დანიელები თბილისს „გატეხილში“ ტოვებენ
დანიელები თბილისს „გატეხილში“ ტოვებენ
08.09.2019
ავტორი: ნათია კოსტავა

„დინამო არენაზე" დღეს, ევროპის 2020-ის შესარჩევი ჯგუფის მორიგი კალენდარული მატჩი ჩატარდა. საქართველოსა და დანიის ნაკრებებს შორის შეხვედრა ფრედ, 0 -0 დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ორი განსხვავებული ტაიმი შემოგვთავაზა, თუმცა, საერთო ჯამში, შეხვედრა კარგად ჩაატარა და აქტივში, მეტად საჭირო ერთი ქულა ჩაიწერა.  

საქართველოსა და დანიის ეროვნული ნაკრებების მატჩის დასრულების შემდეგ, პირველი პრესკონფერენცია დანიელებმა გამართეს. 3 შეკითხვა ქართული და 5-იც დანიელების. ჯონ დალ ტომასონი გუშინდელი, მატჩისწინა პრესკონფერენციისგან განსხვავებით, აღარ იყო ენაწყლიანი. ის, დღევანდელი მატჩის შესახებ, მოკლედ და კონკრეტულად პასუხობდა.




„რთული თამაში გამოვიდა. საერთო ჯამში ისე მოვახერხეთ  თამაში, როგორც გვინდოდა. ერთი-ორი  რეალური მომენტი გვქონდა", - ამბობს, იონდალ ტომასონი


რაც შეეხება საქართველოს ნაკრების პროგრესს, ტომასონის თქმით ძალიან დიდი განსხვავებაა იმ დროინდელ საქართველოს ნაკრებს, რომლის წინააღმდეგაც თავად მოუხდა თამაში და დღევანდელს შორის. დანიელთა მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა, ისევე, როგორც წინა დღით პრესკონფერენციაზე, დღესაც აღნიშნა, რომ ყველა ნაკრები, მათ შორის საქართველოც განსხვავებულად თამაშობს გარეთ და სახლში. მისი გუნდის დღევანდელ მეტოქეს კი, კარგი ფეხბურთელები ჰყავს. თუმცა, მხოლოდ 1-2 საგოლე შანსი ქონდათ.



შედეგით კმაყოფილი იყო ჩვენი ნაკრების თავკაცი. ვლადიმირ ვაისის თქმით, დღევანდელი ფრე, ესპანეთთან მოგებულ თამაშს ერჩივნა. ესპანეთთან შეგახსენებთ, რომ ვაისის პირველი გამარჯვება იყო. ბოლო ორი დღეა კი, ქართული მედია და თავად, ვლადიმირ ვაისიც ფრაზას, „საქართველოს ნაკრების მომავალი მწვრთნელი"  (რომელიც უფრო ქართული მედიის არაკორექტული კითხვების პასუხად იყო გამოწვეული) ხშირად ახსენებდა. თუ რა მოვლენებთან არის ეს, ეს მწვრთნელის შეცვლა-დარჩენის საკითხი, ამ ეტაპზე ნათელი არაა. იმას, გარდა, რომ ვაისის, „ევროპამდე დარჩენილ ორი ნაბიჯამდე", ევროპის შესარჩევი ციკლის დარჩენილი შეხვედრების გარდა, კიდევ რჩება ორი მატჩი, ერთა ლიგის ტურნირიდან, რომელსაც ქართველთა მწვრთნელი დიდ იმედებს უკავშირებს.




დღევანდელ თამაშთან დაკავშირებით კი, ქართველთა მთავარი მწვრთნელი, მსოფლიო რეიტინგებში დანიელთა ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, შემდეგ შეფასებებს აკეთებს.


საუკეთესო მატჩი საქართველოში მოღვაწეობისას.

საუკეთესო შედეგი იყო ჩემთვის საქართველოს ნაკრებში ყოფნის პერიოდში. იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ესპანეთთან გამარჯვება. პირველ ტაიმში,  ბევრმა დიდი ხნის უთამაშებელმა  ფეხბურთელებმა ითამაშეს.

მეორე ტაიმში რამდენიმე შანსიც გვქონდა. დანია  ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მსოფლიოში, გამორჩეული  და ძლიერი ფეხბურთელებით, როგორიც მაგალითად ერიქსენია. შესაბამისად, ოპონენტი საკმაოდ რთული იყო. ფრე ჩვენთვის წარმატებაა. მადლობა ბიჭებს ამ შედეგისთვის.  მეორე ტაიმი არაჩვეულებრივი იყო.




აქტიური ფეხბურთის შემდეგ პირველი ყვითელი

ზოგადად ემოციური ვარ, ეს ჩემი სამუშაოს ნაწილიცაა და გუნდზეც აისახა მეორე ტაიმში. იყო რამდენიმე სადაო მომენტი. პენალტი არ იყო, თუმცა, რამდენიმე მომენტში არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს მსაჯებმა.  20 წლის კარიერის განმავლობაში პირველად მივიღე ყვითელი  ბარათი მსაჯისგან და ეს უცნაური გრძნობა იყო. მას შემდეგ, რაც საფეხბურთო კარიერას თავი დავანებე, როგორც ფეხბურთელმა, ყვითელი ბარათი რაღაც უცნაურადაც კი ჩანდა. თუმცა, თავი ისევ ფეხბურთელად ვიგრძენი და ამ მხრივ, ცოტა სასიამოვნოც კი იყო.




დააგვიანა თუ არა ცვლილებები და რატომ ეს ცვლილებები

დიახ, უნდა შემეცვალა ფეხბურთელები ნახევარდაცვაში. კიტეიშვილის და აბურჯანიას  თამაშით კმაყოფილი ვარ. კიტეიშვილმა და აბურჯანიამ აჩვენეს ხარისხი  და განვითარება. „კიტემ",  პროგრესი თუ გააგრძელა  მომავალ წელს  ავსტრიის ჩემპიონატისთვის უკვე ზედმეტად კარგი ფეხბურთელი იქნება და იმედია, მოახერხებს და წინ წაიწევს სხვა  ჩემპიონატებში. „აბუს", საკმაოდ რთული პერიოდი ჰქონდა „სევილიაში".  თუმცა, „ტვენტეში" მას გაეხსნა შესაძლებლობები. ძალიან კარგად აზროვნებს და ძალიან კარგი ბიჭია.  კვარაცხელია არ შევცვალე, რადგან ბიჭებმა აჩვენეს კარგი თამაში. განსაკუთრებით მეორე ტაიმში.

კარგად ითამაშა გრიგალავამ.  იგი რუსეთის ჩემპიონატში რეგულარულად თამაშობს და ძლიერი მოთამაშეა და ძალიან გვეხმარება. შეცვლებს რაც შეეხება, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო.  კარგი მწვრთნელი ასეთი თამაშის დროს არ ახორციელებს ცვლილებებს, მაშინ, როცა თვლის რომ ყველაფერი კარგად მიდის.

 



არაკორექტულ შეკითხვაზე, ღირსეული პასუხი - რატომ გვაკმაყოფილებს ფრე

ბუნებრივია ყველა გულშემატკივარს სურს გამარჯვება, თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინო მეტოქე გუნდი, მათი ხარისხი და შემადგენლობა.

გვილია საუკეთესო ფორმაშია, თუმცა როცა ტაქტიკა ავარჩიე და გადავწყვიტე, რომ კიტეიშვილს და აბურჯანიას უნდა ეთამაშათ, გვილიას ეს გადაწყვეტილება ავუხსენი და მან ეს მოსაზრება მიიღო. კიტეიშვილმა არაჩვეულებრივად ითამაშა შეტევაში. ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელია საქართველოს ნაკრებში. კონკურენცია არის მნიშვნელოვანი. ვთვლი, რომ გვილია უფრო 8 ნომრის პოზიციის ფეხბურთელია, ვიდრე 6 ნომრის. რაც შეეხება კვეკვესკირის დაბრუნებას, ჩვენნაირი გუნდებისთვის კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია, რომ მის პოზიციაზე კიტეიშვილმა თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა. თუ ვინ დარჩება მომდევნო თამაშში, ამას, კვეკვესკირის და სხვა მოთამაშეების  დაბრუნების შემდეგ გადავწყვეტ.



 


თამარ ჯიშკარიანის ფოტოები