შერმადინი და ქართველები
შერმადინი და ქართველები
19.11.2019
ავტორი: ი.პ.

გიორგი შერმადინი


ზედიზედ მეორე, ფაქტობრივად წაგებული მატჩი შემოატრიალა გიორგი შერმადინის "ტენერიფემ". ესპანურმა გუნდმა სტუმრად ლატვიაში, "ვეფ რიგასთან" მეოთხე პერიოდი 26:9 მოიგო და საბოლოოდ 68:64 იმარჯვა.


რიგელები მესამე რაუნდის შემდეგ 55:42-ს იგებდნენ და დამაჯერებლადაც თამაშობდნენ, თუმცა "ტენერიფეს" კალათბურთელებმა თავისი კლასი მეოთხე რაუნდში გამოავლინეს და ჩემპიონთა ლიგაზე მეექვსე მატჩი მოიგეს.


შეგახსენებთ, რომ წინა ტურში ბოლო წუთზე ესპანელები სალინის სამქულიანებით გადაურჩნენ "გაზიანთეფთან" წაგებას.


"ვეფ რიგასთან" გიორგი შერმადინის მონაგარი 20 წუთში 8 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 6 მოხსნა, 3 პასი იყო. ტენერიფელთა გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა გაბრიელ ლუნდბერგმა, რომელიც 15 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა.

 

 

თორნიკე შენგელია

 

ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი ეფექტური მატჩი გამართა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც ფუენლაბრადასთან საშინაო მატჩში 26 ქულა ჩააგდო. თოკომ 16-დან 8 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი, 11-დან 7 საჯარიმო გამოიყენა. საბოლოოდ, 26 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი 35 წუთში მოაგროვა.


ცოტა არ იყოს, გასაკვირია - ესოდენ კარგი შემადგერნლობის "ბასკონიას" ბოლოდროინდელი წარუმატებლობა. ევროლიგაზე ბასკები ისრაელის "მაქაბისთან" შერცხვნენ, ამჯერად კი, ესპანეთის ჩემპიონატში ისევ შინ "ფუენლაბრადასთან" დამარცხდნენ - 80:92.


"ბასკონიას" შიდა ასპარეზზე 4 მოგება, 5 წაგება აქვს და ხუთ გუნდთან ერთად მეათე-მეთოთხმეტე ადგილებს ინაწილებს. შენგელიას გუნდს უახლოესი მატჩი ევროლიგაზე, 20 ნოემბერს შინ, ცსკა-სთან ელის.

სანდრო მამუკელაშვილი

სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლ პირატსმა" NCAA-ს მორიგ მატჩში სტუმრად „სენტ ლუის ბილიკენსს" დამაჯერებლად 83:66 სძლია, ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი კი შეხვედრის ბომბარდირთა შორის იყო.


ქართველმა ფორვარდმა 9-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. მამუკელაშვილი შედეგიანობის მხრივ მხოლოდ თანაგუნდელ მაილს პაუელს ჩამორჩა, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო.


სეტონ ჰოლს 3 მოგება და 1 მარცხი მოუგროვდა და ბიგ ისთის კონფერენციაში მეოთხე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო მატჩს კი 23 ნოემბერს, შინ, ფლორიდასთან ჩაატარებს.

 

დუდა სანაძე

 

ოლივეირენშემ პორტუგალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-7 ტურში მე-6 გამარჯვება იზეიმა. ქართველი ლეგიონერის კლუბმა სტუმრად ბარეირენსე 89:80 დაამარცხა, დუდა კი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28:51 წუთში 17 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა.


სანაძემ 9-დან 5 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 5-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ. აღსანიშნავია, რომ დუდა სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.


ოლივეირენშე პორტუგალიურ ლიგაში მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს და მხოლოდ ერთპიროვნულ ლიდერ პორტოს ჩამორჩება, მომდევნო მატჩს კი 23 ნოემბერს, შინ, მადეირასთან ჩაატარებს.

 


ბექა ბურჯანაძე


ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში მურსიას 85:79 სძლია, რაშიც თავისი წვლილი ქართველმა კალათბურთელმაც შეიტანა.


ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 10:09 წუთში 10 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. ბექამ 3-ვე ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.


გრან კანარიამ მე-5 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 24 ნოემბერს, სტუმრად, ერთპიროვნულ ლიდერ მადრიდის რეალთან ჩაატარებს.