გოლი უნდა გავიტანოთ
გოლი უნდა გავიტანოთ
16.11.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ნაკრებმა, შვეიცარიასთან მატჩი 4-4-2 სისტემით დაიწყო, წინ გიორგი ქვილითაია და ვაკო ყაზაიშვილით. თამაშის დასაწყისში, ალბათ, როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლების დიდ პრესინგი იგრძნობოდა. პირველი წუთებიდან, გიორგი ლორიას, ზედიზედ ორჯერ, კარის გადარჩენა მოუხდა. თუმცა, დაახლოებით 20-25 წუთის შემდეგ ქართველებმა თამაში გამოასწორეს და გიორგი ქვილითაიას დარტყმის შემდეგ, მასპინძლების კარი ძელმაც იხსნა.  შანსები და კვლავ გამოუყენებლები იყო მეორე ტაიმშიც. შანსები ჰქონდათ ოთარ კიტეიშვილს, ლევან შენგელიას... თუმცა, გოლის გატანა ნაკრებმა ვერ მოახერხა.




სამაგიეროდ, გოლი საქართველოს ნაკრების რამდენიმე ფაზიანი შეტევის შემდეგ, თამაშის დამთავრებამდე 13 წუთით ადრე, ჩვენს კარში, სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ გაიტანეს. ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა შეხვედრის მიწურულს ვაკო ყაზაიშვილს, თუმცა, შვეიცარიელთა მეკარემ კარის გადარჩენა მოახერხა.  შეხვედრამ მასპინძლების გამარჯვებით, 1-0 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტიურად შვეიცარიის ნაკრები, ევრო 2020-ის დასკვნით ეტაპზეა.




ამ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა აჩვენა კარგი თამაში, აჩვენა ხარისხი. ერთადერთი რაც ჩვენ დაგვაკლდა გოლი იყო. რთული სათქმელია, ღირს თუ არა თემის წამოწევა, მითუმეტეს, რომ ქართველთა მწვრთნელი, მსაჯების ქმედებების შეფასებებისგან თავს იკავებს, თუმცა, ისევე როგორც შვეიცარიასთან პირველ თამაშში, ახლაც მსაჯმა „საქმე გააკეთა". ჰოლანდიური ბრიგადა, ანალოგიური „დანაშაულის" შემთხვევაში აჯარიმებდა ქართველებს და ყვითელ ბარათებსაც არ იშურებდა. სამაგიეროდ, ვერ ხედავდა საპირისპიროდ მომხდარს. უფრო მეტი, საქართველოს ნაკრების „სასარგებლო" ჯარიმას ნიშნავდა, მომენტში, როცა ქართველთა გუნდი შეტევის ფაზაში იყო და ამით, რეალურად შეტევასაც შლიდა და თამაშის ტემპსაც აგდება. ფაქტია, რომ ასე თუ ისე, ამ მომენტებმა თამაშზე გავლენა იქონიეს. ფაქტია, ისიც, რომ საქართველოს ნაკრებს, კიდევ წლები დასჭირდება თამაშებში, მოწინააღმდეგე გუნდებთან ერთად, მსაჯების „დამარცხებაც". ყოველ წამში, მსაჯისკენ ხელის გაშვერა, არ არის სახარბიელო, თუმცა, ფაქტია, რომ რეიტინგებში, რადიკალურად შენს ზევით მდგომ გუნდებთან საქართველოს ჯერ არ სწყალობენ.




ასეა თუ ისე, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ჯგუფის ბოლო შეხვედრა, სენტ გალენ არენაზე 1-0 წავაგეთ და ჯგუფში, 8 ქულით დავასრულეთ გამოსვლა. ახლა, ყველა იმედი, „ოცნებამდე" ორ ნაბიჯს უკავშირდება.


***


ვლადიმირ ვაისი

ჩვენ დღევანდელი შეხვედრა, ცოტა ნერვიულობით დავიწყეთ. გაგვიჭირდა პირველი 20-25  წუთი. შვეიცარიის ნაკრებმა აჩვენა ხარისხი. მერე მოვუმატეთ და ვეცადეთ შეტევა. უფრო გავხსენით თამაში და შევეცადეთ, მეტი გაგვეკეთებინა.  მეორე ტაიმში, გუნდი უკეთესად იყო., მაგრამ დავუშვით ერთი  შეცდომა უკან და გავუშვით უიღბლო გოლი.


რთულია, ისეთი დაცვის წინააღმდეგ რაიმე განაწყო, როგორიც შვეიცარიას ჰყავს, თუმცა ჩვენ ვეცადეთ და გვქონდა მომენტები, მაგრამ უნდა დავიწყოთ გატანა. ეს ვთქვი გუშინაც. თუ არ გაიტან გოლს, წარმატება არ გექნება. ეს არის ჩვენი პრობლემა. უნდა ვიყოთ უფრო აგრესიულები. კარგი შანსები გვქონდა მეორე ტაიმში. მაგალითად, შენგელიას მომენტი, რომელიც პენალტის ტოლფასი იყო. ვაკო ყაზაიშვილის შესანიშნავი სოლო.




მინდა ჩემს გუნდას ვუთხრა კომპლიმენტი, რადგან მეორე ტაიმი, ნამდვილად უკეთესი იყო. თამაშის და კომპაქტურობის მხრივ. ვაჩვენეთ კარგი თამაში დაცვაში და თავდასხმაში. იყო გუნდში სტაბილურობა. ჯაბა კანკავა შესანიშნავი მოთამაშეა ჩვენთვის. კარგად გამოიყურებოდა შენგელია. 18 წლის დავითაშვილიც კარგი იყო. იოლი არ არის დაიწყო თამაში შვეიცარიის წინააღმდეგ. ბუნებრივია, შედეგით არ ვარ კმაყოფილი, მაგრამ მაკმაყოფილებს ის ხარისხი, რაც ჩვენმა გუნდმა აჩვენა. ბიჭებმა 90 წუთის მანძილზე იმუშავეს. მაგრამ დავუშვით ერთი შეცდომა. არ ვიცი რა იქნებოდა გოლი, რომ პირველ 20 წუთში გაგვეშვა, მაგრამ ერთი სულელური შეცდომის გამო, თამაში წავაგეთ.


გულშემატკივარმა იხილა კარგი თამაში, ორივე მხრიდან კარგი ხარისხით. ჩვენ წავაგეთ ჯგუფის საუკეთესო გუნდთან. შვეიცარია თუკი მოიგებს  გიბრალტართან და მან უნდა მოიგოს,  გავა შემდგომ ეტაპზე. მინდა წარმატება და იღბალი ვუსურვო ვლადიმირს.


იყო თუ არა პროგრესი? მარტში მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს, დეკემბრის ბოლოს კონტრაქტი მიმთავრდება და მე ვიქნები თუ არა მწვრთნელი, მინდა საქართველოს ნაკრებს  წარმატება ვუსურვო.




ოთარ კიტეიშვილი


თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა და ეს ასეც იყო. შვეიცარიას, ძალიან კარგი გუნდი, მაღალი დონის ნაკრები ჰყავს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ კარგა ვითამაშეთ, ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით და არაფრით ჩამოვუვარდებოდით. ცოტა დაგვაკლდა. ალბათ, გარკვეულწილად,  გამართლებაც იყო, გამოცდილებაც იყო, მაგრამ ასე თუ ისე, ნორმალურად, დამაკმაყოფილებლად ვითამაშეთ. თუმცა, შედეგიც რომ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ შედეგი იქნება მარტში, რაც საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.




გიორგი ქვილითაია


დასანანი მარცხია, იმიტომ, რომ ვთვლი კარგად ვითამაშეთ. განსაკუთრებით მეორე ტაიმში.  შევექმენით მომენტები და მათი გამოყენება შეგვეძლო. ეს მომენტები, რომ გამოგვეყენებინა, თამაში, არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა. ალბათ, იღბალი და ცოტა გამოცდილებაც დაგვაკლდა. წარმატებულ თამაშად ვერ ჩავთვლით წაგებულ თამაშს, თუმცა, მგონია, რომ გამოჩნდა დადებითი მხარეებიც ჩვენი ნაკრების. რაც უარყოფითი იყო კიდევ, მათ გამოსწორებას ვეცდებით მარტისთვის. თუმცა, მარტამდე, ჯერ ხორვატიასთან თამაშია და მერე უკვე მარტი.





ზუკა დავითაშვილი


კარგი თამაში გამოვიდა, შევაჯამოთ მთლიანად. თავიდან ცოტა ცუდად დავიწყეთ. უკან ვთამაშობდით ძალიან. დაბნეულები ვიყავით, მაგრამ, ეს თამაში მეორე ტაიმში გამოვასწორეთ და ბევრი მომენტი შევქმენით. გვქონდა სახიფათო მომენტები, რომლებიც უნდა გამოგვეყენებინა და სასურველ შედეგსაც მივაღწევდით. დასანანია, რომ ამისთვის ძალიან ცოტა დაგვაკლდა. მარცხის არასდროს მართლდება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ალბათ, შემტევი ფეხბურთი ვითამაშეთ, რადგან შვეიცარიის ნაკრები ევროპის ათეულშია და ასეთ ნაკრებებთან თამაში რთულია.




გიორგი ლორია


მგონი კარგი თამაში გამოგვივიდა, რადგან მომენტები შევქმენით კარგი. თუმცა, მათი რეალიზება ვერ მოვახერხეთ. ერთ მომენტში ძელმა იხსნა შვეიცარია, მეორეში ჩვენ დაგვაკლდა სიზუსტე. კარგად ითამაშა მეკარემ. ორმხრივი გახსნილი თამაში იყო, ორივე კართან მომენტებით. საერთო ჯამში დასანანია, რომ წავაგეთ, რადგან ახლოს ვიყავით დადებით შედეგთან. დღეს, მათ უფრო გაუმართლათ. შვეიცარიის ნაკრები, მაღალი კლასისი გუნდია, და რა თქმა უნდა, შექმნა მომენტები, რომ შეეძლო გოლის გატანა. ახლა უკვე ხორვატიასთან თამაშზე ვიწყებთ ფიქრს. ხორვატიის ნაკრების დონის გუნდთან თამაში საინტერესო უნდა იყოს.




გურამ კაშია


შემიძლია ვთქვა, რომ ახალმა ფეხბურთელებმა ძალიან დადებითი თამაში აჩვენეს და ვფიქრობ, ისინი მარტის თამაშებში გამოგვადგებიან. გვაქვს პროგრესი და ადრინდელთან შედარებით, უკეთეს ფეხბურთს ვთამაშობთ. სწორ გზაზე ვართ და რა თქმა უნდა, მარტის თამაში, ის 2 თამაშში წარმატების იმედი მაქვს. თუ, მარტში ისეთი თამაშის ხარისხი ვაჩვენეთ, როგორც დღეს, აუცილებლად, შედეგიც გვექნება. ცოტა გვაკლია, გოლი უნდა გავიტანოთ.


***

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ხვალ დილით ხორვატიაში გაემგზავრება, სადაც 19 ნოემბერს, პულაში, ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

 







სპეციალურად სენტ გალენიდან, შვეიცარია.