„ნიკე“ თუ „ლანჩხუთი“ - ეს დიდი ალბათობით 14 სექტემბერს გაირკვევა
„ნიკე“ თუ „ლანჩხუთი“ - ეს დიდი ალბათობით 14 სექტემბერს გაირკვევა
10.09.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ჩემპიონატი სექტემბრის ბოლოს დასრულდება. გუნდებს სათამაშო, მხოლოდ 2 ტური დარჩათ. ამ მომენტისთვის, 16 ტურის შემდეგ, გათამაშებას დაკარგული ქულების გარეშე თბილისის „ნიკე" ლიდერობს. მხოლოდ 3 ქულით ნაკლები აქვს „ლანჩხუთს". სწორედ, ამ გუნდების დაპირისპირება, მომდევნო, მე-17 ტურში იქნება, არა მხოლოდ ტურის, არამედ, გათამაშების ცენტრალური მატჩი, ვინაიდან, გამარჯვების შემთხვევაში „ნიკე" ერთი ტურით ადრე, ქვეყნის ჩემპიონობას გაინაღდებს. „ლანჩხუთი" კი, იმ შემთხვევაში, თუკი, 2-ბურთანი სხვაობით მოიგებს, „ნიკეს" ჩემპიონობისთვის უკვე, თანაბარი ქულებით შეეცილება და მიმდინარე ქალთა ლიგის გამარჯვებულიც, ოფიციალურად, მხოლოდ ბოლო, მე-18 ტურში გაირკვევა.




აქვე გეტყვით, რომ 16 ტურის შემდეგ, ბომბარდირთა დავას, 31 გატანილი გოლით, „ლანჩხუთის" ფეხბურთელი, თამრიკო სალუქვაძე ლიდერობს. დიდი ალბათობით, 2019 წლის გოლეადორიც სწორედ ის გახდება, ვინაიდან, მისმა უშუალო ორმა კონკურენტმა თბილისის „ნიკედან" ნინო პასიკაშვილმა და ნინო სუთიძემ, ჩემპიონატი ვადაზე ადრე დაასრულეს. ამ მომენტისთვის, სწორედ ნინო პასიკაშილს აქვს, სალუქვაძეზე 2 გოლით ნაკლები გატანილი.  






საინტერესოა, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე 2-3 ტურით ადრე, „ნიკეს" რიგები, პასიკაშვილისა და სუთიძის გარდა კლუბის ბელარუსმა  და თურქმა მეკარეებმა და ასევე ორმა თურქმა მოთამაშემ დატოვეს. თუმცა, კლუბმა უკრაინელი მეკარისა და ბელორუსი მცველის დამატება მაინც მოახერხა.


თითქმის ერთთვიანი შესვენების შემდეგ კი, 8 სექტემბერს ქალთა საფეხბურთო ლიგის გათამაშება სამი მატჩით განახლდა. ორი შეხვედრა ამ მომენტისთვის, გაურკვეველი ვადით არის გადადებული. მე-16 ტურში, თბილისსა და ლანჩხუთში, მორიგი 3-3 ქულა აიღეს გათამაშების ლიდერებმა.


თბილისში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე", ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ნიკემ" დიდი ანგარიშით 16-0 ჩხოროწყუს „სამეგრელო" დაამარცხა.  თბილისელთაგან, ამ დღეს, ყველაზე მეტი 4 გოლი გუნდის კაპიტანმა, ნათია დანელიამ გაიტანა. ნიკელთაგან ამ დღეს ჰეთ-თრიქის ავტორი გახდა მარიამ კომლაძე, ფეხბურთელი, რომელიც მთელი სეზონის მანძილზე ნიკელთა კარს იცავდა, თუმცა, ახალი მეკარის დამატების შემდეგ, გუნდის მწვრთნელმა გივი კვარაცხელიამ, კომლაძეს, რომელსაც 11-მეტრიანებით უკვე ჰქონდა გოლები გატანილი, მინდორში თამაშის უფლება მისცა. ერთდროულად სამმა - ლიზი მწყერაშვილმა, გვანცა ქადაგიშვილმა და ანასტასია ბოლქვაძემ, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა დუბლი შეასრულა. ამ უხვგოლიან მატჩში, თითო გოლი,  მაიკო ბებიამ, ანი აკობიძემ და0 მაია ხუციშვილიმა გაიტანეს.  





ლანჩხუთში, მიმდინარე გათამაშების მეორე ადგილზე მყოფმა „ლანჩხუთმა" მარტივად მოახერხა, საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის, ქუთაისის „მართვეს" დამარცხება, ანგარიშით 8-1.  ლანჩხუთელებიდან, 3-3 გოლი სალომე გასვიანმა და თამრიკო სალუქვაძემ, ხოლო 2 ირინა ხაბურზანიამ გაიტანეს. ქუთაისელებმა, ამ დღეს, მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს. მისი ავტორი თამთა შენგელია გახდა.


მე-16 ტურში გამართულ კიდევ ერთ შეხვედრაში, ბათუმის „დინამომ" სტუმრად, ახალციხეში „ზარზმას" დამარცხება 0-2 მოახერხა.  ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა და მათი ავტორები გვანცა დოლიძე და ლიზი დიასამიძე გახდნენ.


ქალთა ლიგის გათამაშების ბოლოს წინა ტური 14 სექტემბერს არის ჩანიშნული.


გათამაშების ცხრილი