ლოკომოტივურად დაგეგმილი გამარჯვება
ლოკომოტივურად დაგეგმილი გამარჯვება
04.08.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეროვნული ლიგის 22-ე ტურის 2 დარჩენილი შეხვედრიდან ერთი 6 აგვისტოს, რუსთავში გაიმართება. „რუსთავი" - „ჩიხურას" მეტად პრინციპულ მატჩში დაუპირისპირდება. სოსო ფრუიძის გუნდი, სატურნირო ცხრილში მე-6 საფეხურზეა და თუკი, უნდა, რომ მომავალ სეზონზე ევროტურნირებზე კვლავ იასპარეზოს, მის „ჩიხურას" დარჩენილ ჩემპიონატში მაქსიმალურის გაკეთება მოუწევს. ბუნებრივია, არც „რუსთავი" იქნება გულხელდაკრეფილი, რადგან გუნდი, ამ მომენტისთვის, გათამაშების ცხრილში, საკმაოდ საშიშ ზონაშია.

3 და 4 აგვისტოს კი, ერთთვიანი შესვენების შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა და  22-ე ტურის 3  შეხვედრა გაიმართა.


„სიონი" - „ვიტ ჯორჯია" 1-0

22-ე  ტურის პირველ შეხვედრაში გათამაშების აუტსაიდერები „სიონი" და „ვიტ ჯორჯია" ერთმანეთს, ბოლნისში დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში, ერთადერთი გოლი, მეორე ტაიმში, 56-ე წუთზე რატი ცაცაკრიალაშვილის გადაცემით, დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა და „სიონს" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოაპოვებინა. ამ ტურის შემდეგ ბოლნისელებს 25 ქულა დააგროვეს და გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზე არიან. „ვიტ ჯორჯია" კი, 15 ქულით, ისევ ბოლო პოზიციაზეა.




„დინამო" ბთ - „დილა" 0-0

მშრალი ფრე დაფიქსირდა ბათუმში, მიმდინარე გათამაშების სტარტზევე ჩემპიონად მონათლულ ბათუმის „დინამოსა" და გორის „დილას" შორის, რომელიც წელს, საკმაოდ არასტაბილურად გამოიყურება. შეხვედრამ, რომელმაც 90 წუთს დამატებული კიდევ 7-8 წუთით მეტხანს გაგრძელდა, არც გამარჯვებული გამოავლინა და გოლიც არც ერთ კარში არ გასულა. სამაგიეროდ გიორგი ვადაჭკორიამ, ამ დღეს საერთო ჯამში 6 ყვითელი ბარათი აჩვენა, რაც მიმდინარე ტურში, ჯერ-ჯერობით რეკორდული მაჩვენებელია.




შეგახსენებთ, ამ გუნდების შეხვედრა მეორე წრეში გორში, „დილას" გამარჯვებით დასრულდა. შესაბამისად, ბათუმის „დინამოს" გორელებთანაც მცირე რევანში ჰქონდათ ასაღები და სატურნირო ცხრილში ადგილის გასაუმჯობესებლადაც, ქულების მაქსიმალური რაოდენობის მოპოვება ესაჭიროებოდათ. თუმცა, გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით, „დილამ" ანგისაზე გია გეგუჩაძის გუნდს, ამ სეზონში კიდევ ერთხელ წაართვა ქულები.


„ლოკომოტივი" - „დინამო თბილისი" 0-6


გეგმის მიხედვით, ჩაატარა 22-ე ტურის მატჩი თბილისის „ლოკომოტივმა" მიხეილ მესხზე. მიუხედავად, იმისა, რომ მისი მეტოქე „დინამო თბილისი" უეფა-ს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო თამაშებს ატარებს და უკვე სამშაბათს დილით, როტერდამში მიემგზავრება „ფეიენოორდის" წინააღმდეგ სათამაშოდ, „ლოკომოტივმა" თამაშის გადადებაზე უარი განაცხადა. მიზეზად კი, კლუბის არსებული გეგმა დაასახელა. რთული სათქმელია, იყო თუ არა, „ლოკოს" ხელმძრვანელობის გეგმებში 3 ქულის დაკარგვა, მაგრამ შეხვედრის ჩატარების თუ გადადებულის ჩატარების შემთხვევაშიც, ამ მომენტში, „დინამო თბილისს" აქვს იმის ფუფუნება, რომ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ძალები თანაბრად გადაანაწილოს. დღეს გამართული შეხვედრა კი მიხეილ მესხზე, დინამოელთათვის კარგი ვარჯიში გამოვიდა.




ამას გარდა, „დინამო თბილისმა" დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მე-8 თამაში მოიგო. ამას თუ, უეფა-ს ევროპა ლიგის 4 უგოლო მოგებულ შეხვედრასაც დავუმატებთ, თბილისელები 12 თამაშია არ აგებენ. თუმცა, დინამოელებს, ეს გარემოება მოდუნების საბაბს საერთოდ არ აძლევს. მითუმეტეს, რომ „ლოკომოტივთან" 22-ე ტურის მატჩში, 38-ე წუთამდე, დინამოელები, მასპინძლებმა ცოტა ანერვიულეს და ხოსე პერალესს სათამაშო „პრაქტიკა" შემატეს.




ანგარიში კი, თბილისურ დერბიში მე-3 წუთზე, ნიკა ნინუას მიერ შესრულებულ საჯარიმო დარტყმას მოჰყვა, 0-1. სხვათა შორის,  ნინუას მორიგმა საჯარიმო დარტყმამ 44-ე წუთზე დაასრულა პირველი ნახევარიც. თუმცა, ამ დროს, უკვე ანგარში 0-4 იყო დინამოელთა სასარგებლოდ.  „ლოკომოტივი", რომელსაც დღევანდელ თამაშამდე, 9-მატჩიანი წაუგებელი სერია (სწორედ „დინამო თბილისთან" 15 მაისს, გამარჯვების შემდეგ დაწყებული) ჰქონდა, სწორედ, „დინამო თბილისმა" შეაჩერა. 38-ე წუთზე, მას შემდეგ, რაც ყოფილი დინამოელის დემეტრე ბულისკერიას კარში, ლევან კუტალიამ მეორე გოლი გაიტანა, „ლოკომოტივმა" ფარ-ხმალი დაყარა და შეიძლება ითქვას, ბედს შეეგუა. ამჯერად, ნიკა ნინუას ჩამოწოდებულ კუთხურს, ლევან კუტალიამ, თავით ზუსტად მიუჩინა ადგილი, 0-2.




მთელი თამაშის მანძილზე, ლოკომოტიველთა ახალგაზრდა მწვრთნელი ლევან კორღალიძე გუნდს, მარცხენა ფლანგის ჩავარდნის გამოსწორებისკენ მიუთითებდა (ფლანგი, რომელზეც დინამოელთა გადასახედიდან ლევან შენგელია აქტიურობდა), თუმცა, მასპინძლებს, ყურადღება ისედაც შენგელიაზე ჰქონდათ გადატანილი და ამის გამო, საპირისპირო ფლანგიდან დაფე, გიორგი ქიმაძე და ნოდარ ქავთარაძე დინამოელთა შეტევებს, მასპინძლების საჯარიმოში უფრო მარტივად ამწვავებდნენ. მიუხედავად ამისა, „ლოკომოტიველთა" კარში სწორედ, ლევან შენგელიას შორეული დარტყმიდან დაიწყო, რომელიც ბულისკერიამ კი მოიგერია, მაგრამ დასწრებაზე ზუსტად ითამაშა ნოდარ ქავთარაძემ და 41-ე წუთზე „დინამომ", ანგარიში 3-მდე გაზარდა, 0-3.




არაფერი განსაკუთრებული არ შეცვლილა, მეორე ტაიმში, თუ არ ჩავთვლით, გუნდებში გაკეთებულ ცვლილებებს, სადაც ისევ დინამოელებს „გაუმართლათ". შეცვლაზე შემოსული 3 ფეხბურთელიდან, მატჩის ამ მონაკვეთში, ორმა, ჯერ აკაკი შულაიამ, 71-ე წუთზე, ლევან კუტალიას გადაცემით, ანგარიში კიდევ გაზარდა, 0-5, ხოლო, 77-ე წუთზე ნიკა ნინუას მიერ, საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთი, ბულისკერიას კარში, თავით, ამჯერად კვამე კარიკარიმ გადააგზავნა, 0-6.




22 ტურის შემდეგ, „დინამო თბილისი" 44 ქულით სატურნირო ცხრილს უდგას სათავეში და 4 ქულით უსწრებს „დინამო ბათუმსა" და „საბურთალოს". აქვე გეტყვით, რომ 22-ე ტურის შეხვედრა, „საბურთალოს"-„ტორპედოსთან" გადადებული აქვს.


სატურნირო ცხრილი

მომავალი ტურის კალენდარი


მასალაში გამოყენებულია "დინამო" ბათუმის და "სიონის" ფოტოები