8 და 9 ნოემბერს სუპერლიგის ტური გაიმართა
8 და 9 ნოემბერს სუპერლიგის ტური გაიმართა
09.11.2019
ავტორი: კალათბურთის ფედერაციის ინფორმაცია

თსუ - "კაკტუსი" 75-78


სუპერლიგის მე-5 ტური დაძაბული მატჩით დასრულდა. გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ერთ-ერთ აუტსაიდერ "კაკტუსს" შეხვდა და ბოლო წუთებზე გამოჩენილი უყურადღებობის გამო წააგო. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-მ ჩემპიონატი ზედიზედ 3 მოგებით დაიწყო, თუმცა შემდეგ "ოლიმპთან" დამარცხდა, დღეს კი ამ ტურამდე მხოლოდ 1 მოგების მქონე "კაკტუსთანაც" წააგო.


არადა, თსუ თითქმის მთელი თამაში იგებდა. ბოლო პერიოდში უნივერსიტეტელთა ლიდერობა 10 ქულას ასცდა - 68:57, რის შემდეგაც კაკტუსელთა ჯერიც დადგა. სავარაუდოდ, თსუ-ს მოთამაშეებმა ნაადრევად ჩათვალეს, რომ შეხვედრა მოგებული იყო და მოდუნდნენ. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა კი მაქსიმუმი გააკეთეს, ანგარიში გაათანაბრეს, დასვნით წუთზე მედგარი დაცვით თსუ-ელთა შეტევა ორჯერ მოიგერიეს, 4 ქულით გალიდერდნენ და მატჩის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტეს - 78:75.


გამარჯვებულთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო ბრაიან უილიამსი. ჯასტინ ევერეტმა კაკტუსელებს 15 ქულა და 11 მოხსნა მიაშველა, მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე კი 16 ქულა დაგროვდა. თსუ-ში 20 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო რიკი მედისონი, გიორგი კორსანტიამ 14 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა, სანდრო სანაძის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა.


მე-5 ტურის შემდეგ საინტერესო ვითარება შეიქმნა ცხრილში. 11-გუნდიან სუპერლიგაში 3 მოგებითა და 2 მარცხით 1-3 ადგილებს ვერა, ბათუმი და თსუ იყოფენ. დაკარგული ქულებით კი პირველობს ტიტები, რომელსაც 3 მოგება და 1 მარცხი აქვს


"მგზავრები" - "რუსთავი" 72-84


რუსთავის საკალათბურთო გუნდმა მიმდინარე სუპერლიგაში მე-2 მატჩი მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ქვემოქართლურ გუნდს ტრავმების გამო 3 გამოცდილი მოთამაშე - მერაბ ბოქოლიშვილი, გოგა ცეკვავა და გეგი ბაქრაძე აკლდა, გეორგიოს კეცელიდისის გაწვრთნილმა გუნდმა მაინც იმარჯვა. რუსთაველებს იმდენად დაბალანსებული და ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, რომ არსებული რესურსით ტრავმირებული მოთამაშეების არყოფნა არ შეიმჩნიეს და "მგზავრები", რომელმაც წინა ტურში "ტიტებს" სძლია, დამაჯერებელი სხვაობით - 84:72 დაამარცხეს. 


არადა, პირველ ნახევარში რუსთაველებს გვარიანად გაუჭირდათ. სანამ თამაშს დაალაგებდნენ, ქვემოქართლელები 11 ქულით აგებდნენ. მგზვრების მოთამაშეები სწრაფად და რაც მთავარია, ზუსტად თამაშობდნენ, რუსთაველები კი ვერაფრით ვერ დალაგდნენ და რამეს თუ არ შეცვლიდნენ, წაგება გარდაუვალი ჩანდა. დიდ შესვენებაზე გეორგიოს კეცელიდისმა და მისმა ასისტენტებმა - ანატოლი ბოისამ და მიხეილ ბერუაშვილმა გასახდელში შესაბამისი დავალებები მისცეს გუნდს, ტაქტიკა შეცვალეს და მოედანზე სულ სხვა "რუსთავი" დაბრუნდა.


ბურთის გათამაშება ოთო ფხაკაძემ ითავა, რომელიც კარგად პოულობდა პერიმეტრზე თანაგუნდელებს, რომლებსაც მიზანი იშვიათად ღალატობდათ და სტუმრებმა გარდამტეხი მესამე პერიოდი ჩაატარეს. ნიკოლა ტადიჩის, აკაკი ლომოურის და ზურა ვაშაკიძის სამქულიანებით, რასაც ილია ლონდარიძის შედეგიანი გარღვევა-სროლებიც ერთვოდა, ქვეოქართლელებმა 29:11 მოიგეს მე-3 ათწუთეული და ბოლო პერიოდის წინ 8 ქულით - 68:60 გალიდერდნენ.


"მგზავრების" მოთამაშეებმა იბრძოლეს, ჩამორჩენა რამდენჯერმე 3-4 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლეს. რუსთაველებმა დამაჯერებლად მიიყვანეს საქმე გამარჯვებამდე. ქვემოქართლურ გუნდში 18 ქულით ბომბარდირი ილია ლონდარიძე გახდა, ყველაზე სარგებლიანი კი საბა ლობჯანიძე იყო, რომელმაც 12 ქულა, 4 ჩაჭრა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. 13 ქულით დაასრულა შეხვედრა ნიკოლა ტადიჩმა, ოთო ფხაკაძის ანგარიშზე კი 11 ქულა და 4 პასი დაგროვდა. "მგზავრებში" 16 ქულა მიითვალა გიორგი ქავთარაძემ, 14 - დარელ ქომბსიმ, სოსო გოგნაძის ანგარიშზე კი 10 ქულა და 17 მოხსნა დაგროვდა.


"დინამო" - "ტიტები" 72-78


სუპერლიგის მე-5 ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს ლიდერთა შორის მყოფი გუნდები - დინამო და ტიტები დაუპირისპირდნენ. ორივე გუნდს ამ მატჩამდე თითო წაგება ჰქონდა და გამარჯვებული ცხრილში მოწინავე ადგილს ინარჩუნებდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომლის გამარჯვებული ბოლო წუთებამდე უცნობი იყო.


ორივე გუნდი საკმაოდ სწრაფად თამაშობდა, თუმცა ტექნიკური წუნისა და აცილებული ბურთების გამო ანგარიში ნელი ტემპით იზრდებოდა. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა საიმედო ლიდერობის მოპოვებას. პირველი პერიოდი დინამოელებმა 23:19 მოიგეს, ხოლო მეორე ათწუთეული ტიტების უპირატესობით 23:16 დასრულდა. თანაბარი თამაში მესამე პერიოდშიც გაგრძელდა და მოატანა გადამწყვეტმა ათწუთეულმა, რომლის დასაწყისშიც ლაშა-გიორგი გამყრელიძის გაწვრთნილი ტიტები 9 ქულით გალიდერდა, რაც გუნდური თამაშისა და გუნდის მსროლელის - ლუკ მეიერის დამსახურება გახლდათ. სამქულიანებისა და სწრაფი, შედეგიანი გარღვევების ხარჯზე მეიერმა ტიტებს ხელი ძალზედ წააშველა. აღნიშნულ მომენტში გამოსარჩევია ასევე თეიმურაზ ბაბუნაშვილის, რიჩარდ მათიაშვილისა და ახალგაზრდა ზაურ ჯანელიძის გონივრული გარჯა.


დინამოელებმა გუნდური თამაშის წყალობით შეხვერის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ჩამორჩენის 2 ქულამდე შემცირება შეძლეს, რა დროსაც გუნდის მწვრთნელი, მუჰამედ ტაჩი ერთ ეპიზოდში ნერვებს აჰყვა, მსაჯებიგან ზედიზედ 2 ტექნიკური დაიმსახურა და თამაში დატოვა. დარჩენილ დროში ტიტებს აღარ გასჭირვებიათ თამაშისსასურველ შედეგამდე მიყვანა და მიდინარე სუპერლიგაში მე-3 გამარჯვება მოიპოვეს.


"ტიტებში" 26 ქულით საუკეთესო იყო ლუკ მეიერი. 18 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა ტრისტინ უოლეს ანგარიშზე, დემიელ უილიამსი კი გამარჯვებულებს 10 ქულა მიაშველა. დინამოში 16 ქულით ბომბარდირი გახდა ტაილერ უილიამსი, 13 ქულა ლუკა ბულაშილმა მოაგროვა, ხოლო სედრიკ ქაუნსილის ანგარიშზე 11-11 ქულა-მოხსნა დაგროვდა.


"ქუთაისი" - "ცხუმ-აფხაზეთი" 63-74


სუპერლიგის მე-5 ტური დღეს რეგიონებში დაიწყო. ქუთაისსა და ბათუმში მიმდინარე სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა, რომლებიც საინტერესო შედეგებით დასრულდა. "ქუთაისმა", რომელმაც წინა ტურში სტუმრად "რუსთავი" დაამარცხა, მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ "ცხუმ-აფხაზეთს" უმასპინძლა და 63:74 დამარცხდა, ხოლო ბათუმში ძალიან დაძაბულ და ოვერტაიმიან ბრძოლაში ადგილობრივმა გუნდმა "ვერას" სძლია.


ქუთაისში საკვანძო გამოდგა მეორე პერიოდი, რომელიც ცხუმელებმა 21:11 მოიგეს და თამაშზე კონტროლი დაამყარეს. დიდი შესვენების შემდეგ ზვიად ანთაძის გაწვრთნილმა ცხუმელებმა წარმატებული თამაში განაგრძეს და ათწუთეული კვლავ 10 ქულის სხვაობით - 18:8 მოიგეს, რის შემდეგაც 16-ქულიან უპირატესობას მიაღწიეს და ფაქტობრვად მატჩის ბედიც გადაწყვიტეს. ბოლო პერიოდში ქუთაისელებმა მეტოქეს აჯობეს, მაგრამ არსებული სოლიდური ჩამორჩენა მხოლოდ შეამცირეს. საბოლოოდ "ცხუმ-აფხაზეთმა" 11 ქულით იმარჯვა და მოგებ-წაგებები 2-2-ზე გაითანაბრა.


ცხუმელებს 20 ქულით კვამ უოლერმა ულიდერა. 11-11 ქულა დააგროვეს დეონტა ფრანკლინმა და ჯასტინ ბოგლიმ. ქუთაისელთაგან 23 ქულით საუკეთესო იყო ჯეიმზ მილიკენი, ხოლო შონ რაუნდთრიმ შეხვედრა 15 ქულით დაასრულა.


"ბათუმი" - "ვერა" 82-79


ბათუმში გამართულ მატჩში ოვერტაიმი დაფიქსირდა. აჭარულმა გუნდმა "ვერას" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 45 წუთის თავზე 82:79 დაამარცხა. საკმაოდ დაძაბულ და თანაბარ ბრძოლაში გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდა. დამატებით ხუთწუთეულში კი გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ბათუმელებმა იძალეს და გამარჯვებამდე მივიდნენ.


ბათუმელებს 21 ქულითა და 12 მოხსნით  კოლინ მალკოლმმა ულიდერა. 26 ქულა და 7 მოხსნა ნიკოლა ვუიოვიჩის ანგარიშზე დაგროვდა. ვერელთაგან 18 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ვახტანგ ქადარია, ხოლო ბრენდონ სლაიმ თავი 21 ქულას მოუყარა