ქართული საკალათბურთო ლეგიონის ამბები
ქართული საკალათბურთო ლეგიონის ამბები
02.12.2019
ავტორი: ი.პ.

დუდა სანაძე

 

დუდა სანაძის ოლივეირენშემ სამდღიანი პერიოდის განმავლობაში პორტუგალიის ჩემპიონატის ორ ლიდერთან ითამაშა და ორივე შემთხვევაში მარცხი განიცადა.


შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელის გუნდმა ნოემბრის მიწურულს პორტუსთან 71:81 წააგო, დღეს კი, ლისაბონში სპორტინგს დაუპირისპირდა, პირველ მეოთხედში 9:27 განადგურდა და საბოლოო წარმატების შანსი არ ჰქონია - 70:94.


სანაძემ მოედანზე 29:17 წუთი გაატარა და 14 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველმა ლეგიონერმა 4-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.


ოლივეირენშეს ათ ტურში 7 მოგება შერჩა და სატურნირო ცხრილში სწორედ ხსენებულ პორტუს და სპორტინგს ჩამორჩება, მომდევნო მატჩს კი, 8 დეკემბერს, შინ ილიაბუმთან ჩაატარებს.



გიორგი შერმადინი


ნავსიანი დღე ჰქონდა გიორგი შერმადინის "ტენერიფე იბეროსტარსაც". ქართველი ცენტრის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში კატალონიაში ბარსელონას შეხვდა და ისე წააგო, შანსი არ ჰქონია - 71:103.


შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 23:12 წუთში 8 ქულა, 9 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა.


გიორგიმ 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.


ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 12-ს გაუტოლდა და ის სტუმართა რიგებში მხოლოდ ბრაზილიელ მარსელინიო უერტასს (13) ჩამორჩა, რომელმაც 10 ქულას 5 პასი წაამატა.


ტენერიფელებს 6 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე გადაინაცვლეს, მომდევნო მატჩს კი, 7 დეკემბერს, მურსიასთან ჩაატარებენ.




ბექა ბურჯანაძე


არმატებულ სეზონს ატარებს ბექა ბურჯანაძე და მისი "გრან კანარია". ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში კუნძულელებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს. "გრან კანარიამ" "ფუენლაბრადას" უმასპინძლა და დამაჯერებლად - 102:78 დაამარცხა.


ერესოა, რომ პირველი ტაიმის მერე მასპინძლები 1 ქულით აგებდნენ, შესვენების შემდეგ კი, მათი უპირატესობა აშკარა გახდა და საბოლოოდ, 24 ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგითა სკამიდან ჩაერთო და 19:27 წუთში 8 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.


ბექამ 4-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ. ასანიშნავია ისიც, რომ ქართველი ფორვარდის მოედანზე ყოფნის პერიოდში, გრან კანარიამ მეტოქეზე 15 ქულით მეტი ჩააგდო.


კანარელთაგან მინიმუმ 7 ქულა ერთბაშად 9 კალათბურთელმა ჩააგდო, რაც კარგ გუნდურ თამაშზე მიუთითებს. ყველაზე შედეგიანი ჯონ შურნა იყო 18 ქულით.


გრან კანარია 6 მოგებითა და 5 მარცხით მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 7 დეკემბერს, მალაგაში, უნიკახასთან ჩაატარებს.


 

თორნიკე შენგელიას ბასკონია ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-11 ტურში ანდორას ესტუმრა და 15 ქულით, 82:97 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა მეტოქეს 9 ქულა ჩაუგდო.

თორნიკემ 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან ერთი სამქულიანი ჩაუგდო. მან ბურთი 4-ჯერ მოხსნა და ერთი გადაცემაც მიითვალა. მეტ ჯენინგმა ანდორას 12 ქულა ჩაუგდო. ბასკონიამ ჩემპიონატში მე-6 მატჩი წააგო. თორნიკეს გუნდი მე-11 ადგილზეა და მომდევნო ტურში ხუვენტუდ ბადალონას მასპინძლობს.