ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე
ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე
14.09.2019
ავტორი: თ.ჯ.

ფინეთში, 12-15 სექტემბერს, გამართულ ძიუდოისტთა ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და რაღა თქმა უნდა, საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.


ქალაქ ვანტააში, საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრებმა ოქროს მედლები მოიპოვეს ყველა წონით კატეგორიაში, რომელშიც კი მონაწილეობდნენ. ასეთი კი, შვიდი წონითი კატეგორია იყო, საიდანაც ქართველმა ვაჟმა ძიუდოისტებმა ხუთში იასპარეზეს და ხუთივეში ოქროს მედლები აიღეს.


ფინეთში ევროპის ჩემპიონები გახდნენ: გიორგი თუთაშვილი (-66კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ლაშა ბექაური (-90კგ), ილია სულამანიძე (-100კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ).


კიდევ ერთი ოქროს მედალი საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57კგ) მოიპოვა, რომელიც ქართული ძიუდოს ისტორიაში ახალგაზრდებს შორის პირველი ევროპის ჩემპიონი ქალი ძიუდოისტია.


ვერცხლის მედალი -81კგ-ში ვლადიმერ ახალკაცმა დაისაკუთრა. ხოლო ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ: მარიამ ჭანტურია (-70კგ) და მიხეილ ბექაური (-90კგ).


აღსანიშნავია, რომ ევროპის ყველა ჩემპიონი ძიუდოს ფედერაციის პროგრამის „გამოწვევა 2020"-ის მონაწილეა.  საქართველოს ახალგაზრდული და ქალთა ნაკრების მწვრთნელები არიან ლაშა გუჯეჯიანი, გიგა ბოჭოიძე, გიორგი თენაძე, კახა მოცრაძე.