მაქსიმუმიდან, უფრო მეტის ზღვარზე...
მაქსიმუმიდან, უფრო მეტის ზღვარზე...
08.09.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

როდესაც იცი შენი შესაძლებლობების რეალური ზღვარი, თავზე მაღლა გადახტომა არ უნდა იფიქრო. ამ შემთხვევაში ორი ვარიანტია, ან გაგიმართლებს, ან დაენარცხები - საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, კი ევრო 2020-ის შესარჩევი ჯგუფის შეხვედრაში, დანიის ნაკრების წინააღმდეგ, თავის შესაძლებლობების ზღვარზე გავლა მოუხდა და ვინ იცის, რამდენიმე მომენტში ფრანგი მსაჯების „დაუნახაობა" რომ არა, ცოტა იქნებ გაგვმართლებოდა კიდეც. თუმცა, იმის ილუზია, რომ მატჩამდე ქართველთა სამწვრთნელო შტაბს, „დინამო არენაზე" პირველ ნომრად თამაშზე ეფიქრა და 100%-იანი გამარჯვების ილუზია გვქონოდა, ალბათ, ცოტა უფრო არაპროფესიონალური იქნებოდა და უფრო ქართულ სუფრაზე, ყანწით ხელში წარმოთქმულ სადღეგრძელოს დაემსგავსებოდა.




„ვფიქრობ, რომ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, გულშემატკივარს კარგი თამაში შევთავაზეთ. ჩვენ ვაჩვენეთ ხარისხი და ხასიათი. დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ფეხბურთელებს და გულშემატკივარს, რომელიც შესანიშნავად გვამხნევებდა", - იტყვის მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისი.


8 სექტემბერს, „დინამო არენაზე" მატჩი, ორმხრივი შეტევებით წარიმართა და გატანილი გოლების გარეშე, მშრალად ფრედ, 0-0 დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გოლის გატანის რეალური შანსები, ისევე, როგორც რამდენიმე დღის წინ სტამბოლში, ახლაც ვაკო ყაზაიშვილს და თორნიკე ოქრიაშვილს ჰქონდათ. რამდენჯერმე დამაჯერებლად ითამაშა გიორგი ლორიამაც, ერთხელ კი, ჩვენი კარი ძელმა იხსნა.




„კარგი თამაში გამოვიდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. მოგება შეგვეძლო და რეალური საგოლე მომენტებიც გვქონდა. ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა, რომელსაც ჩემი აზრით ტოლი არაფერში დავუდეთ და თანაბრად ვეთამაშეთ. ბოლო პერიოდში ეს ჩვენს მიერ ჩატარებული ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო", - ამბობს თამაშის შემდეგ გიორგი ლორია.


სტუმართა გუნდი, რომელიც თბილისში ცოტა გადამეტებული ამბიციით და 3 ქულის წასაღებად ჩამოვიდა, მთელი მატჩის მანძილზე, მთელს სათამაშო მოედანზე ცდილობდნენ ქართველები პრესინგში ჰყოლოდათ. ცდილობდნენ, თამაში ჩვენს ნახევარზე ყოფილიყო და რაღაც მომენტებში ახერხებდნენ კიდევაც ამას. თუმცა, თავის მხრივ, ქართველებმა დანიელთა „ჯოკერის" - ერიქსენის ნეიტრალიზება, ასე თუ ისე მოახერხეს და ამით, რეალურად, იონ  დალ ტომასონის ჩანაფიქრი ჩაშალეს.




„ძალიან დაძაბული მატჩი იყო, რომელშიც გამარჯვება არცერთ გუნდს დაუმსახურებია. ფრე ლოგიკური შედეგი იყო. დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით. ჩემი სათამაშო პოზიციიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გოლის გატანა, ან საგოლე გადაცემის გაკეთება და მატჩის ბედის გადაწყვეტა, ბევრად ჩემზე იყო დამოკიდებული. თუმცა, მეტოქე ძლიერ პრესინგში მაყოლებდა", - ამბობს ერიქსენი თამაშის დასრულების შემდეგ.




ბუნებრივია, უმიზეზოდ არა, მაგრამ მაინც, ამბიციური დანიელები, თამაშის შემდეგაც აღნიშნავდნენ თომ თბილისში, უპირატესობის მისაღწევად დიდი დრო არ დასჭირვებიათ, თუმცა, ეს უპირატესობა საგოლე მომენტების პატარა შანსადაც კი არ გადაიზარდა. რეალურად, დანიელებმა საკუთარი აქტივისთვის დათვალეს 4 საგოლე მომეტი ლორიას კართან - თომას დელაინის, მარტინ ბრაითუაითის პირველ ტაიმში და მეორეში, კასპერ დოლბერგისა და კრისტიან გიტკიაერის დარტყმების შემდეგ, რამდენიმე კუთხური და საჯარიმო.


 „დანიის ნაკრები ძალიან გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, რომლის მიზანიც თბილისში გამარჯვების მიღწევა იყო. ჩვენ შევძელით და მათ, ეს მიზანი არ შევასრულებინეთ. სასიამოვნოა, რომ არ დავმარცხდით და ასეთი დონის მეტოქეს ქულა ავართვით. თუმცა, იმ მომენტების გათვალისწინებით, რომელიც შევქმენით, გამარჯვებაც შეგვეძლო. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ერთა ლიგის მოგებაა, ამ ამოცანის შესასრულებლად, მსგავსი ტიპის შეხვედრებში კარგი შედეგის დაფიქსირება მნიშვნელოვან გამოცდილებას მოგვცემს და ფსიქოლოგიურად უკეთ განგვაწყობს",  - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.




სხვათა შორის, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვლადიმირ ვაისი, ისევე, როგორც სტამბოლში, ხაზს გაუსვამს იმ გარემოებას, რომ დანიასთან მატჩშიც, ერთ-ერთი საუკეთესო ოთარ კიტეიშვილი იყო. მშობლიურ და მონატრებულ „დინამო არენაზე", გრაცის „შტურმის" ქართველმა, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში შეითავსა და ვაისის აზრით, დავალებას თავი შესანიშნავად გაართვა. შეხვედრის მერე, ფეხბურთელის შეფასებისას ვაისი იტყვის, რომ გუნდში, კიდევ 11 კიტეიშვილი, რომ ჰყავდეს კარგად ვიქნებოდიო.




„ტაქტიკურად ძალიან გამართული ფეხბურთი ვითამაშეთ. ყველა პოზიციაზე ფეხბურთელებმა თავისი მაქსიმუმი გააკეთეს და ბოლომდე დაიხარჯნენ, განსაკუთრებით წინა ხაზში. მიმდინარე შესარჩევი არასტაბილურად დავიწყეთ და სწორედ დანიასთან სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში ბევრი შეცდომა დავუშვით, როგორც ტაქტიკურად ისე პოზიციურად. დღევანდელ მატჩში ეს შეცდომები გამოვასწორეთ და დისციპლინირებული, სწორი ფეხბურთი ვაჩვენეთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ და პროგრესი გვაქვს. თამაშს, ფსიქოლოგიურად გამართულად და დალაგებულად შევხვდით. აგრესიულად ვითამაშეთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლეთ", - ამბობს გურამ კაშია.




დანიაში ჩატარებული ევრო 2020-ის მატჩი, ქართველებს, კიდევ დიდხანს, გველის ნაკბენივით გვემახსოვრება. ბუნებრივია, სახლში, საქართველოს ნაკრები უფრო თავდაჯერებულად გამოვიდა, მაგრამ დანიელებმაც დაცვაში თითქმის უშეცდომოდ იმოქმედეს და ჩვენ გამარჯვების შანსები შეგვიმცირეს.




„ვთვლი, რომ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. რთულ მეტოქესთან ქულის მოპოვება სასიხარულოა, თანაც იმ შედეგის შემდეგ, რაც დანიაში ვაჩვენეთ. რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა, მაგალითად ეპიზოდი, როცა 11-მეტრიანის შეიძლებოდა დაენიშნათ მსაჯებს. ასევე, ბოლო წუთზე დანიშნული საჯარიმო დარტყმაც კარგი შანსი იყო. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა სრული შემადგენლობით ვერ ვთამაშობთ და წამყვანი მოთამაშეები ტრავმირებულები არიან. იმედია, გუნდის ბირთვი მწყობრში მალე ჩაგდება და შემდეგ შეხვედრებს მთავარი მიზნისთვის შესათამაშებლად გამოვიყენებთ, ეს მიზანი კი ერთა ლიგაზე გამარჯვებაა", - ამბობს,  ოთარ კაკაბაძე.




ამ „ერთი მიზნისკენ" კი, ჩვენი მთავარი მეტოქე ბელარუსიის ნაკრებია, რომელთანაც ერთა ლიგის მატჩში, 2020 წლის მარტში, ბოლოს წინა ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევს ევროპისკენ. ამ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებს, საკუთარი მოედნის უპირატესობა გვაქვს. ფაქტია, რომ ახლა, სწორედ ის დროა დამდგარი, როცა ნაკრების გამოჯანმრთელებულ ფეხბურთელებთან ერთად, სამწვრთნელო შტაბმაც სწორი გათვლები უნდა გააკეთოს.




ევრო 2020 შესარჩევ ჯგუფში კი,  5 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვს და D ჯგუფში მეოთხე ადგილზეა. D ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელიც დღეს გაიმართა, შვეიცარია საკუთარ მოედანზე გიბრალტარს დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 4-0 დაამარცხა.


საქართველოს ეროვნული ნაკრები შესარჩევი ეტაპის მომდევნო და წლის ბოლო საშინაო  შეხვედრას თბილისში,  „დინამო არენაზე", 12 ოქტომბერს, ირლანდიის ეროვნულ ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.