მსაჯებმა საქართველოს ახალგაზრდული კიდევ დაჩაგრეს
მსაჯებმა საქართველოს ახალგაზრდული კიდევ დაჩაგრეს
18.11.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა მეორე თამაშში ზედიზედ, მსაჯების დახმარებით წააგო. ამჯერად სლოვაკეთთან. შესაძლოა, მსაჯობის მომენტზე არ ღირდეს ყურადღების გამახვილება, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა დონის, საკლუბო თუ სანაკრებო თამაშებზე, ქართული გუნდების მიმართ, ცალსახად სუბიექტურმა დამოკიდებულებამ, სისტემატური ხასიათი მიიღო ჩვენების სათამაშო ხარვეზებთან ერთად, მსაჯების „ცოდვებზე" უნდა გავბედოთ ლაპარაკის დაწყება.


სათამაშო ხარვეზები კი, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს დღესაც ჰქონდა - ბევრი წვრილმანი შეცდომა გადაცემებში, თავისუფალი ზონების „ვერ დანახვა", დაცვაში შეცდომები. ბუნებრივია, როდესაც ამას ყველაფერს, ალბანელი მსაჯების გადამეტებული სუბიექტურობაც დაემატა, საქმე გააკეთა. რეალურად, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს, რომელსაც საფრანგეთთან, ბოლო წუთებზე მსაჯის გამო წაგებული თამაში, დღესაც გამოყოლილი ჰქონდა, შეხვედრა საერთო ჯამში დაძაბულად ჩაატარა. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ლუკა ლოჩოშვილი გააძევეს მინდვრიდან. ამ მომენტისთვის, ანგარიში უკვე 1-1 იყო, თუმცა, მცირედ უპირატესობას ქართველი ფეხბურთელები ფლობდნენ.


მინდორზე, 10 მოთამაშით დარჩენილმა ქართველმა ახალგაზრდებმა, პირველი ტაიმის ბოლომდე გაძლეს. მეორე ნახევარში, კი 52-ე და 66-ე წუთებზე გაუშვეს გოლები და მასპინძლები ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. ამასთან ერთად, სლოვაკები უხეშობასაც არ ერიდებოდნენ, რადგან ზურგს „გამაგრებულად" გრძნობდნენ. თუმცა, საზღვარი ყველაფერს ჰქონდა, თანაც შეხვედრის 83-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა ალბანელმა მსაჯმა გაბედა და უკვე მერამდენე უხეშობისთვის, ვერ დავთვალეთ, პოკორნის მეორე ყვითელი ბარათი (შესაბამისად წითელში გადაზრდილი) უჩვენა და მინდორი დაატოვებინა. მას შემდეგ, რაც მოედანზე ფეხბურთელთა თანაბარი რაოდენობა დარჩა, ქართველებმა გოლის გატანა მოახერხეს და სათამაშო უპირატესობასაც დაეუფლნენ. თუმცა, აქ სავარაუდოდ სლოვაკების სათადარიგო გეგმა ამუშავდა და გვერდითა ხაზს მიღმა გადავარდნილ გიორგი კუციას, სლოვაკთა სათადარიგო სკამიდან ფიზიკურად შეეხნენ. ბუნებრივია, მომენტი, რეაქციის გარეშე არც ჩვენს სათადარიგო სკამმა დატოვა და სამწვრთნელო შტაბების შეხლა-შემოხლის შემდეგ, სლოვაკთა სკამიდან ერთი, ქართველებისგან კი, გიორგი ცეცაძე და ირაკლი მანია გააძევა ალბანელმა.


მეტად პრინციპული შეხვედრა, მასპინძელთა გამარჯვებით 3-2 დასრულდა. ქართველთაგან გოლები მატჩის დაწყებიდან მე-8 წუთზე გიორგი კუციამ და შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 8 წუთით ადრე ნუგზარ სპანდერაშვილმა გაიტანეს.


21-წლამდე ფეხბურთელთა ევრო 2021-ის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს ახლა, 5 თამაში რჩება ჩასატარებელი. აქედან, მხოლოდ ერთი გასვლა - ლიხტენშტეინთან. დანარჩენი, მათ შორის, პრინციპულ მეტოქეებთან. ბუნებრივია, დღევანდელი მარცხის შემეგ, გუნდში ნეგატიური განწყობაა, მაგრამ საქართველოს ნაკრებს ჯერ თეორიული და პრაქტიკული შანსიც მომდევნო ეტაპზე გასასვლელად აქვთ და ახლა, მთავარია ეს თავად გუნდმა ირწმუნოს. ზამთრის შესვენების შემდეგ, 26 მარტს ქართველი ახალგაზრდები, პირველ შეხვედრას, სწორედ სლოვაკების წინააღმდეგ, საქართველოში ჩაატარებენ. რევანშის აღებაში კი მათ, ქართველი ქომაგიც უნდა დაეხმაროს.