„დინამო თბილისი“ უეფა-ს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
„დინამო თბილისი“ უეფა-ს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
09.08.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

როტერდამიდან, თბილისში დაბრუნებისთანავე, საფეხბურთო კლუბის „დინამო თბილისის" ხელმძღვანელობამ უეფა-ს სადისციპლინო ჯგუფის მიერ 2019 წლის 8 აგვისტოს გამოტანილი გადაწყვეტილების შეჩერების შესახებ, შესაბამის სამსახურს თხოვნით მიმართა.


ვფიქრობ, რომ ადგილი აქვს გაუგებრობას. ჩვენ გამოვითხოვეთ და მივიღეთ დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა რომ, ის რაზეც უეფას დელეგატი მის რეპორტში წერს არ ყოფილა შენიშვნის მიზეზი მატჩის მსვლელობის დროს. ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ბანერი ფანებს გამოყენებული აქვთ არაერთხელ, სხვადასხვა ღონისძიებაზე და ამის შესახებ არანაირი შენიშვნა არც უეფა-საგან და არც სხვა საფეხბურთო ორგანოდან „დინამო თბილისს" არასდროს მიუღია.




მოგახსენებთ, რომ ბანერზე გამოსახულია რიცხვი 1988, რომელიც აღნიშნავს „დინამო თბილისის" ოფიციალური ფანკლუბის დაარსებისა და პირველი გასვლითი მატჩის (1988 წელს ვილნიუსში) თარიღს. უბრალოდ, დიდი შრიფტით წერია „88", ხოლო „19" პატარა შრიფტით" - აღნიშნა ზაზა დოლიძემ, კლუბის გენერალურმა დირექტორმა.


უეფა-ს გადაწყვეტილებით კი, იმ მიზეზით, რომ თბილისში, უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო მატჩის დროს, დინამოელთა ფან-სექტორზე გადმოფენილი ბანერებიდან ერთ-ერთი რასისტული შინაარსის იყო, კლუბს „ფეიენოორდთან" საპასუხო თამაში, მაყურებლის გარეშე ჩატარება დაევალა. ამას გარდა კლუბის ადმინისტრაციას, მითითებულ სექტორებზე ბანერის, #EqualGame"-ის გადაჭიმვა. ამასთან კლუბი 50 ათასი ევროთიც დაჯარიმდა საკუთარი გულშემატკივრის ქცევის გამო.


აღნიშნული გადაწყვეტილება, „დინამო თბილისის" მხრიდან, გასაჩივრდა შესაბამისი წესით და კლუბში, იმედს იტოვებენ, რომ უეფა გაითვალისწინებს „დინამო თბილისის" არგუმენტებს და მაყურებელს მისცემს შესაძლებლობას მხარი დაუჭიროს გუნდს. კლუბს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 5 დღე აქვს. იმ შემთხვევაში, თუკი "დინამო თბილისის" თხოვნა გაითვალისწინეს და  ისიც დროულად, ჩვენი გვერდისთვის ცნოვილია, რომ თბილისში, როტერდამიდან 1000-2000 ქომაგი აპირებს ჩამოსვლას.

 

 

თამარ ჯიშკარიანის ფოტოები