ოთხი ტურის შემდეგ სუპერლიგას თსუ ლიდერობს
ოთხი ტურის შემდეგ სუპერლიგას თსუ ლიდერობს
17.11.2019
ავტორი: კალათბურთის ფედერაციის ინფორმაცია

"რუსთავი" - "დინამო" 92-96


სუპერლიგის მე-6 ტური დღეს რუსთავში, ძალიან დაძაბული და საინტერესო მატჩით დაიწყო. ქვემო ქართლში სათამაშოდ "დინამო თბილისი" ჩავიდა, რომელიც მესამე პერიოდში 15 ქულით (48:63) აგებდა, ხოლო თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 80:90 ჩამორჩებოდა, თუმცა გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხა. სუპერლიგის 2 უცხოელი მწვრთნელის დუელში მაკედონიელმა მუჰამედ ტაჩიმ ბერძენ გეორგიოს კეცელიდისს აჯობა - დინამოელებმა 96:92 გაიმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერებს - თსუ-ს, ბათუმს და ვერას გაუთანაბრდნენ.


როგორც ანგარიშიდან ჩანს, მატჩი საკმაოდ უხვქულიანი გამოდგა. ამის მიზეზი უმთავრესად ის სამქულიანები იყო, რომლებიც ორივე გუნდის წევრებმა საკმაოდ ბლომად ჩააგდეს. სწორედ შორი სროლების წყალობით გაიჭრნენ რუსთაველები ბოლო პერიოდში წინ. ოთარ ფხაკაძემ 3 წუთის ინტერვალში 3 სამქულიანი ჩააგდო და რუსთაველები, რომლებსაც კომბინაციების გათამაშება არ გამოსდიოდათ, 8 ქულით დააწინაურა - 80:72.


თუმცა აღასანიშნავია, რომ დინამოელებიც არ ჩამორჩნენ მასპინძლებს: ნოდან გოგოძემ მესამე პერიოდში 4 სამქულიანი მიითვალა და რუსთაველთა 15-ქულიანი ლიდერობის გაბათილებაშიც მთავარი როლი შეასრულა. ყველაფერი ბოლო წუთზე გადაწყდა. "დინამოს" კალათბურთელებმა კლასიკური კალათბურთი ითამაშეს დაცვისა და შეტევების ჰარმონიული სინთეზით. რუსთაველებს გადაღლა დაეტყოთ, სტუმრები კი მეტი მონდომებითა და სიზუსტით მოქმედებდნენ - ბოლოსწინა წუთზე ანგარიში გაათანაბრეს და ბოლოზე - დაწინაურდნენ კიდეც. საკვანძო შეტევაში რუსთაველთა სერბ ლეგიონერ ნიკოლა ტადიჩს ბურთი ვოვა თავაქარაშვილმა ჩაუჭრა, ქვემოქართლელებმა ტაქტიკური ჯარიმა დროულად ვერ აიღეს და მატჩის დასრულებამდე 8 წამით ადრე ლუკა ბულაშვილი პერსონალურით შეაჩერეს. ბულაშვილმა ორივე საჯარიმო ჩააგდო, "დინამო" 4 ქულით დააწინაურა და მატჩის ბედიც გადაწყდა.


ბულაშვილი საუკეთესო გახდა - მის ანგარიშზე 22 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა დაგროვდა. 22 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა ტაილერ უილიამსს, რომელმაც მატჩის ბოლოსწინა წუთზე უმნიშვნელოვანესი სამქულიანი მიითვალა. სეზონის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა მაიზერ რევაზაშვილმა, რომელმაც 19 ქულა მოინაგრა. "რუსთავში" 24 ქულითა და 6 პასით საუკეთესო იყო ოთარ ფხაკაძე. 14 ქულა ილია ლონდარიძემ, 12 - აკაკი დვალიძვილმა, ხოლო 11 - საბა ლობჯანიძემ მოაგროვეს.


"ვერა"-"თსუ" 86-96


რუსთავში დაწყებული სუპერლიგის მე-6 ტური დღეს ოლიმპიურ სასახლეში გრძელდება. დღის პირველ მატჩში ერთმანეთს თბილისური გუნდები - "ვერა" და "თსუ" დაუპირისპირდნენ.  დაძაბული თამაშის გამარჯვებული შეხვედრის ბოლოს გამოვლინდა, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ გარდამტეხი მეორე პერიოდი იყო, რომელიც თსუ-მ 14 ქულიანი სხვაობით 14:28 მოიგო. საბოლოოდ, სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ანგარიშით 96:86 დაამარცხა სუპერლიგის დებიუტანტი "ვერა". 


ვერელები ყველანაირად ცდილობდნენ მეტოქესთან მიახლოებას და მეოთხე პერიოდში 6 ქულიანი სხვაობაც დააფიქსირეს, თუმცა თსუ-მ საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა და მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვა. 


თსუ-ს 23 ქულით რიკი მედისონმა ულიდერა, 20-20 ქულა კი გიორგი კორსანტიას და ჯორჯე მილოსავლევიჩის ანგარიშზე დაგროვა.  ვერას გუნდში 18 ქულით ვენდელ ლუისი გამოირჩა, რომელსაც ერთი ქულით ჩამორჩა ბრენდონ სლაი- 17 ქულა.


"ტიტები" - "ბათუმი" 67-87


სუპერლიგის მე-6 ტურის მესამე მატჩში ერთმანეთს "ტიტები" და "ბათუმი" დაუპირისპირდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე გუნდს აქამდე 3-3 მოგება ჰქონდა და ცხრილის ზედა ნახევარში იკავებდა ადგილს, მაყურებელი დაძაბულ ბრძოლას ელოდა. თუმცა, სტუმრებმა საკმაოდ იოლი გამარჯვება მოიპოვეს. თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ (18:18), ბათუმელებმა დარჩენილი სამი მეოთხედი მოიგეს და საბოლოოდ 20-ქულიანი სხვაობით - 87:67 დაამარცხეს მასპინძლები.


ამ მონაცემებით "ბათუმი" "თსუ-სთან" ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. სტუმრებიდან ბომბარდირი ნიკოლა ვუიოვიჩი გახდა, რომელმაც 21 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა, ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე 18 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა, 15 ქულა ჰქონდა კოლინ მალკოლმს, ხოლო 13 - ლევან მასხულიას. "ტიტებში" 18 ქულით ბესიკ ლეჟავა გამოირჩა. ტრისტინ უოლეს ანგარიშზე კი 15 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი დაგროვდა.


"ცხუმ-აფხაზეთი" - "მგზავრები" 77-75


სუპერლიგის მე-6 ტურის 16 ნოემბრის მატჩები დაძაბული შეხვედრით დასრულდა. "ცხუმ-აფხაზეთმა" და "მგზავრებმა" ერთმანეთს დიდი ჯახი გაუმართეს, რომელიც ზვიად ანთაძის გაწვრთნილ ცხუმელთა გამარჯვებით - 77:75 დასრულდა.


თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი "მგზავრები" 6 ქულით იგებდა და საბოლოო წარმატებამდე მცირედი აკლდა, რომელიც "ცხუმ-აფხაზეთის" მებრძოლმა კალათბურთელებმა არ დაანებეს. დეონტა ფრანკლინმა ორქულიანით და ვახტანგ გაფრინდაშვილმა ორქულიანს მოყოლილი ბონუს საჯარიმოთი ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. დასრულებამდე წუთნახევრით ადრე გაფრინდაშვილმა დამაწინაურებელი ბურთიც ჩააგდო - 72:71, რის შემდეგაც ცხუმელებმა ქებული დაცვით მეტოქის დაცვა ჩაშალეს და გაფრინდაშვილი ჯარიმით შეაჩერეს. ახალგაზრდა ცხუმელმა ორივე ჩააგდო, ანგარიში 75:72 გახადა და ფაქტობრივად მატჩის ბედი გადაწყვიტა. 


დარჩენილ წუთში "ცხუმ-აფხაზეთმა" ლიდერობა წარმატებით შეინარჩინა და საბოლოოდ 2 ქულის სხვაობით - 77:75 გაიმაჯვა. ცხუმელებს 15 ქულითა და 5-5 მოხსნა-პასით დეონტა ფრანკლინმა ულიდერა. 17 ქულა და 5 პასი კვან უოლერმა მიითვალა, გიორგი კვეტენაძის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. "მგზავრებში" 21 ქულით, 11 მოხსნით და 5 პასით საუკეთესო იყო ტაჯ სპენსერი, სოსო გოგნაძის ანგარიშზე კი 14 ქულა და 15 მოხსნა დაგროვდა. 


"კაკტუსი" - "ოლიმპი" 70-74


სუპერლიგის მე-6 ტური დასრულდა. დასკვნით მატჩში "კაკტუსმა" "ოლიმპს" ოლიმპიურ სასახლეში უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში - 70:74 დამარცხდა. დიმიტრი ჯაკობოვისა და დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპელებმა მიმდინარე სეზონი 2 მარცხით დაიწყეს, თუმცა შემდეგ მიჯრით 3 მატჩი მოიგეს და ლიდერთა სამეულს მიუახლოვდნენ. 


აღსანიშნავია, რომ "ოლიმპმა" შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში მოიგო, თუმცა პირველი ნახევრიდან გამომდინარე ამას ძნელად თუ იფიქრებდით. ჯაკობოვის გუნდმა მატჩი დამაჯერებლად დაიწყო და ქულას ქულაზე ითვლიდა: პერიმეტრიდან იქნებოდა თუ ფარქვეშიდან, "ოლიმპის" მოთამაშეები წარმატებით ირჯებოდნენ და პირველი პერიოდი ხომ 30:18 მოიგეს, მეორეში 15 ქულით - 38:23 დაწინაურდნენ.


"კაკტუსი" რომ მებრძოლი გუნდია, კიდევ ერთხელ გამოავლინა. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა ჩამორჩენის გაბათილებას მიჰყვეს ხელი და ეს მწყობრი დაცვის, სწრაფი შეტევისა და ზუსტად დაგვირგვინებული შეტევების შედეგად გამოუვიდათ. დიდ შესვენებამდე "კაკტუსმა" ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირა და მესამე პერიოდიდან მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერა.


ანგარიში გათანაბრდა და თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა. ასე მივიდა შეხვედრა ბოლო წუთამდე, როცა ქულით ჩამორჩენილმა "კაკატუსმა" შეტევა გააცუდა, ოლიმპელმა რევაზ როგავამ კი ორივე საჯარიმო ჩააგდო და როცა კაკტუსელთა შეტევაში მიხეილ ჭოჭუამ ბურთი დაკარგა, მატჩის ბედიც გაირკვა. "ოლიმპმა" 5-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და მიუწვდომელი გახდა. ჯაკობოვის გუნდმა საბოლოოდ 74:70 გაიმარჯვა და ცხრილში მე-4 ადგილზე გამაგრდა.


გამარჯვებულთაგან 11 ქულით, 12 მოხსნითა და 7 პასით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე. 23 ქულით ბომბარდირი გახდა აკიეან ფრედერიკი, ხოლო რევაზ როგავას ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა. 18 ქულით კაკტუსელთაგან საუკეთესო იყო მიხეილ ჭოჭუა, 17 ქულა კი ბრაიან უილიამსის ანგარიშზე დაგროვდა.


სუპერლიგის მე-7 ტურის მატჩები 22, 23 და 24 ნოემბერს - ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში გაიმართება.