„დინამო თბილისი“ საპასუხო მატჩს იმედიანად ხვდება
„დინამო თბილისი“ საპასუხო მატჩს იმედიანად ხვდება
14.08.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, 15 აგვისტო, „დინამო არენაზე" 38 წლის შემდეგ ძველი მეტოქეები, „დინამო თბილისი" და როტერდამის „ფეიენოორდი", უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ტრადიციულად გუნდებმა მატჩისწინა პრესკონფერენციები „დინამო არენაზე" გამართეს. აქვე ივარჯიშა როტერდამის „ფეიენოორდმა".  „დინამო თბილისმა" კი, მატჩისწინა ბოლო ვარჯიში, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართა.

 „თბილისის დინამოში" არსებული მდგომარეობა ჩემი საქმე ნამდვილად არ არის. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ამ გუნდში არსებულ ხარვეზებსა და სისუსტეებზე ისაუბრებს. ფაქტი ერთია: ეს კარგი, სწრაფი და შემტევი გუნდია, მაგრამ ცხადია გარკვეული მინუსები აქვს. ჩემმა გუნდმა ყველა ეს გარემოება უნდა გაითვალისწინოს და სათამაშო სქემა ამის მიხედვით ჩამოვაყალიბოთ. „დინამო" კარგად შევისწავლეთ, ჩვენი კლუბის წარმომადგენლები მათ მატჩებსაც დაესწრნენ. „დინამოს" სწრაფი თამაში უყვარს და მათ შემტევებს თავისუფალი სივრცეები არ უნდა მივცეთ. აგრესიულად უნდა ვითამაშოთ",- ამბობს  იაპ სტამი.




უკვე, როტერდამში, უეფა-ს ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩამდე ცნობილი იყო, რომ საპასუხო შეხვედრას თბილისში გულშემატკივარი არ დაესწრებოდა. როგორც ჩანს, მაყურებელს მიჩვეული ფეიენოორდელები, ხვალინდელ მატჩში ამ მომენტითაც აპირებენ სარგებლობას. მითუმეტეს, რომ კლუბს 200-მდე მათი თქმით ნეიტრალური გულშემატკივარი მაინც ჩამოყვა, რაც უეფა-ს წესებით დასაშვებია.

„ცხადია ის ფაქტი, რომ „ფეიენოორდს", თბილისში 2 წაგება აქვს და ეს, უნდა გავითვალისწინოთ. თუმცა, ჩვენ  ძველ სტატისტიკას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. მთავარი მიზანია, რომ „დინამოს" მეორე მატჩიც მოვუგოთ და შესაბამისად ცუდი სტატისტიკაც გამოვასწოროთ.  რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, როცა ასეთი სიდიდის მქონე სტადიონზე უმაყურებლოდ თამაში გიწევს, თუმცა ეს წამგებიან პოზიციაში პირველ რიგში დინამოს აყენებს", -  ამბობს ერიკ ბოტეგინმა




მატჩამდე, ბოლო ვარჯიში ჩაატარა „დინამო თბილისმაც". თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თბილისურმა კლუბმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. გუნდთან ერთად  იყვნენ აკო შულაია და ლევან კუტალიაც, თუმცა, ისინი ხვალინდელ შეხვედრას ისევე გამოტოვებენ. შულაია, როტერდამში მიღებული წითელი ბარათის, ხოლო კუტალია, 3 ყვითელი ბარათის გამო. დინამოელებთან ერთად არ უვარჯიშიათ დაფეს და კარიკარის. ფეხბურთელებს მცირე ტრავმები აწუხებთ.

„როტერდამში ნაჩვენები შედეგის მიუხედავად, ხვალინდელ თამაშს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯერ არაფერი დასრულებულა ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავიღებთ და იქნებ, ანგარიშის შემობრუნება და შემდეგ ეტაპზე გასვლაც შევძლოთ. პირველი მატჩის დროს 80 წუთი, მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე 1-0 ვაგებდით, გუნდმა კარგად ითამაშა. თუმცა, მაგრამ შემდეგ მოხდა ის, რაც შესაძლოა სეზონში ერთხელ მოხდეს: მნიშვნელოვანი მოთამაშის გაძევება, ჩვენს კარში დანიშნული პენალტი და ა.შ. ეს ყველაფერი უიღბლობაა.




წინასწარ არ მსურს კონკრეტულად იმ  გვარების დასახელება, რომლებიც ხვალ ითამაშებენ. ეს, მეტოქე გუნდს უპირატესობას მისცემს, მაგრამ ვიტყვი, რომ ძირითად შემადგენლობაში ის ფეხბურთელები იქნებიან, რომლებიც საუკეთესო ფორმაში არიან. ცხადია, მაყურებლის გარეშე თამაში ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვეცდებით, ეს ბარიერიც გადავლახოთ და ჩვენთვის სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ", - აღნიშნა ფელის ვისენტემ, „დინამო თბილისის" მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისისა" და როტერდამის „ფეიენოორდის" ხვალინდელი დაპირისპირება „დინამო არენაზე" 20:30 დაიწყება.  უეფა-ს სანქციის გამო, დინამოელები, ძალზედ მნიშვნელოვან შეხვედრას, მშობლიურ სტადიონზე მაყურებლის გარეშე ჩაატარებენ.