ეროვნული კანკავას გარეშე ითამაშებს
ეროვნული კანკავას გარეშე ითამაშებს
18.11.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებით 19 ნოემბერს, პულაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ლუკა მოდრიჩი და ივან რაკიტიჩი არ ითამაშებენ. გუნდთან ერთად არ იქნება, არც იოზეფ ბრეკალო, რომელიც ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებთან შეუერთდა. იმავე მიზეზით, საქართველოს ნაკრებს ზუკა დავითაშვილი გამოაკლდა და მან დღეს 21-წლამდე ნაკრებთან ერთად, სლოვაკეთში ითამაშა. სხვა დანარჩენი კი, ვაისის გუნდში, სენტ გალენის შემდეგ, არაფერი შეცვლილა. თუ არ ჩავთვლით ჯაბა კანკავას, რომელმაც პულაში გამართულ ვარჯიშზე ფეხის ტრავმა მიიღო.


„ჩვენ, არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. ხორვატიას ძალიან კარგი ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავს. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მან ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა. საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში მარცხის შემდეგ, ხვალინდელ მატჩში კარგი და ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენება გვსურს. ვფიქრობ, რომ შვეიცარიის წინააღმდეგ მინიმუმ ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო. ხვალინდელ შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს განვახორციელებთ და შანსი ასევე მიეცემათ, იმ მოთამაშეებს, რომლებიც ამ შესარჩევ ეტაპზე სათადარიგოთა შორის იყვნენ", - აღნიშნა ვლადიმირ ვიასმა პულაში, ხორვატიასთან მატჩამდე გამართულ პრეს-კონფერენციაზე.


სლოვაკი მწვრთნელის განკარგულებაში არიან შემდეგი ფეხბურთელები -   მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი); მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი); ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი); თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი).




ვლადიმირ ვაისის გუნდმა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან ამხანაგურ შეხვედრამდე ბოლო ვარჯიში ქალაქ პულაში მდებარე საფეხბურთო კლუბ ისტრას სტადიონზე გამართა. საწვრთნელ პროცესში, რომელიც კვლავ ძლიერი წვიმის ფონზე წარიმართა, 22 ფეხბურთელმა ივარჯიშა.  


„პირველ რიგში, მსურს, რომ ხორვატიას ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მივულოცო. ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთმანეთს ევრო 2020-ზე შევხვდეთ. ამის შანსი მარტში მოგვეცემა, როდესაც ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს დავუპირისპირდებით. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს უნიკალური შანსი იქნება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად. ხვალ, წლის ბოლო შეხვედრას გავმართავთ, როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, ხორვატია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია და გვსურს, რომ ჩვენი ხარისხი და ხასიათი ვაჩვენოთ. იმედი მაქვს, რომ წელს წარმატებული თამაშით დავასრულებთ და გულშემატკივარს გავახარებთ", - აღნიშნა ვაკო გვილიამ პრეს-კონფერენციაზე.




სფფ-ს ოფიციალური გვერდი კი, ვარჯიშის დასრულების შემდეგ,  ლევან შენგელიასა და ოთარ კიტეიშვილის კომენტარებსა ავრცელებს.


„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მოვემზადოთ. ხორვატიის მატჩს სწორედ ბელარუსის წინააღმდეგ მოსამზადებლად გამოვიყენებთ, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ შეტევაში და დაცვაში კარგად ვიმოქმედოთ. ხორვატიის დონის ნაკრების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ", - ამბობს ლევან შენგელია.


„შვეიცარიის წინააღდეგ ძალიან დასანანი მარცხი განვიცადეთ. ვთვლი, რომ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა ერთ მომენტში შეუთანხმებელი თამაშის გამო გოლი მივიღეთ.  ხორვატიის წინააღმდეგ მარტის თამაშებამდე ბოლო მატჩს გავმართავთ. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მოსამზადებლად მაქსიმალურად გამოვიყენოთ", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.


პულაში, ხორვატიისა და საქართველოს ნაკრებთა ამხანაგური და ქართველი ფეხბურთელებისთვის წლის ბოლო მატჩი, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.



სფფ-ს ფოტოები / ლაშა კუპრაშვილი