსუ-ს მწვრთნელმა წუთშესვენება აიღო და მოთამაშეებისთვის მიცემული დავალებები კალათბურთელებმა ზუსტად შეასრულეს. ბოლო პერიოდის წინ უნივერსიტეტელები 60:52 იგებდნენ და 9:0 გაქცევის შემდეგ თამაშის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტეს. რუსთაველებს მცდელობა კი ჰქონდათ, მაგრამ თამაშის გადარჩენის რეალური შესაძლებლობა არ მისცემიათ. თსუ დამაჯერებლად მივიდა სეზონის მე-6 გამარჯვებამდე და სუპერლგის ლიდერობა გაიმყარა - 6 მოგება, 2 მარცხი.


უნივერსიტეტელთაგან ხუთმა მოთამაშემ მიაღწია 10-ქულიან ზღვარს. 14 ქულით გუნდის ბომბარდირი ტრავმამოშუშებული გიორგი ტურძილაძე გახდა. 12 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა კრის ანდერსონმა მიითვალა, 12 ქულა დაგროვდა რიკი მედისონის ანგარიშზეც, ხოლო გიორგი კორსანტიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - 10 ქულა, 9 მოხსნა მოაგროვა. "რუსთავში" 12-12 ქულით ილია ლონდარიძე და დენზელ ლივინგსტონი გამოირჩნენ.




„ოლიმპი" - „ტიტები" 71-56


სუპერლიგის მე-8 ტურის რიგით მე-3 და დღევანდელი ბოლო მატჩი დასრულდა. დიმიტრი ჯაკობოვის, დავით როგავასა და დიტო ვაჭარაძის გაწვრთნილმა „ოლიმპმა" „ტიტებთან" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 71:56. მას შემდეგ, რაც სუპერლიგა 2 მარცხით დაიწყეს, ეს გახლდათ ოლიმპელთა ზედიზედ მე-5 გამარჯვება, რაც მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგი გახლავთ. არც ერთ გუნდს, მიმდინარე ჩემპიონატში 5-მატჩიანი წაუგებელი სერია არ ჰქონია. საწყისი ტურების შემდეგ აუტსაიდერი გუნდი ლიდერებში მყარად ჩაჯდა.


შეხვედრა ოლიმპის 8:0 გაქცევით დაიწყო, თუმცა ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილმა "ტიტებმა" თამაშის დალაგება მოახერხეს და პერიოდის მიწურულს დაწინაურდნენ კიდეც - 17:15. სწორედ აქ მოხდა გარდატეხა, როცა "ოლიმპმა" დაცვა გაამაგრა და თამაში კონტრშეტევებზე ააწყო, რასაც შორ სროლებსაც წარმატებულად უნაცვლებდა. პერიოდის ბოლომდე ოლიმპელებმა 2-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს, 2-წუთიანი შესვენების შემდეგ კი თამაშის სადავეებს დაეპატრონნენ.


მეორე მეოთხედში "ოლიმპმა" ლიდერობა 7 ქულამდე გაზარდა, თუმცა თამაშის სცენარიდან გამომდინარე მეტი რესურსი ჰქონდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში, რითაც "ტიტებს" თამაშის შემობრუნების შანსს არ აძლევდა. უკანა ხაზში დამაჯერებლად ირჯებოდნენ კახა ჯინჭარაძე, დევიონ ტერნერი, კორი ჰოლდენი და რევაზ როგავა, ხოლო ფარქვეშ აკიეან ფრედერიკი დომინირებდა. ბოლო პერიოდის წინ "ოლიმპი" 13 ქულით ლიდერობდა და შეხვედრა ისე ჩაამათავრა, მე-5 გამარჯვებისკენ მის წარმატებულ სვლას საფრთხე არ დამუქრებია.


საბოლოოდ ოლიმპელებმა 15 ქულით იმარჯვეს, რაშიც ლომის წილი 15 ქულითა და 13 მოხსნით აკიეან ფრედერიმა დაიდო. 13 ქულა ჰქონდა კორი ჰოლდენს, ხოლო დევიონ ტერნერისა და კახა ჯინჭარაძის ანგარიშზე 10-10 ქულა დაგროვდა. "ტიტებში"17 ქულითა და 11 მოხსნით ტრისტინ უოლე გამოირჩა, თეიმურაზ ბაბუნაშვილმა კი  14 ქულა მიითვალა.


სატურნირო ცხრილი