გოლი გავიტანეთ...
გოლი გავიტანეთ...
19.11.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წელს გამოსვლა ხორვატიულ პულაში, მარცხით დაასრულა. მიმდინარე სეზონში ჩვენმა გუნდმა 10 შეხვედრა გამართა და მხოლოდ 2 მატჩში და ისიც გიბრალტართან გაიმარჯვა.  4 შეხვედრა ფრედ ითამაშა და 4-იც წააგო. საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა 10 გოლი გაიტანა, საკუთარში კი, 15 მიიღო. ჩვენმა გუნდმა, კარის შენახვა, მხოლოდ 2 მატჩში მოახერხა მშრალად. ეს არის მხოლოდ სტატისტიკა და ბუნებრივია, ამ ჩამონათვალში ევრო 2020-ის 8 საკვალიფიკაციო და ორიც ამხანაგური მატჩია ნაანგარიშები.


შესაძლოა, ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ ნაკრებს, რომელიც თითქოს, ცუდად არ თამაშობდა, მაგრამ აკლდა ბევრ შემთხვევაში გოლი, მთლიანად ერთ გარემოებაზე იყო გათვლილი - ჩვენ ძირითადი გათვლა და აქცენტები ერთა ლიგის „ორ დარჩენილ ნაბიჯზე" გავაკეთეთ. ამას აღნიშნავდნენ ფეხბურთელები მედიასთან კომენტარებში და ეს, არ დაუმალავს არც საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს, თუ უფრო ზევით მდგომთ. თუმცა, რამდენად სწორი იყო ეს გათვალ, 2020-ის მარტში გამოჩნდება.



პულაში, წლის ბოლო შეხვედრაშიც, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს გათვალა უფრო 2020 წლის მარტის თამაშებისთვის ჰქონდა, ვიდრე კონკრეტულად, ხორვატიის ეროვნული ნაკრებთან წარმატებული თამაშისთვის. ხორვატიას, რომელიც ლუკა მოდრიჩისა და ივან რაკიტიჩის გარეშე თამაშობდა, ვაისმა ის ფეხბურთელები ათამაშა, რომლებსაც მთელი სანაკრებო ციკლის დროს „სკამზე" უხდებოდათ ჯდომა და ნაკრებში სათამაშო პრაქტიკა აკლდათ. ბუნებრივია, ვაისის, ეს გათვალ სწორი იყო და თანაც, თვალნათლივ გამოჩნდა, წამყვანი ფეხბურთელების გარეშე, რა პრობლემების წინაშე შესაძლოა დაგდეს ეროვნული მარტის თამაშების წინ.  




პულაში, თავსხმა წვიმის ფონზე, ვლადიმირ ვაისის ნაკრებმა, ტრადიციულად ორი განსხვავებული ტაიმი ითამაშა. პირველი, შედარებით ძლიერი, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელებმა თამაშის გაკონტროლება მოახერხეს, შექმნეს რამდენიმე საგოლე მომენტი და 6 წუთში ორი გოლიც გავიტანეთ. თავდაპირველად გიორგი პაპუნაშვილმა მე-19 წუთზე გახსნა ანგარიში 0-1 და შემდეგ, 25-ე წუთზე, უკვე გურამ კაშიამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი (შეხვედრის სტატისტიკური მონაცემები) და ანგარიში გაათანაბრა, 1-1. პაპუნაშვილის გოლამდე, 100%-იანი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა ჯაბა ჯიღაურმა.  მეორე ტაიმში, საქართველოს ნაკრებმა, ტრადიციულად სხვა ფეხბურთი ითამაშა - განსხვავებული, თუმცა არა უკეთესად, ვიდრე პირველი. მეორე ტაიმის დაწებიდან 7 წუთში, მასპინძლებმა დაწინაურება მოახერხეს. გოლი 53-ე წუთზე ივან პერიშიჩმა გაიტანა. ამ მონაკვეთში, ქართველმა ფეხბურთელებმა ხორვატების კარის ჩარჩოსკენ, მხოლოდ მატჩს მიწურულს გაიხედეს, თუმცა სიზუსტე დააკლდათ, რიგ შემთხვევაში, კი საფეხბურთო იღბალი, მასპინძლების მხარეს იყო.




„საინტერესო ამხანაგური შეხვედრა გამოვიდა, მაღალი დონის მეტოქე გვყავდა. ხორვატიას ბევრი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშე ჰყავს, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს თამაშობენ. თამაში კარგად დავიწყეთ, გოლიც გავიტანეთ, თამაშსაც ვაკონტროლებდით, მაგრამ ორი გოლი გავუშვით და დავმარცხდით. მეორე ტაიმშიც გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ და ხორვატიამ 2-1 მოიგო. ვფიქრობ, რომ შეტევაში ცოტა გამოცდილება და ხარისხი დაგვაკლდა და ამიტომ დავმარცხდით", - ამბობს ვლადიმირ ვაისი თამაშის დასრულების შემდეგ.


შეტევაში ცოტა გამოცდილებასა და ხარისხთან ერთად, ჩვენი აზრით საქართველოს ნაკრებს. რომელმაც პირველი ტაიმი მოცემული შემადგენლობითაც კი კარგად დაწყო ოთარ კაკაბაძე დააკლდა, რომელიც მიღებული ტრავმის გამო 39-ე წუთზე შეცვალეს. ფაქტია, რომ დაცვაში, პრობლემები გვაქვს და ევრო 2020-ის მშრალი თამაშების დროს, დანიასთან და ირლანდიასთან, თუკი, ჩვენ გოლი არ გავუშვით, თავიდან ბოლომდე გიორგი ლორიას და არა დაცვის ხაზის მოთამაშეების დამსახურებაა.




იქნება თუ არა ვლადიმირ ვაისი, 2020 წლის „იმედის თამაშებზე" საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი (ამას იმიტომ ვწერთ, რომ ბოლო 4 შეხვედრის შემდეგ, ვაისი, ყველა პრეს-კონფერენციაზე, თავად უსვამს ამ გარემოებას ხაზს, თორემ ჩვენი აზრით, ციკლი - ერთა ლიგა, რომელიც ვაისმა წარმატებულად დაწყო, მანვე უნდა დაასრულოს) თუ არა, საქართველოს ნაკრებს ამ რგოლის გამართულ თამაშზე მოუწევს ფიქრი. ფაქტია, რომ ერთიც თუ ვარდება, ჩვენ პრობლემები გვაქვს.


ხორვატიასთან მატჩში, არ იყო ჯაბა კანკავა - ფეხბურთელი ტრავმირებულია. ჯერ, დანამდვილებით არავინ იცის, მისი ტრავმის ხარისხი. შესაბამისად, ჯაბას გამოჯანმრთელებას და ნაკრებში დაბრუნებას ვუსურვებთ, მაგრამ ჩვენი აზრით, სასწრაფოდ „მოსაძებნია" კაცი, რომელიც ჯაბას მსგავს „შავ სამუშაოს", მასსავით უნაკლოდ შეასრულებს. თანაც, შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს შესარჩევი ციკლის ბოლოს, გაიჟღერა აზრმა, ჯაბას კარიერის დასრულების შესახებ, ასე, რომ რა იქნება მარტისთვის, ჯერ კაცმა არ იცის.




გვინდა გოლი? დიახ ნამდვილად გვინდა, თუმცა ამისთვის კარში დარტყმაა საჭირო. სამწუხაროდ, მთელი შესარჩევი ციკლი (მათ შორის ამხანაგურები), სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და კარში არ დაგვირტყამს. ვერავინ დაგვაჯერებს, რომ ეს მწვრთნელის „დავალებაა", ასე, რომ აქ, უკვე თავად ფეხბურთელებს მოუწევთ ფიქრი, რა აქვთ უმოკლეს დროში გამოსასწორებელი. ჩვენი აზრით სითამამე გადაწყვეტილების მიღების მომენტში. ბუნებრივია, საუბარი არაა მათზე ვისაც სათამაშო პრაქტიკა აკლია.


და ბოლოს, ბოლო მატჩების წინ, ვლადიმირ ვაისმა ხაზი გაუსვა, რომ ნოემბრის შეხვედრები იქნებოდა სამზადისი მარტისთვის. შემადგენლობებსაც, რომლებსაც აღნიშნულ თამაშში მიეცემოდათ დრო, მარტის თამაშები წინ ერთგვარი ტესტი იქებოდა. ფაქტია, რომ ორივე თამაში წავაგეთ და მორიგ ჯერზე წრეზე დავტრიალდით. შესაბამისად, მარტის „იმედის თამაშებზე", რომელმაც წესით „ოცნებამდე" უნდა მიგვიყვანოს, საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს, კიდევ ბევრი ფიქრი და აწონ-დაწონა მოუწევს.

 

სფფ-ს ფოტოები / ლაშა კუპრაშვილი