ხუთი იპონით ოქროს მედალი!
ხუთი იპონით ოქროს მედალი!
17.10.2019
ავტორი: თ.ჯ.

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონია. მართალია, ჯერ მხოლოდ ახალგაზრდებს შორის, თუმცა, ამ სპორტსმენის პროგრესითა და მიზანდასახულობით თუ ვიმსჯელებთ, ტიტულების მოპოვება, მას ძირითად ასაკშიც შეეძლება.


ეთერი პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მოახერხა. ძიუდოს სამყაროში უკვე დაიწყეს ლაპარაკი, რომ ქალი ლიპარტელიანი, ისეთივე წარმატებული ძიუდოისტი შესაძლოა გახდეს, როგორც ვაჟთა შორის -100 კგ-ში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანი.


ამჯერად კი, ქართველმა ძიუდოისტმა ქალმა, მაროკოში მიმდინარე ახალგაზრდულ ჩემპიონატზე -57კგ კატეგორიაში 5 ბრძოლა იპონით მოიგო. მათ შორის ფინალური დაპირისპირება იაპონელს კანაკო ჰაკამატასთან, რომელსაც მსგავს ტურნირზე დებიუტი ჰქონდა.




„ბრძოლა კატის და თაგვის თამაშივით დაიწყო. ორივე სპორტსმენი ცდილობდა სხვადსხვა მიმართულებით ეცადა ბრძოლის წაყვანას. თუმცა, ლიპარტელიანმა ძალიან მალე ამ თავსატეხის გასაღები მოძებნა და ჰაკამატა ულამაზესი იპონით ზურგზე დასცა. ამ გამარჯვების გარდა, აღსანიშნავია, რომ ეთერ ლიპარტელიანის მაგალითზე, კარგად გამოჩნდა, რომ საქართველოში ძლიერი მამაკაცი სპორტსმენების გარდა, ძლიერ ქალ სპორტსმენების გაზრდაზეც მუშაობენ" - ეს არის ამონარიდი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პუბლიკაციიდან, რომელშიც მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის დღის შესახებ არის მოთხრობილი. პუბლიკაციაში, ასევე ხაზგასმულია, რომ  საქართველოს ნაკრები დარჩენილი დღეების მანძილზე, სხვა გუნდების ყურადღების ცენტრში იქნება მოქცეული, რადგან ამ ქვეყნის გუნდს, გუნდურ ასპარეზობაშიც აქვს მაღალ საფეხურებზე მოხვედრის დიდი შანსებიო.


საქართველო რომელიც წლებია აჩვენებს, რომ „ძიუდოს ერია", ეთერ ლიპარტელიანის გამარჯვების შემდეგ, ამ მოსაზრებას უფრო შთამბეჭდავს ხდის. ამასთან, მსოფლიოს ძიუდოს ფედერაციაში, მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველი საასპარეზო დღეების შემდეგ, აღნიშნავენ, რომ მსოფლიო ძიუდოში, რაღაც ახალი ხდება და ეს მომავალი წლების წინ, საინტერესოდ დამაინტრიგებელია.  




მაროკოში, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი 16 ოქტომბერს დაიწყო და 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ქართველი სპორტსმენები დარჩენილი საასპარეზო დღეებში

18 ოქტომბერს  ქალებში 70კგ. წონით კატეგორიაში  მარიამ ჭანტურია იასპარეზებს. ამ დღეს, კაცებში -81კგ-ში ვლადიმერ ახალკაცი, ტატო გრიგალაშვილი, ხოლო -90კგ-ში  ლაშა ბექაური, მიხეილ ბექაური იასპარეზებენ.

19 ოქტომბერი - ქალებში  +78კგ- ში სალომე მაყიშვილი. ხოლო კაცებში -100კგ-ში ილია სულამანიძე და +100კგ.-ში გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი გამოვლენ.

20 ოქტომბერს მაროკოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი გუნდური შეჯიბრით დასრულდება.



IJF-ს ფოტოები