რატომ არ „დაიწყო“ კიტეიშვილმა
რატომ არ „დაიწყო“ კიტეიშვილმა
16.10.2019
ავტორი: თ.ჯ.

თბილისში, ირლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ  გამართული მატჩის შემდეგ, ვლადიმირ ვაისმა, კიდევ ერთხელ დააფიქსირებს, რომ ოთარ კიტეიშვილი, თამაშიდან თამაშამდე გუნდში, ანგარიშგასაწევი ფეხბურთელი ხდება და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ „კიტა"-ს გაყვანა მოუხდა თამაშიდან. თუმცა, ვაისმა იქვე აღნიშნა, რომ გიბრალტარში კიტეიშვილი გუნდთან ერთად წავიდოდა.


ალბათ, გახსოვთ, რომ ოთარ კიტეიშვილი, თბილისში, 12 ოქტომბერს, ირლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მატჩის დროს, მსუბუქად დაშავდა. კონკრეტულად კი, ფეხბურთელს კუნთი დაეჭიმა, თუმცა, მეორე დღიდან გუნდთან ერთად ვარჯიში გააგრძელა.


„ირლანდიასთან ყოველთვის გვიჭირს თამაში და ასე იყო, ამ შემთხვევაშიც. სამწუხაროა, რომ ის უარყოფითი ბალანსი ვერ დავარღვიეთ, მაგრამ საკმაოდ ნორმალურად ვითამაშეთ. ირლანდიაც არ არის ხელწამოსაკრავი მეტოქე. ასე, რომ იყოს, ტყუილად არ იქნებოდა ჯგუფის ლიდერი. შვეიცარიამაც და დანიამაც ვერ მოახერხეს ამ გუნდთან 3 ქულის აღება. თუმცა, თამაშიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მოგებას ჩვენ უფრო ვიმსახურებდით", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.


ძნელია, საქართველოში მოიძებნოს ფეხბურთის სპეციალისტი თუ გულშემატკივარი, რომელიც „დინამო თბილისის" ექს-კაპიტანის და გრაცის „შტურმის" ფეხბურთელის პროგრესს ვერ ხედავს. „კიტე", რომელიც ნაკრებიც და კლუბშიც ამტკიცებს, რომ ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში გიბრალტარში კი იყო წასული, თუმცა ევრო 2020-ის რიგით მე-7 საკვალიფიკაციო მატჩში ვაისმა, სრულიად გადახალისებული და ჩვენი გვერდის აზრით, ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ქართველთა თავკაცმა, არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ჩვენი ნაკრები მთავარ აქცენტს, სანატრელ ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე მოსახვედრად, ერთა ლიგის დარჩენილ 2 შეხვედრაზე აკეთებს. ევრო 2020-ის შესარჩევი და სხვა ყველა ამხანაგური შეხვედრა კი, ამ 2 თამაშისთვის მოსამზადებელი ეტაპია. შესაბამისად, სწორედ ამ თამაშებში გამოიკვეთება ის ბირთვი, რომელზეც უკვე 2020 წლის მარტში ვლადიმირ ვაისი (რადგან ვაისი, სწორედ ერთად ლიგის დასრულებამდე დარჩება გუნდში და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს) დაეყრდნობა.


„პირველ ტაიმში ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს და შეიძლება ითქვას, შეგვეძლო ამ შეხვედრის ბედის გადაწყვეტა და პირველ ტაიმშივე დიდი ანგარიშით მოგება. თუმცა, მეორე ტაიმში დავკარგეთ კონცენტრაცია. ხარაიშვილის მძიმე ტრავმამაც, რაღაც გარკვეული გავლენა იქონია თამაშის მსვლელობაზე. მეტოქემ თითქოს თამაში დაიწყო, 2 გოლის გატანა მოახერხა. ამან ჩვენში უფრო არევა გამოიწვია. თუმცა, შემდეგ, მოვახერხეთ მაინც ბოლოსკენ მობილიზება და საჭირო გამარჯვების მოპოვება. მიუხედავად ამისა, ეს გამარჯვება არ გვაძლევს დამშვიდების საბაბს, რადგან გიბრალტართან ცოტა უფრო სხვა ანგარიშით ვიგებდეთ" - ამბობს ოთარ კიტეიშვილი, რომელიც მოედანზე სწორედ, დაშავებული გიორგი ხარაიშვილის ნაცვლად შევიდა. 


გიბრალტართან მატჩში, ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებული გიორგი ხარაიშვილის ნაცვლად შემოვიდა. თავად მატჩი, რომელსაც პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ხარაიშვილისა და ჯაბა კანკავას გოლების წყალობით, 0-2-ს იგებდა, მეორე ნახევარში, ზუსტად 8 წუთში გათანაბრდა და ალბათ, რომ არა შეცვლაზე შემოსული გიორგი ქვილითაიას გოლი, გიბრალტარში დასანან ქულებს დავკარგავდით. ქართველთა გუნდმა 2-3 კი გაიმარჯვა, თუმცა, გიბრალტარში ნაჩვენები თამაშის ხარისხი, სერიოზულ ანალიზს და დასკვნების გამოტანას საჭიროებს.


2019 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრები კიდევ 2 შეხვედრას გამართავს. ერთს შვეიცარიაში, ევრო 2020-ის ბოლო საკვალიფიკაციო შეხვედრას 14 ნოემბერს და შემდეგ 19 ნოემბერს ამხანაგურს ხორვატიაში.


სფფ-ს ფოტო / ავტორი ლაშა კუპრაშვილი