ქართველმა 20-წლამდელებმა მოგებით დაიწყეს
ქართველმა 20-წლამდელებმა მოგებით დაიწყეს
12.07.2019
ავტორი: თ.ჯ.

საქართველოს კალათბურთის 20-წლამდელ ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდი კონტინენტის პირველობის B დივიზიონში ასპარეზობს და ტურნირის მონაწილე 21 ნაკრების მსგავსად, მიზნად საუკეთესო სამეულში მოხვედრა აქვს დასახული, რათა მომავალი სეზონისთვის ელიტარულ - A დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვოს.


საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ჰოლანდია იყო. გუნდი, რომელიც სპეციალისტების მიერ, ტურნირის უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა. თუმცა, ქართველებმა ნიდერლანდელებს დიდი ანგარიშით  85-73 მოუგეს.


საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიელებთან მატჩი უძლიერესად დაიწყო და პირველივე პერიოდის შემდეგ 15 ქულით - 31-16 დაწინაურდა. ჰოლანდიელებმა მეორე პერიოდში ქართველების შეჩერება მოახერხეს, თუმცა უპირატესობა ვერ მოიპოვეს. თამაში თანაბრად გაგრძელდა და შეხვედრის მე-16 წუთზე, დიდ შესვენებამდე 4 წუთით ადრე ლუკა მაზიაშვილის გარღვევის შემდეგ ქართველები 17 ქულით - 43-26 დაწინაურდნენ.


ამის შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად, ჰოლანდიელებმა  14-0 გაქცევა შეძლეს და მეორე პერიოდის ბოლო წუთზე ანგარიშში სხვაობა უკვე 3 ქულაღა იყო, 43-40 გახდა. თუმცა, ტაიმის დასრულებამდე, ამ 3 ქულას, ივანე მეგენეიშვილის 2-დან 1 ზუსტი საჯარიმოთ დაემატა და დიდ შესვენებაზე საქართველო 4-ქულიანი ლიდერობით გავიდა.


მესამე პერიოდში,  დაცვისა და შეტევაში გააზრებული გადაჯგუფების ხარჯზე, ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელებმა,  ჰოლანდიელებს სივრცეები შეუზღუდეს, თავად კი ხან შორიდან, ხან საშუალო მანძილიდან, ხანაც ზუსტი გარღვევებით კვლავ მოახერხეს ანგარიშში დაწინაურება და მესამე პერიოდი 15-ქულიანი სხვაობით,  64-49 მოიგეს. ამის შემდეგ, შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა, ქართველ კალათბურთელებს აღარ გასჭირვებიათ.


ჩვენს ნაკრებში ცოტნე ცარციძე, ლუკა მაზიაშვილი, ზურა ჟღენტი და რატი ანდრონიკაშვილი გამოირჩეოდნენ, თუმცა გამარჯვებაში მთელს გუნდს მიუძღვის წვლილი.

  • ცარციძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე ქართველთაგან ყველაზე მეტი - 34:29 წუთი გაატარა და ყველაზე ეფექტურიც იყო: 12 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა.
  • მაზიაშვილიც სათადარიგო იყო და 29:41 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ზურა ჟღენტმა 14 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა,
  • ანდრონიკაშვილის ანგარიშზე კი 26 ქულა (მატჩის ბომბარდირი), 8 პასი, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა დაგროვდა. რატის ეფექტურობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ექნებოდა, თუმცა ბურთი 12-ჯერ დაკარგა და ამის გამო ეს შემაჯამებელი მაჩვენებელი გვარიანად შეუმცირდა


მატჩის სტატისტიკა


ჩვენს ჯგუფში ესტონეთმა კოსოვო 86-37 გაანადგურა, შვედეთისა 149-26 დაამარცხა სომხეთის ახალგაზრდული ნაკრები, რომლებსაც ხვალ 13 ივლისს, ჩვენი კალათბურთელები შეხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება და მისი ხილვა ფიბა-ს წარმოდგენილ Youtube-ის ბმულზე იქნება შესაძლებელი.


ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი დღეს იწყება. ტურნირის მონაწილე 21 გუნდი 4 ჯგუფშია გადანაწილებული. ამ ჯგუფებს შორის, ერთადერთი 6-გუნდიანი ჯგუფია და სწორედ, ამ ჯგუფში საქართველო მოხვდა:


A ჯგუფი: უნგრეთი, ირლანდია, ისლანდია, ბელარუსი, რუსეთი

B ჯგუფი: ჩეხეთი, ალბანეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ფინეთი

C ჯგუფი: შვედეთი, კოსოვო, ჰოლანდია, საქართველო, სომხეთი, ესტონეთი

D ჯგუფი: პორტუგალია, ლუქსემბურგი, ბელგია, ჩრდილო მაკედონია, სლოვაკეთი


გათამაშების ფორმატის მიხედვით, თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა და ბრძოლას საუკეთესო სამეულში მოსახვედრად გააგრძელებს.  3 საუკეთესო გუნდი კი, ელიტარული, A დივიზიონის საგზურს მოიპოვებს. ის გუნდები, კი რომლებიც ჯგუფიდან გასვლას ვერ მოახერხებენ, 9-21 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო ეტაპში გააგრძელებენ ასპარეზობას.